Thumbnail

რონალდო მადრიდის სასამართლოში - პორტუგალიელმა დანაშაული აღიარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრიშტიანო მადრიდში გადასახადების გადაუხდელობის გამო გაასამართლეს
  • 33 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჩადენილი დანაშაული აღიარა
  • ფორვარდი 23-თვიანი პატიმრობით და 18,8 მილიონი ევროს ჯარიმით დასაჯეს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავი დამნაშავედ ცნო საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებში, რომელიც მისი რეალში თამაშის პერიოდში, ესპანეთში დაფიქსირდა.

სასამართლო სხდომა მადრიდში 22 იანვარს გაიმართა და მას კრიშტიანო რონალდოც, მეგობარ ჯეორჯინა მარტინესთან ერთად დაესწრო.

მადრიდში რონალდოს გამოჩენას მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო

იტალიური მედიის ცნობით, 33 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი 23-თვიან პატიმრობას დათანხმდა, თუმცა, ესპანური კანონმდებლობის შესაბამისად, რონალდო სასჯელს პენიტენციალურ სისტემაში არ მოიხდის, რადგან მსჯავრი პირველია და ვადა 24 თვეს არ აღემატება.

ფორვარდი მხოლოდ ჯარიმას გადაიხდის, რომლის ოდენობა 18,8 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

პორტუგალიელ ვარსკვლავს ესპანურმა მართლმსაჯულებამ გადასახადების გადაუხდელობის გამო ბრალი 2017 წელს წაუყენა. გამოძიების ვერსიით, რონალდომ მადრიდის რეალში თამაშის პერიოდში, 2011-14 წლებში, ოთხი სხვადსხვა საგადასახადო დანაშაული ჩაიდინა, რამაც ჯამში სახელმწიფო 14,7 მილიონი ევროთი დააზარალა.

პორტუგალიელმა განაჩენი არ გაასაჩივრა და სასამართლო კმაყოფილმა დატოვა

მანამდე დაიწერა, რომ კრიშტიანო რონალდომ ხაზინას ჯარიმის დიდი ნაწილი - 13,4 მლნ ევრო უკვე გადაუხადა.

მეტი ამ თემაზე: როგორ უღალატეს რონალდოს - რეალიდან კრიშტიანოს წასვლის ნამდვილი მიზეზები

კრიშტიანო რეალში მანჩესტერ იუნაიტედიდან, 2009 წლის ზაფხულში გადავიდა და იქ 2018 წლის ზაფხულამდე ითამაშა. ამ პერიოდში პორტუგალიელმა ლა ლიგა ორჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო.

გასულ სეზონში რონალდომ რეალის მაისურით სხვადასხვა ტურნირის 44 მატჩში ითამაშა, გაიტანა 44 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი. 2018 წლის ზაფხულში ის ტურინის იუვენტუსში დაახლოებით 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები