Thumbnail

ახალი კონტრაქტი, წინ ევროპალიგა - კახა ცხადაძე ორდაბასიში დარჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 50 წლის ქართველმა სპეციალისტმა ყაზახურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • შიმკენტის გუნდი ზაფხულში ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს

კახა ცხადაძე ყაზახურ საფეხბურთო კლუბ ორდაბასის კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაწვრთნის. მოსალოდნელი ინფორმაცია შიმკენტის კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა - 50 წლის ქართველმა სპეციალისტმა ორდაბასისთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ორდაბასის ხელმძღვანელობა სრულად ენდობა კახაბერ ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს. ვიმედოვნებთ, რომ კლუბს წინ არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება და მნიშვნელოვანი მიღწევა ელოდება", - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ნურჟან კატაევმა.

Официально: Кахабер Цхададзе продлил контракт с «Ордабасы». Главный тренер «Ордабасы» Кахабер Цхададзе продолжит...

Posted by ФК «Ордабасы» on ორშაბათი, 21 იანვარი, 2019

ცოტა ხნის წინ ყაზახურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცხადაძის ადგილზე შეიძლებოდა სტანიმირ სტოილოვი დანიშნულიყო. ბულგარელი სპეციალისტი, რომელმაც ყაზახეთში სახელი ასტანაში მუშაობით გაითქვა, ბოლოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ უეფას ერთა ლიგის D ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებთან წააგო და თანამდებობა დატოვა. საბოლოოდ, ცხადაძის სტოილოვით შეცვლის შესახებ გავრცელებული ხმები მცდარი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა შიმკენტის ორდაბასი გასული წლის ივნისში ჩაიბარა, ფინანსური და სხვა პრობლემების მიუხედავად კი, გუნდმა ყახაზეთის 2018 წლის პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ცხადაძემ ორდაბასის ახალი სეზონისთვის მზადება კარგა ხანია დააწყებინა

ცხადაძე ყაზახეთში გადაბარგებამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, ამ ქვეყანაში მისი პირველი კლუბი კი ალმათის ქაირათი იყო. მანამდე სპეციალისტი წლების განმავლობაში აზერბაიჯანში მუშაობდა, სადაც სათავეში ბაქოს კლუბებს: სტანდარდსა და ინტერს ედგა. სამშობლოში მას თბილისის დინამოში, თბილისის ლოკომოტივსა და ბოლნისის სიონში უმუშავია.

ფრანკფურტის აინტრახტისა და მანჩესტერ სიტის ყოფილ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის კაპიტანი იყო, 25 მატჩი აქვს ჩატარებული.

შიმკენტის ორდაბასიში კახა ცხადაძის სამწვრთნელო შტაბში კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი - გიორგი ჩიხრაძე მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები