Thumbnail

ანჩელოტების დინასტია - ნაპოლიში მწვრთნელის პოსტი მამიდან შვილზე გადავა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არელიო დე ლაურენტისს 59 წლის მწვრთნელთან თანამშრომლობა 2024 წლამდე სურს
  • 2024 წლის შემდეგ ნაპოლიში კარლო ანჩელოტი მისმა ვაჟმა დავიდემ უნდა შეცვალოს 

იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლი მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებით დაინტერესებულია. 

59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი შარშან მაისის ბოლოს ჩაიბარა, მოქმედი ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ტურინის იუვენტუსის მთავარი მეტოქეა - 20 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ანჩელოტის გუნდი ლიდერს 9 ქულით ჩამორჩება. პლუს, ნაპოლი ევროპალიგის 1/16-ფინალშიცაა გასული, სადაც მეტოქე ციურიხი ჰყავს - 14 თებერვალს სტუმრად, 21-ში კი შინ დაუპირისპირდება.

ანჩელოტისთან თანამშრომლობის გახანგრძლივება პირადად კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს. ახალი ხელშეკრულება, სავარაუდოდ, 2024 წლამდე იქნება გათვალისწინებული.

როგორც ირკვევა, ლაურენტისი უფრო შორსაც იყურება და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კარლო ანჩელოტის დასაქმებას უკვე კლუბის ადმინისტრაციაში გეგმავს. პრეზიდენტი გუნდის გაწვრთნას კი მის ვაჟს, დავიდეს მიანდობს, რომელიც ამჟამად მამას ნაპოლის სამწვრთნელო შტაბში ეხმარება.

29 წლის დავიდე ანჩელოტის მასწავლებელი ბრწყინვალე ჰყავს

კარლო ანჩელოტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მას ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული, ისტორიაში კი ერთადერთი სპეციალისტია, ვისაც ჩემპიონობა იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და გერმანიაში მოუპოვებია.

ნაპოლიში მისვლამდე სპეციალისტი იუვენტუსს, მილანს, ჩელსის, პსჟ-ს, რეალსა და ბაიერნს წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები