Thumbnail

ჭიდაობის სკანდალი | ფედერაციის პრეზიდენტი გეგეშიძე ძალადობის მუხლით დააკავეს!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • შსს-ს განცხადება სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება

სპორტის სასახლეში საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა. საქმე სისხლის სამართლის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“.

ინციდენტი სპორტის სასახლეში მოხდა

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი მიმდინარეობდა, რომელშიც ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც მსაკმა კობლიაშვილს ქულა მიანიჭა, რამაც დათუნაშვილის უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. სპორტის სასახლეში ვითარება დაიძაბა და მალევე, მასობრივ და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ზურაბ დათუნაშვილი დაზარალდა.

მოგვიანებით, ზურაბ დათუნაშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ მას პირადად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა და რკინის ბლაგვი საგანი თავში ორჯერ ჩაარტყა. დათუნაშვილმა ფედერაციაში არსებულ დიქტატორულ მმართველობასა და კორუფციაზე ისაუბრა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. 19 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი ორმა გაავრცელა ექსკლუზიური კადრები, საიდანაც ფაქტობრივად დასტურდება დათუნაშვილის განცხადება გეგეშიძის მხრიდან მასზე თავდასხმის თაობაზე. 

ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის შემდეგ

22 იანვარს, სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს როგორ ზურაბ დათუნაშვილი, ისე გეგა გეგეშიძე. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭუდავეთა ნაკრების კაპიტანი დაკითხვაზე გამოცხადდა და მოსამართლეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ფედერაციის პრეზიდენტმა კი საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. იქამდე, ჟურნალისტებთან საუბარში გეგეშიძემ უარყო დანაშაული და დასძინა, რომ მისი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გათავისუფლება არც კი განიხილება.

კომენტარები

ბოლო ამბები