Thumbnail

‘რა უნდა ვთქვა? ოცნება ამიხდა!’ - ბოატენგის პირველი სიტყვები ბარსელონაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონამ სასუოლოდან კევინ-პრინს ბოატენგი ინათხოვრა
  • განელი ფეხბურთელის პირველი კომენტარები

ეს უფრო მოულოდნელი ამბავია, თუ პაულინიოს ტრანსფერი თავის დროზე? ამ კითხვას პასუხი თქვენ გაეცით, ფაქტი კი ის არის, რომ ბარსელონამ კევინ-პრინს ბოატენგის გადაბირებით ყველა გააოცა.

კატალონიურმა გრანდმა 31 წლის განელი იტალიური სასუოლოდან სეზონის ბოლომდე ინათხოვრა. არენდასთან ერთად, ბარსამ ბოატენგის შესყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო და თუ ფეხბურთელი ერნესტო ვალვერდეს თავს მოაწონებს, ზაფხულში ბარსელონას მისი ყიდვა 8 მილიონ ევროდ შეუძლია. ეს ინფორმაცია უკვე ორივე კლუბმა დაადასტურა.

'ყველამ იცის, როგორ ფეხბურთს ვთამაშობ. თავს არ დავზოგავ!'

“რა უნდა ვთქვა? დიდი ოცნება ამიხდა! ბარსელონაში თამაშის უფლება ჩემთვის დიდი პატივია. ამ კლუბში თამაშზე ყველა ბავშვი ოცნებობს. ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ბარსას წარმატებების მიღწევაში დავეხმარო. აქ ყველამ იცის, როგორ ფეხბურთს ვთამაშობ. თავს არ დავზოგავ!” - განაცხადა ბოატენგმა ბარსელონაში.

ბოატენგი სასუოლოში: 13 მატჩი, 4 გოლი, 2 პასი

განელმა ფეხბურთელმა ბარსელონაში გამგზავრებამდე თქვა, რომ კატალონიურ გრანდში გადადიოდა - მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ იყო დადასტურებული. “ბარსა, მოვდივარ!” ვწუხვარ, რომ სასუოლოს ვტოვებ, მაგრამ ბრწყინვალე შანსი მაქვს, რომელზეც უარს ვერ ვიტყვი. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ელ კლასიკოში რეალს გავუტან!” - უთხრა მან Sky Italia-ს.

ბოატენგისთვის, რომელიც ბაიერნელი ჯერომ ბოატენგის ნახევარძმაა და მისგან განსხვავებით განის ნაკრებში თამაშობს (15 მატჩი), ბარსელონა კარიერაში მე-11 კლუბია. კევინი სასუოლოში ზაფხულში, ფრანკფურტის აინტრახტიდან გადავიდა და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მან 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ბოატენგი ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს - 2016 და 2017 წლებში ლას პალმასში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები