Thumbnail
  • მადრიდის რეალის 30 წლის მცველის წონა ნორმაზე 6 კილოგრამით მეტია
  • სანტიაგო სოლარი ბრაზილიელ ფეხბურთელს საერთოდ აღარ ათამაშებს
  • კრიშტიანო რონალდო მარსელოს ტურინის იუვენტუსში გადასვლას ურჩევს  

კრიშტიანო რონალდოს მადრიდის რეალში გამორჩეული ურთიერთობა მარსელოსთან ჰქონდა. პორტუგალიელი ფორვარდისა და ბრაზილიელი მცველის მეგობრობა კი იმდენად მყარი ყოფილა, რომ რონალდო ტურინის იუვენტუსში გადაბარგების შემდეგაც ცდილობს, ის თავის ახალ გუნდში გადაიყვანოს.

AS-ის ინფორმაციით, მარსელოს ტურინის იუვენტუსში გადასვლის შანსი დიდია, ტრანსფერის განხორციელების უმთავრესი ინიციატორი კი სწორედ კრიშტიანოა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს მუდმივად აქვთ კონტაქტი და პორტუგალიელი ცდილობს, რომ ბრაზილიელი დაარწმუნოს ამ ნაბიჯის გადადგმის სისწორეში.

რონალდომ და მარსელომ რეალში ერთად 9 წელიწადი გაატარეს

ცნობილია, რეალი არ აპირებს 30 წლის მცველთან გამოთხოვებას, თუმცა ვითარება თავად ფეხბურთელის წასვლის სურვილმა შეიძლება შეცვალოს. უწინ მარსელო არ განიხილავდა მსგავს შესაძლებლობას და ამტკიცებდა, რომ კარიერის მადრიდულ კლუბში დასრულება სურდა, მაგრამ ბოლო დროს აზრი შეიცვალა. 

ამის ერთ-ერთ მიზეზი ისიცაა, რომ რეალის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი არცთუ დიდ ნდობას უცხადებს ფეხბურთელს. ესპანური მედიის ინფორმაციით, სოლარი მარსელოს სასტარტოში დაყენებისგან თავს მისი ზედმეტი წონის გამო იკავებს. როგორც ირკვევა, ამჟამად ბრაზილიელი ნორმაზე 6 კგ-ით მეტია.

ბრაზილიელის უთამაშებლობის ერთ-ერთი მიზეზი ზედმეტი წონაა


მარსელომ ლა ლიგის 11 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი. მცველი ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის იყო.

30 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები