Thumbnail

არ ვარ დარწმუნებული, რომ ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივარს მარჩელო ლიპის შესახებ ბევრი რამ სმენია. არადა ეს კაცი გვარდიოლას, მოურინიოს და ანჩელოტის ეპოქამდე მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყო. მის სახელს უკავშირდება იტალიური ფეხბურთის აღმავლობა წინა საუკუნის 90-იანებსა და ამ საუკუნის დასაწყისში - სწორედ ლიპიმ შექმნა ამ პერიოდის ყველაზე მრისხანე გუნდი იუვენტუსი და სწორედ მან მოაგებინა იტალიას ბოლო მსოფლიოს ჩემპიონობა 2006 წელს. ლეგენდარულ ალექს ფერგიუსონთან ერთად, მარჩელო ლიპი ამ თაობის ყველაზე დიდი მწვრთნელი იყო. თანამედროვე ფეხბურთმა ლიპისგან ბევრი რამ გადაიღო.

12 წელი მწვერვალზე

კარლო ანჩელოტი 20 წელზე მეტია, დიდ გუნდებში მუშაობს, ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერა უკვე 15 წელზე მეტს გრძელდება, მარჩელო ლიპის კარიერა დიდ გუნდებში კი დიდი მწვრთნელისთვის საკმაოდ ცოტა ხანს, 12 წლის მანძილზე გრძელდებოდა. მარჩელო ლიპი იუვენტუსში 1994 წელს მივიდა და 2006 წელს იტალიის მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად, დიდი ფეხბურთიდან, ფაქტობრივად, წავიდა. ამის შემდეგ იყო იტალიის ნაკრებში კიდევ ერთხელ დაბრუნება და ჩინეთში გატარებული რამდენიმე წელი, თუმცა, ლიპის, როგორც დიდი გუნდების მწვრთნელის კარიერა, იტალიის მუნდიალზე გამარჯვებასთან ერთად დასრულდა.

ამ 12 წლის განმავლობაში, ლიპიმ იუვენტუსში 6 სრული და 2 არასრული სეზონი გაატარა. ამ 6 წელიწადში იუვემ 5-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალი ითამაშა. არცერთ თანამედროვე მწვრთნელს არ აქვს მსგავსი შედეგი.

ამას დავუმატოთ მსოფლიოს ჩემპიონობა და ნათელი ხდება, რომ ამ 12 წლის მანძილზე, თუკი არ ჩავთვლით ჩავარდნილ სეზონს მილანის ინტერში (რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), ლიპის არ ჰქონია არათუ წარუმატებელი, არამედ საშუალო სეზონიც კი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ იმ წლების იტალიის ჩემპიონატი თანამედროვე სერია A-სგან ძალიან განსხვავდება და მისი მოგება ურთულესი ამოცანა იყო. ჩემპიონობაზე ერთდროულად 5-6 გუნდს ჰქონდა პრეტენზია, იტალიური კლუბები ევროსარბიელზე დომინირებდნენ და მათში მსოფლიოს ყველაზე დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ. ლიპის იუვესაც კონკურენციას კაპელოს ლეგენდარული მილანი და „ელ ფენომენო“ რონალდოს და ვიერის ინტერი უწევდნენ.

მაინც რა იყოს მარჩელო ლიპის წარმატების საიდუმლო? რატომ იგებდნენ მისი გუნდები?

დიდი მოტივატორი

მარჩელო ლიპი არ არის კლოპის, ან გვარდიოლას მსგავსად, იმ ტიპის მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის თამაშს ეტაპობრივად ავითარებს და ხვეწს. ლიპი მაინცადამაინც არც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობითა და მათი აღზრდის უნარით გამოირჩევა (გამონაკლისთა შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენოთ ალესანდრო დელ პიერო).

დელ პიერო ლიპის აღმოჩენა და მისი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო

პირიქით, ლიპი თავისი გუნდის ძალების მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენს და ძალიან მოკლე დროში მისი გუნდები ახერხებენ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენონ. მისი მიზანი გამარჯვებაა და არა თავისი ფეხბურთელების პროგრესი.

თანამედროვე მწვრთნელებთან პარალელს თუ გავავლებთ, მას ყველაზე მეტად მისი ერთგული მოწაფე და 90-იანებში ლიპის იუვეს უცვლელი წევრი ანტონიო კონტე ჰგავს, ანაც ჟოზე მოურინიო თავის საუკეთესო წლებში. ერთი განსხვავებით, ლიპი ყოველთვის იდეალურად აკონტროლებდა თავის ემოციებს, არასოდეს ერთვებოდა ღია კონფლიქტებში და მთელ საფეხბურთო სამყაროში ძალიან რესპექტაბელური იმიჯით გამოირჩეოდა.

ლიპი ყველაზე კარგად გუნდის არა ტექნიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მხარეებს ავითარებდა. ის ძალიან კარგი ფსიქოლოგი და მოტივატორი იყო. როდესაც ლიპი იუვენტუსში მივიდა, ტურინელებს უკვე 8 წელი არ ჰქონდათ სკუდეტო მოგებული. ეს არც არის გასაკვირი, იუვეს კონკურენტი ხომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი - არიგო საკის და ფაბიო კაპელოს მილანი იყო.

ამ მილანთან ვერაფერი გააწყო თვით იუვეს და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ჯოვანი ტრაპატონიმაც. ტრაპმა სამი წლის მანძილზე იუვესთან ერთად იტალიის ჩემპიონატი ვერ მოიგო - მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ჰყავდა იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი და სხვა ვარსკვლავები. ტრაპატონის ერთადერთ წარმატებად უეფას თასზე გამარჯვება დარჩა.

სწორედ ამ დროს მიიწვიეს მარჩელო ლიპი იუვენტუსში. ერთი შეხედვით, ეს დიდი რისკი იყო. მარჩელო ლიპის იუვემდე ძირითადად ქვედა ლიგებში ჰქონდა ნამუშევარი - ისეთ გუნდებში, როგორებიც მაგალითად, პისტოიეზე და პონტედერა არიან. სერია A-ში მან სულ რამდენიმე სეზონის ჩატარება მოასწრო და მის ერთადერთ ხელშესახებ წარმატებას ნაპოლის უეფას თასზე გაყვანა წარმოადგენდა. თუკი ამას დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ თავად ლიპიც, მისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე, საშუალო ფეხბურთელი იყო და პროვინციულ სამპდორიას არ გასცილებია, იუვეს ვარსკვლავებისთვის იგი დიდი ავტორიტეტი არ უნდა ყოფილიყო.

ამ რთული წინაპირობების მიუხედავად, ლიპიმ ძალიან სწრაფად მოახერხა გუნდის შეკვრა, მისი მოტივირება და პირველივე სეზონში მოიპოვა იტალიის ჩემპიონობა. იუვემ 34 თამაშში 73 ქულა მოაგროვა - მაშინ, როცა ტრაპატონისთან ერთად იუვეს მაქსიმუმი 66 ქულა იყო და ეს მაშინ, როცა ლიპის შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ შეუცვლია. ქულების ამ რაოდენობით იუვე ჩემპიონი წინა წლებშიც გახდებოდა - წინა 5 წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოახერხა ჩემპიონმა უფრო მეტის ქულის დაგროვება.

შენიშვნა: 1994 წლამდე მოგება 2 ქულას ნიშნავდა, ყველა შემთხვევაში ქულები დათვლილია თანამედროვე პრინციპით, როდესაც გამარჯვება 3 ქულას ნიშნავს.

იგივე მოხდა ლიპის იუვენტუსში მეორედ მისვლის დროსაც. ტურინელებმა 2002 წელსაც, ლიპისთან ერთად, პირველივე სეზონში დაიბრუნეს სკუდეტო, რომელსაც იქამდე ზედიზედ 3 წელი ვერ იგებდნენ.

მოტივირებულობა, ბრძოლისუნარიანობა, გუნდის ინტერესებისადმი ყველაფრის შეწირვა ლიპის გუნდების სახასიათო თვისება იყო.

მარჩელო ლიპი: "თუკი ვინმე ფიქრობს, რომ თავის პირად ინტერესებს გუნდზე მაღლა დააყენებს, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც შეიძლება ჩემს გუნდში დაუშვა. სწორედ ამიტომაც მე არ ვირჩევ ტექნიკურად საუკეთესო ფეხბურთელებს, მე ვირჩევ მოთამაშეებს, რომლებიც საუკეთესო გუნდს ქმნიან."

მისი ყველა გუნდი ძალიან ბევრს და ძალიან კარგად მოძრაობდა და ყოველთვის ჰყავდა ბრძოლისუნარიანი, ხისტი და მორბენალი ფეხბურთელები.

ლიპი ძალიან კარგი ფსიქოლოგი იყო და ახერხებდა, რომ რთული ხასიათის ფეხბურთელებიც კი გუნდის სისტემაში იდეალურად მოექცია. სწორედ ამიტომაც თამაშობდა მის გუნდში წლების მანძილზე მაგალითად, პაოლო მონტერო, როგორც მას უწოდებდნენ “მონტევიდეოელი ყასაბი”, რომელსაც 21 წითელი ბარათი აქვს მოგროვებული (შედარებისთვის, სერხიო რამოსს 23 წითელი აქვს). ლიპი მონტეროს ატალანტაში წვრთნიდა და იქიდან წაიყვანა ტურინში.

პაოლო მონტერო: “იუვე მთელ იტალიაში ეზიზღებათ, ეს მხოლოდ აძლიერებდა ჩემს სიყვარულს ამ კლუბისადმი. მე ვიცვამდი შავ-თეთრ ჯავშანს და მივდიოდი გუნდისთვის საომრად - იუვე ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, ასე იყო ყოველთვის.”

ლიპიმ ნაპოლიდან იუვეში წაიყვანა ლიდერის ხასიათით გამორჩეული ნეაპოლელი ჩირო ფერარა - ერთადერთი კაცი, რომელსაც მარადონა უსმენდა და ნეაპოლში, როგორც კლუბი, ასევე დიეგოს ოჯახი, მარადონას მოძებნას და მისი ღამეული თავგადასავლებიდან სახლში და ვარჯიშზე დაბრუნებას, სწორედ ფერარას ანდობდა.

შენიშვნა: თუ ტურინში მოხვდებით, გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო პიცერია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, „Pizza da Ciro, სწორედ ფერარას ეკუთვნის. ნეაპოლელებს იტალიაში სახელი აქვთ გავარდნილი, რომ საუკეთესო პიცას აკეთებენ და ფერარაც ტურინში პიცას სწორედ ნეაპოლურად ამზადებს.

წაიკითხე | წარსულში დარჩენილი ფეხბურთი - ჟოზეს რეგრესი

ლიპის გუნდში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდათ აგრესიული და რთული ხასიათით გამორჩეულ ედგარ დავიდსს, ზინედინ ზიდანს, ანტონიო კონტეს (იუვენტუსში) და ჯენარო გატუზოს (იტალიის ნაკრებში). რთული ხასიათის, მაგრამ ლიდერის თვისებებით გამორჩეულ მოთამაშეებთან ლიპი ძალიან კარგად აწყობდა ურთიერთობას.

შემთხვევითი არ არის, რომ მშვიდ და ჩაკეტილ, ინტროვერტ რობერტო ბაჯოსთან ლიპის ურთიერთობა არ გამოუვიდა - მან თავისი თაობის ყველაზე დიდი იტალიელი ჯერ იუვენტუსიდან გაუშვა, შემდეგ კი ინტერიდან და ისინი დღემდე არ არიან მეგობრები.

ლიპი ბაჯოსთან კონფლიქტზე: „ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ გამორჩეულ მოთამაშესთან მიმუშავია. მათ, როგორც ქარიზმატულ, ბუნებრივ ლიდერებს, ყოველთვის ვთხოვდი ხოლმე, რომ გუნდის მართვაში დამხმარებოდნენ. ასეთები იყვნენ ჩირო ფერარა, ჯანლუკა ვიალი, დიდიე დეშამი, ანჯელო პერუცი, ლორან ბლანი, კრისტიან ვიერი და სხვები. ბაჯოსთან ასეთი თხოვნა არასოდეს მქონია, რადგან მას ასეთ ფეხბურთელად არასოდეს მივიჩნევდი და ჩამოთვლილი მოთამაშეების გვერდით არ ვაყენებდი.“

ფეხბურთელების მოტივირებისთვის ლიპი ყველა ხერხს იყენებდა. მაგალითად, 2006 წლის მუნდიალზე, გერმანიასთან ნახევარფინალური მატჩის წინ, მან გერმანიაში მცხოვრებ იტალიელ ემიგრანტებს სპეციალურად შეახვედრა იტალიის სამხრეთში დაბადებული ფეხბურთელები - მათ შორის, ვინჩენცო იაკუინტა და ჯენარო გატუზო. საქმე ისაა, რომ იტალიელ ემიგრანტთა დიდი ნაწილი, ჩვეულებრივ, უფრო ღარიბი სამხრეთიდან არის ხოლმე. ემიგრანტებმა ფეხბურთელებს შესჩივლეს, რომ გერმანიაში მათ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აღიქვამდნენ და მათთვის გამარჯვება სთხოვეს. კალაბრიელი გატუზო იხსენებდა, რომ მისთვის ეს შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, ძალიან გაბრაზდა და მისთვის გერმანიასთან მატჩი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე მუნდიალის ფინალი. ლიპიმ კი მუნდიალის შემდეგ აღიარა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ გათვალა.

მარჩელო ლიპის საყვარელი ხერხი ფეხბურთელებისთვის გამოწვევების შექმნაა, რათა ამ ხერხით გუნდის მოტივირება მაქსიმალურად მოახდინოს. სწორედ ამიტომ ენდობა მყარი ფსიქიკის და ლიდერის ხასიათის მქონე ფეხბურთელებს, რომლებსაც სტრესულ სიტუაციებში თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეუძლიათ.

ალექს ფერგიუსონი: „ჩეს ფეხბურთელებს ლიპის იუვენტუსის თამაშებს ვაჩვენებდი და ვეუბნებოდი, ყურადღება არ მიაქციოთ ტექნიკას და ტაქტიკას - ეს ჩვენ უკვე გვაქვს, შეხედეთ, თუ როგორ უნდათ მათ თამაშის მოგება (desire to win), ეს უნდა ვისწავლოთ ჩვენ მათგან.“

არ არის შემთხვევითი, რომ მას იუვენტუსიდან წასვლა ორჯერვე შუა სეზონში, მაშინ მოუწია, როდესაც თავისი ფეხბურთელების მოტივირებას ვეღარ ახერხებდა და გასახდელის მხარდაჭერა დაკარგა. ასევე მოხდა ინტერის შემთხვევაშიც. ინტერში მწვრთნელები ხშირად იცვლებოდნენ, კლუბი ახალ ფეხბურთელებს ქაოტურად ყიდულობდა და ლიპიმ ვერ შეძლო, ჩამოეყალიბებინა ერთიანი ბირთვი, რომელიც გუნდში მისი დასაყრდენი იქნებოდა, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე გასახდელში. იუვენტუსში კი მას ყოველთვის ჰყავდა სულ მცირე 5-6 მოთამაშე მაინც, რომელიც ყოველთვის თამაშობდა და რომელთანაც მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ადამიანების მართვა - ის, რასაც თანამედროვე სამყაროში man managment ჰქვია, ყოველთვის ლიპის ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოადგენდა.

ერთი სქემის ბევრი ვერსია

მარჩელო ლიპი არასოდეს შედიოდა იმ მწვრთნელების რიცხვში, რომლებიც მხოლოდ ერთი, თავისი ფავორიტი ტაქტიკური სქემით თამაშობენ. ის ძალიან ფლექსიბელური მწვრთნელი იყო და მის გუნდებს შეეძლოთ ეთამაშათ, როგორც შემტევი და აგრესიული ფეხბურთი, ასევე დაცვაში გაეტარებინათ თამაშის დიდი ნაწილი.

10 ფეხბურთელს მის ტაქტიკაში ყოველთვის მყარი პოზიცია ეკავა. მას საბაზისო სქემა ჰქონდა, რისი მიხედვითაც აუცილებლად უნდა ჰყოლოდა 4 მცველი, სულ მცირე 3 ნახევარმცველი და 2 თავდამსხმელი. ჩვეულებრივ, მის გუნდებში ტაქტიკას იმ ერთი, მეთერთმეტე ფეხბურთელის, პოზიცია ცვლიდა. ის შეიძლება ყოფილიყო, მეოთხე ჩამშლელი ნახევარმცველი და მაშინ იუვე უფრო დაცვითი ხდებოდა, ან შეიძლება ყოფილიყო მესამე თავდამსხმელი და მაშინ იუვე უფრო შემტევი იყო, ანაც, შეიძლება ყოფილიყო ნედვედის ტიპის მოთამაშე, რომელიც ხაზებს შორის მოძრაობს და დაცვასაც ეხმარება და თავდასხმასაც.

1996 წელს იუვემ ჩემპიონთა ლიგა ისე მოიგო, რომ 4-3-3 სქემით და ერთდროულად სამი თავდამსხმელით (დელ პიერო, ვიალი, რავანელი) თამაშობდა. მომდევნო წელს გუნდში ზიდანი მოვიდა და ლიპიც 4-3-1-2-ზე გადაერთო, სადაც მცველებისა და ჩამშლელ ნახევარმცველების წინ ზიდანი, დელ პიერო და ერთი თავდამსხმელი (ბოკშიჩი, ვიერი ან უფრო მოგვიანებით ინძაგი თამაშობდნენ).

1997/98 წლების სეზონში იუვეს დავიდსი და ინძაგი დაემატნენ.

ასე ხდებოდა იტალიის ნაკრებშიც. 2006 წლის მუნდიალზე ლიპის ორი საბაზისო სქემა ჰქონდა უფრო შემტევი 4-3-1-2, როდესაც შემტევ სამეულს ტოტი, ტონი და დელ პიერო, ან ჯილარდინო ქმნიდნენ და უფრო ფრთხილი 4-4-2, როდესაც მესამე შემტევის ნაცვლად, ნახევარმცველი კამორანეზი თამაშობდა.

ორივე შემთხვევაში, როგორც იუვენტუსში, ასევე იტალიის ნაკრებში, ლიპი საბაზისო სქემას ირჩევს და შემდეგ ამ სქემას თამაშიდან თამაშამდე ცვლის ხოლმე - ტრავმების, ფეხბურთელების ფორმის და მოწინააღმდეგის მიხედვით. მაგალითად, მუნდიალზე იტალიამ ჩეხეთს 4-4-2 სქემით მოუგო, სულ რამდენიმე დღეში კი, ავსტრალიასთან ლიპი 4-3-3 სქემას ირჩევს. გადის რამდენიმე დღე და უკრაინასთან მეოთხედფინალის წინ ლიპი ისევ 4-4-2-ს უბრუნდება.

შემადგენლობის მუდმივი ცვლილება

თითქმის ყველა დიდი მწვრთნელი ცდილობს, რომ გუნდში ერთიან ბირთვს და ერთ სათამაშო სისტემას დაეყრდნოს. მხოლოდ ამ ხერხითაა შესაძლებელი გუნდისთვის სინქრონული და კომბინაციური თამაშის შექმნა. გვარდიოლა ბარსელონაში გატარებული 4 წლის მანძილზე ძირითადად ერთსა და იმავე 7-8 ფეხბურთელს ეყრდნობოდა, იგივე ხდებოდა მოურინიოს ჩელსის, ან ანჩელოტის მილანის შემთხვევაშიც.

სანაკრებო გუნდებშიც იგივე ტენდენციაა - არაგონესისა და დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრები 2008-2012 წლებში თითქმის ერთი და იმავე ტაქტიკით და ფეხბურთელებით თამაშობდა. წლების მანძილზე მხოლოდ მინიმალურად იცვლებოდა იოახიმ ლიოვის გერმანიის ნაკრების სათამაშო სისტემა და შემადგენლობა. მარჩელო ლიპი კი ამ მწვრთნელებისგან გამორჩეულია. იგი ძალიან ადვილად, თამაშიდან თამაშამდე ცვლიდა როგორც სათამაშო სისტემას, ასევე ფეხბურთელებს.

1995 წელს ლიპიმ გუნდიდან მხოლოდ 28 წლის რობერტო ბაჯო გაუშვა და იუვე ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიეროზე ააწყო. 1996 წლის ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ლიპი ერთდროულად შეელია იუვეს ლეგენდას ჯანლუკა ვიალის და ფაბრიციო რავანელის - ორ წამყვან თავდამსხმელს. ამ დროს რავანელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის ავტორი, მხოლოდ 28 წლის იყო. ასევე გუნდი დატოვა ძირითადის ცენტრალურმა ნახევარმცველმა პაულო სოუზამ და მცველმა პიეტრო ვერხოვედმა.

შემდეგ სეზონში მან ერთდროულად დაიმატა ზინედინ ზიდანი და ორი ახალი შემტევი - ალენ ბოკშიჩი და კრისტიან ვიერი, თუმცა, ერთი სეზონის შემდეგ ორივეს შეელია და გუნდში პიპო ინძაგი მიიყვანა.

ჩვეულებრივ, ის მწვრთნელებიც კი, რომლებსაც როტაცია უყვართ, თავს არიდებენ ცენტრალური მცველების შეცვლას. ლიპი ამ მხრივაც გამორჩეული იყო. მას გუნდში წლების მანძილზე, ფერარასთან და მონტეროსთან ერთად ჰყავდა მარკ იულიანო - იტალიის ნაკრების მცველი, რომელსაც ისე ხშირად ათამაშებდა, რომ შეუძლებელი იყო გადაჭრით თქმა, რომელი იყო ცენტრალური მცველების ძირითადი წყვილი. ასე, მაგალითად, 2002-2003 წლების სეზონში სერია A-ში ჩირო ფერარამ 22-ჯერ დაიწყო სასტარტოში შეხვედრა, პაოლო მონტერომ 19-ჯერ, მარკ იულიანომ - ასევე 19-ჯერ.

როტაცია და ფეხბურთელების ხშირი ცვლა ლიპისთვის მათი მოტივირების საშუალება იყო. როგორც აღვნიშნე, ლიპი არ არის იმ ტიპის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს და თავისი გუნდის თამაშს ეტაპობრივად ავითარებს. სწორედ ამიტომ (კლუბის ფინანსური მოტივების გარდა) შეელია იგი 1996 წელს გუნდის ლიდერებს - რავანელის და ვიალის.

2001 წელს იუვეში მეორედ მოსვლის წინ, გუნდიდან წავიდნენ ინძაგი და ზიდანი. ლიპი ყოველთვის ამჯობინებდა, რომ შედეგების მიღწევის შემდეგ, გუნდში ახალი, მოტივირებული მოთამაშეები მიეყვანა. ამავე მიზეზით წავიდა იგი 2006 წელს იტალიის ნაკრებიდან. მას აღარ სჯეროდა, რომ მუნდიალზე ტრიუმფის შემდეგ თავისი ფეხბურთელების მოტივირება კიდევ შეეძლო.

წაიკითხე | გვარდიოლას ეფექტი - პეპმა ყველაფერი დაანგრია

თამაშის პრინციპები - ვერტიკალური ფეხბურთი

ლიპი ცვლიდა ტაქტიკას და მოთამაშეებს, თუმცა არასოდეს ცვლიდა მისი საფეხბურთო ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს. სწორედ ამიტომაც, ფეხბურთელების ხშირი ცვლილების მიუხედავად, ლიპის გუნდები არასოდეს კარგავდნენ ორგანიზებულობას და სათამაშო დისციპლინას.

დაცვით ფაზაში მისი მთავარი იდეა მოედნის ცენტრის და საჯარიმოს მოთამაშეებით გადატვირთვა და მაქსიმალურად კომპაქტური განლაგება იყო. მოედნის ცენტრში ლიპის სულ მცირე 3 ჩამშლელი ნახევარმცველი ჰყავდა. როდესაც იგი 4-4-2-ით თამაშობდა, მაშინ მისი 4-ვე ნახევარმცველი ცენტრში იყო განლაგებული. აგრესიული, მოძრავი და მორბენალი ნახევარმცველები ლიპის გუნდში ყოველთვის იყვნენ - მის ხელში გაიარეს ანტონიო კონტემ, ვლადიმირ იუგოვიჩმა, ედგარ დავიდსმა, ანჯელო დი ლივიომ და სხვებმა. მსოფლიოს ჩემპიონიც ლიპი ისე გახდა, რომ მის ნახევარდაცვაში მუდამ ჰქონდათ ადგილი ჯენარო გატუზოს და სიმონე პეროტას.

ჩვეულებრივ, ორ ან სამ ასეთ მოთამაშესთან ერთად, ლიპის ყოველთვის ჰყავდა კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელიც უშუალოდ მცველების წინ იყო განლაგებული და შეტევის დაწყება ევალებოდა. წლების მანძილზე შეუცვლელი ლიპისთვის დიდიე დეშამი იყო, შემდეგ კი - ალესიო ტაკინარდი, ნაკრებში კი ამ როლს ანდრეა პირლო ითავსებდა.

ლიპისთვის უმთავრესი იყო, რომ მის გუნდს არ მიეღო შეტევა ცენტრიდან. ფლანგებზე მას ყოველთვის მხოლოდ 1 მოთამაშე ჰყავდა და სწორედ მას ევალებოდა მთელი ფლანგის კონტროლი. 90-იანებში ფლანგებს განაპირა მცველები ტორიჩელი და პესოტო აკონტროლებდნენ, იტალიის ნაკრებში - გროსო და ძამბროტა.

ლიპის მთავარი პრინციპი ფლანგების ხარჯზე ცენტრში მოთამაშეების რაოდენობის გაზრდა იყო. ფლანგებიდან შეტევის კი მის გუნდებს არასოდეს ეშინოდათ, რადგან ლიპი არჩევდა ფერარას და მონტეროს სტილის ფიზიკურად ძლიერ, ხისტ და აგრესიულ მცველებს, რომელთაც კომპაქტურ დაცვაში თამაში ეხერხებოდათ. ორივე მათგანი ნელია, თუმცა ძალიან კარგად თამაშობს თავით და ფლანგებიდან ჩაწოდებები მათთვის ნაკლებად სახიფათოა. იგივე ითქმის კანავარო-მატერაცის დუეტზე იტალიის ნაკრებში.

საჯარიმო გადატვირთულია და იუვეს არ ეშინია ჩაწოდების

ეს ლიპის მიერ დაყენებული დაცვის კლასიკური შემთხვევაა - იუვე ფლანგზე სივრცეს შეგნებულად ტოვებს და არც ფიქრობს, ხელი შეუშალოს ჩაწოდებას. პირიქით, აიძულებს მეტოქეს სწორედ ფლანგიდან შეუტიოს.  მთელი დაცვა საჯარიმოშია თავმოყრილი. იუვეს დაცვა კომპაქტურია, აქვს უპირატესობა მეორე სართულზე და შედეგად ჩაწოდებას საერთოდ არ უფრთხის.

იმ წლებში ძალიან ხშირად იყენებდნენ კლასიკურ 4-4-2-ს, როდესაც გუნდს ორი ცენტრალური და ორი ფლანგის ნახევარმცველი ჰყავდა. ამ ტაქტიკის წინააღმდეგ ლიპის გუნდებს ყოველთვის უპირატესობა ჰქონდათ მოედნის ცენტრში. ასე მოხდა, მაგალითად მანჩესტერთან 1996 წლის შეხვედრაში, როდესაც იუნაიტედს მოედნის ცენტრში მხოლოდ ორი ნახევარმცველი (ნიკი ბატი და როი კინი) ჰყავდა ლიპის დეშამი-იუგოვიჩი-დი ლივიო-ზიდანის ოთხეულის წინააღმდეგ.

შეტევაში, ლიპი მის ყველა გუნდში უარს ამბობდა ფლანგის შემტევების გამოყენებაზე და აქცენტს ვერტიკალურ შეტევაზე აკეთებდა. მარჩელოს ყოველთვის ჰყავდა გუნდში დიდი ფორვარდები - რავანელი, ვიერი, ბოკშიჩი, ტრეზეგე, ტონი - და მოძრავი, მორბენალი ნახევარმცველები, რომელთაც მოედნის სიღრმიდან ჩართვა შეუძლიათ - კონტე, ნედვედი, იუგოვიჩი, პეროტა.

ლიპისთვის ყველაზე სტანდარტული შეტევა მოედნის სიღრმიდან დიდ თავდამსხმელზე გაკეთებული გრძელი ან საშუალო ვერტიკალური გადაცემაა, რომელსაც ან თავდასხმელი ასრულებს, ან სიღრმიდან შეჭრილი ნახევარმცველი, რომელიც გრძელი გადაცემის დროს თავდამსხმელსა და ნახევარდაცვის შორის არსებულ სივრცეში იჭრება.

ლიპისთვის ამ სტანდარტულ კომბინაციას, მაგალითად, ორჯერ ვხედავთ, მონაკოსთან 1998 წელს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში. ვერტიკალური გადაცემა თავდამსხმელზე და დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზებს შორის სივრცეში ზიდანი იჭრება.

სტრუქტურულად იგივე კომბინაციის შედეგად გააქვს ანტონიო კონტეს გოლი 1995 წელს დორტმუნდის ბორუსიასთან გამართულ შეხვედრაში. ამ შემთხვევაშიც მთავარი მოედნის სიღრმიდან მოძრავი ნახევარმცველის ცარიელ სივრცეში ვერტიკალური ჩართვაა.

როგორც აღვნიშნე, დინამიური ნახევარმცველები (როგორც მაგალითად, კონტე ან იუგოვიჩი), რომელთაც უბურთოდ ბევრი მოძრაობა და ვერტიკალური მანევრით მეტოქის დაცვაში დარჩენილ სივრცეებში შესვლა შეუძლიათ, ლიპის ფეხბურთს ძალიან კარგად ერგებიან.

უკვე შემდეგ წლებში ამ ფუნქციას იდეალურად ასრულებდა პაველ ნედვედი.

2003 წელს რეალთან გამართულ შეხვედრაში იუვეს სამივე გოლი ერთი ტიპის კომბინაციის შედეგად გააქვს. სამივე შემთხვევაში გრძელი ან საშუალო სიგრძის ვერტიკალური გადაცემა მოედნის ცენტრიდან პირდაპირ მეტოქის საჯარიმოსკენ არის მიმართული. პირველი გოლის შემთხვევაში პასს თავდამსხმელი (ტრეზეგე) სიღრმიდან ცარიელ სივრცეში შემოჭრილ ნედვედს უტოვებს - სტრუქტურულად ეს ზუსტად იგივე კომბინაციაა, რომელიც ჩვენ ზემოთ უკვე ზიდანის შესრულებით ვნახეთ. მეორე შემთხვევაში პასს თავდამსხმელი (დელ პიერო) იღებს და თავადვე ასრულებს, მესამე შემთხვევაში კი თავდასხმელებს მეტოქის მცველები ამოყავთ და ცარიელ ზონაში გრძელი, ვერტიკალური გადაცემის შემდეგ ნედვედი იჭრება.

ლიპის ყოველთვის ჰქონდა გუნდში კლასიკური ათი ნომერის, გამთამაშებლის ადგილი - მასთან ჯერ რობერტო ბაჯო თამაშობდა, მთელი მისი კარიერის მანძილზე ლიპისთვის შეუცვლელი ალესანდრო დელ პიერო იყო, ხოლო, იტალიის ნაკრებში კი დელ პიეროსთან ერთად, ყოველთვის ენდობოდა ფრანჩესკო ტოტის.

კონტე - ყველაზე ახლოს ლიპისთან

დღეს ლიპისთან ყველაზე ახლოს ანტონიო კონტეს ფეხბურთია. კონტეც, ლიპის მსგავსად, მოედნის ცენტრში ერთდროულად რამდენიმე ჩამშლელით თამაშს ამჯობინებს და ფლანგებს მხოლოდ თითო მოთამაშეს ანდობს.

გარდა ამისა, კონტეს გუნდშიც ყველთვის თამაშობენ დიდ ფორვარდები (მატრი, ლორენტე, დიეგო კოშტა, გრაციანო პელე) და ვიდალის ან მარკიზიოს ტიპის ნახევარმცველები, რომელთაც უბურთოდ ბევრი მოძრაობა და ვერტიკალურად თავისუფალ სივრცეებში შეჭრა ეხერხებათ.

მაგალითისთვის კონტეს იტალიის ვერტიკალური შეტევა ლიპის სტილში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე - პასი თავდამსხმელზე (სიმონე ძაძა) და დატოვებული ბურთი სიღრმიდან სივრცეში შემოჭრილ ედერზე.

ლიპის გუნდები, კონტესთნ შედარებით, ბევრად უფრო უკეთ და მრავალფეროვნად უტევდნენ, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლიპის თავისი თაობის ყველაზე დიდი ვარსკვლავები ჰყავდა გუნდში - განსხვავებით კონტესგან, რომელსაც ასე დომინანტურ და ვარსკვლავურ გუნდებში ჯერ არ უმუშავია.

მარჩელო ლიპი თავისი კომპაქტური ცენტრით და ვერტიკალური ფეხბურთით 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში ყველაზე პროგრესული მწვრთნელი იყო. ბევრ სათამაშო ელემენტს მისი ფეხბურთიდან თანამედროვე მწვრთნელები დღესაც იყენებენ. ლიპის სათამაშო სისტემა იტალიური ფეხბურთის საუკეთესო თვისებებებზეა მორგებული და შემთხვევითი არ არის, რომ იტალიური ფეხბურთის ოქროს ხანა სწორედ ლიპის სახელს უკავშირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები