Thumbnail

ბექა გორგაძე: მსოფლიოს თასზე ორზე მეტი მატჩის მოგებაც შეგვიძლია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • SBM-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ბექა გორგაძესთან
  • 22 წლის მორკინალი კლუბზე, ნაკრებზე და პირად მიზნებზე

ფრანგულმა ჟურნალმა Sport Business Mag (SBM) TOP 14-ის კლუბ ბორდო-ბეგლის მესამეხაზელ ბექა გორგაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა.

22 წლის მორაგბეს "ბორჯღალოსნების" რიგებში უკვე 15 მატჩი აქვს გამართული. მან 5 ლელო გაიტანა. განსაკუთრებით კარგი იყო ის ნოემბრის ტესტებზე, სადაც სამჯერვე ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ახლა ის Top 14-ის ბორდოს ძირითადი შემადგენლობის წევრია და საფრანგეთში კარგი პრესა აქვს...

ბექა გორგაძე ბორდოს იოლად შეეწყო

ჩემი კერპი მამუკა გორგოძეა

SBM: ბექა, გაეცანით ჩვენი ჟურნალის მკითხველს...

ბექა გორგაძე: თბილისთან ახლოს პატარა ქალაქ რუსთავში დავიბადე, მალე 23 წლის გავხდები. მთელი ბავშვობა იქ გავატარე და რაგბის თამაშიც რუსთავში დავიწყე.

SBM: თქვენი კერპები რაგბის სამყაროში?

ბექა გორგაძე: როგორც ნებისმიერი ქართველი მორაგბისთვის, ჩემი კერპი მამუკა გორგოძეა! მამუკა საქართველოში ნამდვილი ლეგენდაა. სწორედ მის გამო ვიმყოფები ახლა საფრანგეთში. სხვებიდან - დუან ვერმულენი და კირენ რიდი, რომლებიც რვა ნომრის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები არიან.

SBM: როგორ აღმოჩნდით საფრანგეთში?

ბექა გორგაძე: საფრანგეთში რომ ჩამოვედი 18 წლის ვიყავი. პოლონეთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების რიგებში სამი მატჩი ჩავატარე. როგორც ჩანს, კარგად ვითამაშე და ფრანგი აგენტი დამიკავშირდა. რამდენიმე თვეში უკვე საფრანგეთში ვიყავი.

SBM: რომელი იყო თქვენი პირველი ფრანგული კლუბი?

ბექა გორგაძე: მონ დე მარსანი.

SBM: საფრანგეთში ბევრი ქართველია, ალბათ, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა თქვენს არჩევანში?

ბექა გორგაძე: საფრანგეთში თამაში ქართველებისთვის კარგი შანსია. ბევრმა თანამემამულემ გაგვიკაფა გზა. რა თქმა უნდა, საფრანგეთში გადმობარგება ადვილი არ იყო, მაგრამ ფრანგული და ქართული საზოგადოება ერთმანეთთან ახლოს არის. აქ ყოფნას კი სწორედ ის მიადვილებს, რომ საფრანგეთის პირველობებში ბევრი ჩემი თანამემამულე თამაშობს.

SBM: როგორი იყო მონ დე მარსანში გატარებული პერიოდი?

ბექა გორგაძე: ამ კლუბში ოთხი დიდებული სეზონი გავატარე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მძიმე ტრავმა მივიღე. კლუბმა შანსი მომცა და პროფესიულ რაგბიში პირველი ნაბიჯებიც გადავდგი. ეს არასდროს დამავიწყდება.

ქართველები ბორდოში ძალიან დამეხმარნენ

SBM: ზაფხულიდან უკვე ბორდოში თამაშობთ, როგორ შეეჩვიეთ ახალ კლუბს?

ბექა გორგაძე: თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, რადგან ახალ კლუბში ადაპტაციისთვის ცოტა დრო მქონდა, მაგრამ ამხანაგური შეხვედრებისთვის კარგად მოვემზადე და ეს კი ძალიან დამეხმარა.

SBM: ბორდოში ორი ქართველი დაგხვდათ, ალბათ ესეც დაგეხმარათ...

ბექა გორგაძე: რა თქმა უნდა! ეს დიდი უპირატესობაა. გუნდში სულ ხუთი ქართველი ვართ და ერთმანეთთან ძალიან ვმეგობრობთ. მონ დე მარსანში მარტო ვიყავი, რაც შედარებით რთული იყო. ბორდოში ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა.

გორგაძე კლერმონთან მატჩში

SBM: თქვენ PRO D2-ში თამაშობდით, ელოდით რომ Top 14-შიც რომ გენდობოდნენ?

ბექა გორგაძე: ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია. როდესაც ბორდოსთან კონტრაქტი გავაფორმე, ტრავმირებული ვიყავი, ამიტომ არ მქონდა ილუზია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდი. მაგრამ შანსი მომეცა, ფორტუნაც ჩემს მხარეს აღმოჩნდა და ხშირად ვთამაშობ. უკვე 13 მატჩი მაქვს ჩატარებული და ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ამ ეტაპისთვის მეიმედებოდა.

SBM: რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ თამაში?

ბექა გორგაძე: ყველაზე კომფორტულად თავს რვა ნომრის პოზიციაზე ვგრძნობ. თუმცა კარგად ვიცი, რომ მესამე ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე მომიწევს თამაში, ეს პირობა კონტრაქტშიც კი მიწერია.

SBM: ბორდოსთან კონტრაქტი რამდენი ხნით გააფორმეთ?

ბექა გორგაძე: ამ ზაფხულს 3-წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომელიც, შესაძლოა, კიდევ ორი წლით გაგრძელდეს

SBM: როგორია კლუბისთვის ახალი სეზონი?

ბექა გორგაძე: სტარტზე მძიმე მარცხი განვიცადეთ სტად ფრანსესთან და ამას რამდენიმე იმედგაცრუებაც მოჰყვა, თუმცა კასტრთან გამარჯვებამ, რომელიც ტოპ 14-ის ჩემპიონია, გუნდში განწყობა აამაღლა.

SBM: რა განსხვავებაა ტოპ 14-სა და PRO D2-ს შორის?

ბექა გორგაძე: ძალიან დიდი განსხვავებაა. უმაღლესში უფრო სწრაფი რაგბია, თამაშის ტემპი განსხვავებულია. პასუხისმგებლობასაც უფრო მეტს ვგრძნობ, ვიდრე ეს მეორე დივიზიონში თამაშისას იყო.

SBM: ჩემპიონატი ძალიან დაძაბულია ახლა მე-7 ადგილზე იმყოფებით, როგორია კლუბის მიზნები ამ სეზონში?

ბექა გორგაძე: ახლა ჩემპიონატში ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ექვსეულში შესვლას ვგეგმავთ. სეზონი ჯერ კიდევ წინაა, ასე რომ, პლეი ოფში თამაშის პერსპექტივას ოპტიმისტურად ვუყურებ.

SBM: ბორდო ჩელენჯ კაპზეც გამოდის...

ბექა გორგაძე: ტურნირი იდეალურად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული. ჩვენ მებრძოლი გუნდი ვართ, რომელსაც მომდევნო კვირებში ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია. (ინტერვიუ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდეა ჩაწერილი - სამწუხაროდ, ბორდო ჯგუფში ჩარჩა - რედ.)

მსაჯის კომპეტენციაში არ ჩავერევი

SBM: თქვენი გამორჩეული მატჩი რასინგ 92-ის წინააღმდეგ იყო. ეს ასე გაგრძელდება მომავალში?

ბექა გორგაძე: თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობდი. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ძირითადში. თამაში კარგად წამივიდა. იმისთვის, რომ კიდევ მოვუმატო, ბევრი უნდა ვიმუშაო და გამოსასწორებელიც ბევრი რამ მაქვს.

SBM: აი, პოსთან კი მე-10 წუთზე გაგაძევეს. ზედმეტად ხომ არ დაისაჯეთ?

ბექა გორგაძე: ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ - მსაჯის კომპეტენციაში არ ჩავერევი. 3-კვირიანი დისკვალიფიკაცია ძალიან ცუდია, მაგრამ რას ვიზამ. მალე სანაკრებო მატჩები მოდის და იმედია, ვითამაშებ.

ქართველი ლეგიონერს ვარჯიში არ ეზარება

SBM: თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1-2 თვის წინ არ გიცნობდნენ, ახლა კი მედიის ყურადღების ცენტრში ხართ...

ბექა გორგაძე: მიხარია, რომ ასეა, დისკომფორტს არ ვგრძნობ, პირიქით. ახლა მე უნდა გავაკეთო ის, რაც აუცილებელია და იმ ხალხს, ვინც ჩემი და ბორდოს წარმატებითაა დაინტერესებული, იმედი არ გავუცრუო.

SBM: თქვენ არ ხართ ერთადერთი ქართველი, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს. რას ფიქრობთ გურამ გოგიჩაშვილზე?

ბექა გორგაძე: გურამი საფრანგეთში მხოლოდ ამ ზაფხულში ჩამოვიდა და ფრანგულად საუბარიც კი უჭირს, მაგრამ უკვე რასინგ 92-ის ერთ-ერთი ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის პოტენციალს კიდევ უფრო გამოავლენს.

ჯერ ნაკრებში სტატუსი არ მაქვს

SBM: როგორი იყო ბორჯღალოსნებისთვის ნოემბრის ტესტები?

ბექა გორგაძე: საერთო ჯამში, კარგად ვიასპარეზეთ - 3-დან 2 მატჩი მოვიგეთ. ჩვენ უკვე მსოფლიოს თასისთვის ვემზადებით და ეს შედეგი იმედისმომცემია. ტრავმის გამო ნაკრებში ხანგრძლივი პაუზა მქონდა, მაგრამ მწვრთნელები მენდნენ და სამჯერ გავხდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე - ეს დიდებული გრძნობა იყო.

SBM: როგორია თქვენი სტატუსი საქართველოს ნაკრებში?

ბექა გორგაძე: ძალიან ადრეა სტატუსის შესახებ საუბარი. მე უბრალოდ დავბრუნდი ნაკრებში და ვმუშაობ საკუთარ თავზე. დანარჩენი მოგვიანებით გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც გავაგრძელებ პროგრესს.

ბექა ბორდოს ძირითადში ხშირად თამაშობს

ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა

SBM: მსოფლიოს თასი ახლოვდება, რას ფიქრობთ ამ ტურნირის შესახებ?

ბექა გორგაძე: მსოფლიოს თასზე ძალიან ბევრს ვფიქრობ - ეს ჩემი მიზანი და ბავშვობის ოცნებაა. 2015 წელს გუნდთან ერთად ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ტურნირზე მონაწილეობა არ მიმიღია. ძალიან მინდა იაპონიაში თამაში, მაგრამ წინ ლამის სეზონია და არავინ იცის რა მოხდება. 

SBM: ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ურუგვაი და ფიჯი გყავთ. რა არის საქართველოს ნაკრების მიზანი?

ბექა გორგაძე: მსოფლიო თასზე იოლი მატჩი არ არსებობს. ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენი ძალების რწმენა გვაქვს და ჩვენი მიზანი მინიმუმ ორი გამარჯვების მოპოვებაა, მაგრამ არც უკეთესი შედეგი იქნება დიდი მოულოდნელობა ჩვენთვის.

SBM: რა გირჩევნიათ, მოიგოთ საფრანგეთის ჩემპიონატი ბორდოსთან ერთად, თუ გახდეთ მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნების" რიგებში?

ბექა გორგაძე: ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონობა! ეს ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა. მაგრამ ბორდოს რიგებში საფრანგეთის ჩემპიონობაც ბრწყინვალე იქნებოდა.

SBM: როგორია თქვენი პირადი მიზნები?

ბექა გორგაძე: უახლოესი მიზანია - მივიღო მონაწილეობა მსოფლიოს თასზე და მოვუმატო, როგორც მორაგბემ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არ მივიღო და სხვა ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები