Thumbnail

მაკლარენი და eSports - კიბერსპორტმენები, რომლებიც ნამდვილ ავტომრბოლებს უგებენ

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • 'სიმ-რეისერებს' ავტომობილის მართვა შესანიშნავად გამოსდით
  • ენცო ბონიტო სპორტულ ავტომობილზე პირველად 2018 წელს დაჯდა
  • მაკლარენში სჯერათ, რომ ვირტუალური და რეალური რბოლების გზა გადაიკვეთება

წინა შაბათს, 23 წლის იტალიელმა, რომელსაც ენცო ბონიტო ჰქვია, მეხიკოში რბოლა მოიგო და ზუსტად ამ მომენტში, ავტოსპორტი სულ ოდნავ, მაგრამ სამუდამოდ შეიცვალა!

ბონიტო ჩემპიონების რბოლაში მონაწილეობდა (RoC) და ლუკას დი გრასის ეჯიბრებოდა - 34 წლის სპორტსმენს, რომელსაც ორიოდე წლის წინ ფორმულა E აქვს მოგებული. ენოცომ მოიგო და მალევე ყველას დაუმტკიცა, რომ პირველი გამარჯვება შემთხვევითობა არ იყო. მან 2012 წლის ინდიკარის ჩემპიონი, რიან ჰანთერ-რეაისაც დაამარცხა. ამ ამბავში გასაკვირი ბევრი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი - ბონიტო ე.წ. 'სიმ-რეისერია', რაც იმას ნიშნავს, რომ მან ავტორბოლაზე ყველაფერი კომპიუტერული თამაშებიდან ისწავლა. 

'სიმართლე გითხრათ დიდად არ გამკვირვებია. ვიცი, რომ სხვებს თვალები გაუფართოვდათ, მაგრამ ბონიტო რუდი ვან ბურენთან ერთად ჩვენი გუნდის წევრია. ვან ბურენი სამზარეულოში მუშაობდა, როდესაც მაკლარენის მსოფლიოს უსწრაფესი 'გეიმერის' ჯილდო მოიპოვა. შედეგად მან ჩვენთან დაიწყო 'სიმ-რეისერად' მუშაობა. წლის მიწურულს, ის უკვე ნამდვილი ავტომრბოლი იქნება', - თქვა ბენ პეინმა, რომელიც მაკლარენში eSports-ის დირექტორია.

მაკლარენი ელექტრონულ სპორტში დიდ დროს, ძალისხმევას და ფულს ხარჯავს. ბონიტო, რუდი ვან ბურენთან ერთად, რომელმაც შარშან RoC-ზე სამი რბოლა მოიგო, მათი გუნდის წევრია. ვან ბურენი სამზარეულოში მუშაობდა, როდესაც მაკლარენის მიერ ჩატარებული 'მსოფლიოს ყველაზე სწრაფი 'გეიმერის' ტიტული მოიგო და ახლა კომპანიის 'სიმ-რეისერია'. როგორც პეინი ამბობს, ვან ბურენი მალე ვირტუალური მრბოლიდან რეალურ სპორტსმენად გადაიქცევა.

'თუკი შენ FIFA-ს კარგად თამაშობ, ეს არ ნიშნავს, რომ უეცრად პრემიერ ლიგის ფეხბურთელი გახდები. იგივე ლოგიკა ძალიან ბევრ ელექტრონულ სპორტზე ვრცელდება, მაგრამ 'სიმ-რეისინგი' განსხვავებულია. შეძენილი უნარები რეალურ სამყაროზეც ვრცელდება. ისინი ვირტუალურ თამაშებში ბევრად მეტს ვარჯიშობენ, ვიდრე სხვები რეალურ ავტომობილებში. სწორედ ამიტომაცაა, რომ ტურნირებს იგებენ!' - ამბობს ბენ პეინი

ვან ბურენის და ბონიტოს ისტორია ერთმანეთისგან განსხვავდება. როდესაც ვან ბურენი პატარა იყო, კარტინგებზე ხშირად დადიოდა და 2003 წელს ჰოლანდიის ჩემპიონიც კი გახდა, მაგრამ 16 წლის ასაკში სპორტს ფინანსური მიზეზების გამო შეეშვა. ბონიტო კი უნიკალურია - მას აქამდე რეალურ რბოლაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა და სპორტულ ავტომობილზე პირველად 2018 წელს დაჯდა.

'არ მოვიტყუები, როდესაც პირველად ჩავჯექი მანქანაში, ძალიან შემეშინდა. ამ გრძნობამ მალე გამიარა, რადგან თავი ყველაფერს კარგად გავართვი', - განაცხადა მან. ეს ხუმრობა არაა, იმავე კვირას იგი პეტერ სოლბერგს მხოლოდ 0,4 წამით ჩამორჩა. ვინც არ იცით, ეს უკანასკნელი რალიკროსში ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.

გრემ კეროლი - სიმ-რეისერი, რომელიც რბოლებში საკუთარი საძინებლიდან მონაწილეობს
📸 The Guardian

გასულ კვირას მაკლარენმა 'შედოუ პროჯექტის' ფინალები გამართა - ტურნირი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო 'სიმ-რეისერებს' აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობა 500,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. საუკეთესო შვიდეული დიდ ფინალებზე დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ერთმანეთს საცდელ რბოლებში შეეჯიბრნენ. სამშაბათს მაკლარენმა მათ 570S GT4 დაუთმო და სატესტო ტრასაზე 150 წრე დაარტყმევინა.

ერთ-ერთი მონაწილე ებრაჰიმ ალმუბარაკი იყო, რომელიც მანამდე ნამდვილ სპორტულ ავტომობილში არ მჯდარა. 'ონალაინ პროფილში' მან გულწრფელად აღნიშნა, რომ ფავორიტი ავტომრბოლი არ ჰყავს, რადგან არასდროს უნახავს არც ერთი სპორტული ღონისძიება. 'სოციალურ მედიაში ხშირად ვხვდები ლუის ჰამილტონის, ფერნანდო ალონსოს და სებასტიან ფეტელის სახელებს', - თქვა მან.

როდესაც მაკლარენის ანალიტიკოსებმა მონაცემები მიიღეს, დაადგინეს რომ საუკეთესო 'სიმ-რეისერებს' ფორმულა 3-ის მძღოლების დონეზე ატარებდნენ ავტომობილს. ბენ პეინი აღიარებს, რომ ყველაფერს კომპიუტერის ეკრანთან ვერ ისწავლი. ფიზიკურად განცდილი შეგრძნებებს, დაღლილობას, შიშს და ავტომობილის სწრაფად ტარებისას განცდილ სხვა განცდებს, ვირტუალური რბოლა არ იძლევა. სამაგიეროდ კომპიუტერთან ყოველთვის შეგიძლია დააჭირო ღილაკს - 'კიდევ ერთხელ' და ივარჯიშო იმაზე მეტი, ვიდრე რეალობაში.

მაკლარენის პროექტის ფინალური რბოლები

ბონიტოს გამარჯვება შთამბეჭდავი იყო, მაგრამ RoC ფორმულა 1-თან ახლოსაც ვერ მოვა. ყველას არ სჯერა, რომ ნამდვილი რბოლების და კომპიუტერული თამაშების გზები გადაიკვეთება. მაკლარენში ამის სწამთ. ისინი ამბობენ, რომ 'სიმ-რეისინგი' უფრო იაფი, უფრო ხელმისაწვდომი და შესაბამისად, უფრო მასობრივია.

'ვფიქრობთ, რომ ელექტრონულ სპორტს დიდი მომავალი აქვს და გვინდა ამაში წვლილი შევიტანოთ'- ამბობს პეინი და იხსენებს მაკლარენის აღმასრულებელი დირექტორს, ზაკ ბრაუნს. ბრაუნი კი წინ იყურება და ამბობს, რომ მომავალ ათწლეულში ფორმულა 1-ს ისეთი ჩემპიონი ეყოლება, რომელიც ოდესღაც 'გეიმერი' იყო. ვირტუალურსა და რეალურს შორის არსებული ხაზი კი დღითიდღე უფრო და უფრო მკრთალი ხდება.

The Guardian-ის რეპორტაჟი
სიმ-რეისინგი, რობოტები და ჰოლოგრამები - როგორ ცვლის ტექნოლოგია სპორტს

 

კომენტარები

ბოლო ამბები