Thumbnail

რონალდომ პენალტი ვერ გაიტანა! იუვენტუსმა კიევოს მაინც ადვილად მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იუვენტუსი ნაპოლის ისევ 9 ქულით უსწრებს
  • კრიშტიანო რონალდომ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა
  • ტურინელები წაუგებელ სვლას აგრძელებენ - 18 მოგება და 2 ფრე

იტალიის სერია A-ს მეორე წრის პირველ ტურში იუვენტუსმა კიევოს უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. იუვენტუსს პირველ წრეში ძალიან გაუჭირდა და 'მფრინავ ვირებს' მძიმე ბრძოლაში 3:2 მოუგო.

ალეგრის გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა, მე-13 წუთზე დუგლას კოშტამ დრიბლინგის შემდეგ შორიდან დაარტყა და სორენტინომ კიევო ვერ გადაარჩინა - 1:0. ტურინელებმა მეორე გოლი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანეს. ემრე ჯანმა პაულო დიბალას გადაცემით ისარგებლა და იუვენტუსის მაისურით პირველი გოლი გაიტანა - 2:0.

დიბალამ პირველ ტაიმში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

დუგლას კოშტას სერია A-ში 5 გოლი აქვს გატანილი. მან 5-დან 4 გოლი პირველ 25 წუთში გაიტანა.

მეორე ტაიმის 52-ე წუთზე დუგლას კოშტას დარტყმის შემდეგ მატია ბანის ბურთი ხელზე მოხვდა, მარკო პიჩინიმ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ დაარტყა. პორტუგალიელმა გატანა ვერ შეძლო, კიევოს 39 წლის მეკარემ სტეფანო სორენტინომ თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

იუვენტუსმა მესამე გოლი მაინც გაიტანა. დანიელე რუგანიმ თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 24 წლის იტალიელმა მცველმა სერია A-ში მე-8 გოლი გაიტანა. იუვენტუსს 56 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მყოფ ნაპოლის 9 ქულით უსწრებს. ტურინელთა მომდევნო მეტოქე სერია A-ში ლაციო იქნება. მატჩი 27 იანვარს გაიმართება.

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები