Thumbnail
  • საქართველოს ჭიდაობის ნაკრების წევრებმა დუშეთის შეკრება დატოვეს
  • ისინი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას აპროტესტებენ

სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს ჭიდაობის ნაკრების წევრებმა გააპროტესტეს და გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. 

გაგაცნობთ საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ლადო ხინჩეგაშვილის და ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრის, რობერტ კობლიაშვილის კომენტარებს. შეგახსენებთ, რომ 11 იანვრის ინციდენტი სწორედ რობერტ კობლიაშვილის და ზურაბ დათუნაშვილის ფინალურ ორთაბრძოლას მოჰყვა...

ლადო ხინჩეგაშვილი (საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნაკრები):

“ძალიან მნიშვნელოვანი წელია ქართული ჭიდაობისთვის და ნამდვილად არ გვსიამოვნებს აქ ყოფნა, მაგრამ დღეს ფედერაციის პრეზიდენტს ჩვენი თანადგომა სჭირდება. რაც უფრო მალე მორჩება ეს გაუგებრობა, მით უკეთესი იქნება ჩვენი ოჯახისთვის და ქართული სპორტისთვის. სამწუხაროდ, დღეს ეს სიტყვა, ოჯახი უფასურდება. სპორტში ემოციები ჩვეულებრივი ამბავია და გაუგებრობაც ხშირად ხდება, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი არ იყო საჭირო. არ შეიძლება, რომ ერთმა მოჭიდავემ აქამდე მიიყვანოს საქმე. შედეგად, დღეს ჩვენ ასეთ გარემოში ვართ. მამას და შვილს შორის ხდება კონფლიქტი და ეს ჭიდაობაშიც შესაძლებელია, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟი არავის გამოუწვევია. იძალადა თუ არა გეგა გეგეშიძემ? - ეგრე ჭიდაობაც ძალადობაა. თუ არა იძალადე, ქულას ვერ აიღებ. ზურაბ დათუნაშვილი იყო ჩვენი ოჯახის წევრი, მაგრამ დღეს ის აქ არ არის და მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ”. 

რობერტ კობლიაშვილი (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრები):

“ოლიმპიური ლიცენზიების წელია და საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, დუშეთში ვიყავით შეკრებაზე. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს და შესაბამისად, ჩვენც აქ ვართ, რომ მას მხარი დავუჭიროთ”.

რობერტ კობლიაშვილი გეგა გეგეშიძის მხარდამჭერ აქციაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები