Thumbnail

მოქმედმა და ვეტერანმა მოჭიდავეებმა ზურაბ დათუნაშვილი და მისი ძმა დაადანაშაულეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გრძელდება სკანდალი ქართულ ჭიდაობაში
  • გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები შეიკრიბნენ

გრძელდება სკანდალი ქართულ ჭიდაობაში. საქართველოს ჩემპიონატის დროს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებულია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, რომელსაც საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა მხარი დაუჭირეს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებსაც მართავენ.

დღეს, ვეტერანმა და მოქმედმა მოჭიდავეებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს, სადაც კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი გეგა გეგეშიძეს და მომხდარში მეორე მხარე, კერძოდ კი ზურაბ დათუნაშვილი და მისი ძმა, გიორგი დათუნაშვილი დაადანაშაულეს. ვეტერანი მოჭიდავეების თქმით, ბერძნული-რომაული სტილით ჭიდაობის ფინალი რობერტ კობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, როდესაც გამოჩნდა ზურაბის ძმა, გიორგი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მსაჯს, ისე ვეტერან მოჭიდავეებს და ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა. გეგეშიძის მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ ფედერაციის პრეზიდენტი გაშველებით იყო დაკავებული და ცდილობდა დაემშვიდებინა ვითარება. ქვემოთ, შეხვედრის დროს გაკეთებულ კომენტარებს გაეცნობით...

რობერტ კობლიაშვილი (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრები):

“სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ დააკავეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ვგმობ ამ ფაქტს. მოჭიდავეებმა დავტოვეთ შეკრება და ალბათ იქამდე არ გავაგრძელებთ ვარჯიშს, სანამ გეგა გეგეშიძეს არ გაათავისუფლებენ და ვითარება ჩვეულ კალაპოტში არ დაბრუნდება”. 

რობერტ კობლიაშვილი

ბექა როყვა (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი):

“გეგა გეგეშიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს შეკრება და შეწყვიტეს ვარჯიში. ეს არ იყო ჩემი მოთხოვნა, ეს გადაწყვეტილება თვითონ სპორტსმენებმა მიიღეს. რაც შეეხება სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს, გამოძიება დაადგენს რა და როგორ მოხდა”.  

გიორგი იანტბელიძე (საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი):

“ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი მოსულიყო ამ შეხვედრაზე და ყველაფერზე ერთად გველაპარაკა. მასთან ვეტერანი სპორტსმენები იყვნენ და ისედაც შევუთვალეთ, რომ თითოეული საკითხი დეტალურად განგვეხილა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა თხოვნაზე უარი გვითხრა”.

გიორგი იანტბელიძე

 

კომენტარები

ბოლო ამბები