Thumbnail

ცუნამისგან დანგრეული ქალაქი, რომელიც მსოფლიოს თასს უმასპინძლებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ცუნამისგან განადგურებული ქალაქის ისტორია
  • კაცი, რომელსაც სტიქიის დროს ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა
  • მომავლის იმედი და მსოფლიოს თასის მასპინძლობის უფლება

2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის გათამაშება იაპონიაში გაიმართება. მატჩებს იაპონიის 12 სტადიონი უმასპინძლებს. ერთ-ერთი სტადიონი ქალაქ კამაიშიში მდებარეობს. იმ ქალაქში, რომელიც ცუნამიმ 2011 წელს მიწასთან გაასწორა - აქ მსოფლიოს თასის ორი მატჩი გაიმართება: ნამიბია V კანადა და ფიჯი V ურუგვაი.

კამაიშის ისტორია

2019 წლის სექტემბერში იაპონური კამაიში გახდება ყველაზე პატარა ქალაქი, რომელიც მსოფლიოს თასის მატჩს უმასპინძლებს. 440 კვადრატულ კილომეტრზე 35 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კამაიშის ულამაზესი ბუნება შორს არის ტოკიოში მდებარე მაღალი კოშკებისგან და გიჟური ტემპისგან.

კამაიში სარაგბო ქალაქია. ამ ქალაქის გუნდი ნიპონ სტილ კამაიში 1978 წლიდან 1985 წლამდე ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ცხადია, ასეთ სარაგბო ქალაქს მსოფლიოს თასის მატჩების გარეშე არავინ დატოვებდა, მაგრამ მასპინძლობის უფლების მოპოვებიდან (2009 წლის 28 ივლისი) ორი წლის შემდეგ, იაპონიის ეს ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. 2011 წლის 11 მარტს 9.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც 6 წუთს გაგრძელდა, ცუნამის უზარმაზარი ტალღები წარმოქმნა. ტალღების სიმაღლემ 39 მეტრს მიაღწია და ქალაქი გაანადგურა.

სიტუაცია ცუნამის შემდეგ...

ტოშიო ჰამატო ადგილობრივი სარაგბო კლუბის კაიმიში სივეივსის დირექტორია, რომელიც იხსენებს, რომ მანამდე ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ ახსოვს.

ტოშიო ჰამატო: 'ვიცოდით თუ როგორ უნდა გვემოქმედა სტიქიური უბედურების დროს, მაგრამ მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღალი ადგილებისკენ გავიქეცით, სხვა ვერაფერი მოვახერხეთ. ევაკუაციის დროს მხოლოდ ერთხელ მოვიხედე უკან და დავინახე, თუ როგორ დაფარა შავმა ტალღამ ჩვენი კლინიკა.'

ჰამატო სახლში ორი დღის შემდეგ დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ოჯახის 4 წევრი დაკარგა: დედა, მამა, მეუღლე და უმცროსი გოგონა. საბედნიეროდ, უფროსი გოგონები გადარჩნენ - სტიქიის დროს ისინი სკოლაში იყვნენ.

ცუნამიმ იაპონიის ჩრდილ-აღმოსავლეთში მცხოვრები 16 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. აქედან 1000-ზე მეტი კამაიშიში ცხოვრობდა.

ტოშიო ჰამატო: 'ცუნამის შემდეგ ჩვენს ქალაქზე ბევრს ვფიქრობდი. პარკის ადგილას დროებითი სახლები შენდებოდა. მოწყენილი ვიყავი, რომ ბავშვები ძველებურად ვერ ითამაშებდნენ. საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: ‘რა შეგიძლია გააკეთო ამ ბავშვებისთვის’ - მე მინდოდა, რომ მათ ოცნება ჰქონოდათ, რომლისთვისაც იბრძოლებდნენ.'

ტოშიო ჰამატო გადარჩენილ შვილებთან ერთად,
რომლებსაც გარდაცვლილი დედისა და დის ფოტო უჭირავთ.

კამაიში რაგბის, ფოლადისა და თევზის ქალაქია

ტოშიომ გადაწყვიტა, რომ კამაიში სივეივსი ქალაქისთვის იმედი სხივი ყოფილიყო. იმედის სხივი, რომელიც ბავშვებს მომავლის გზას უჩვენებდა, ქალაქის მცხოვრებლებს იმედს დაუბრუნებდა.

კამაიში სივეივსის რიგებში მაშინ ახალზელანდიელი პიტა ალატინი და ავსტრალიელი სკოტ ფარდი თამაშობდნენ. ფარდი მომხდარს იხსენებს და იაპონელების უტეხ ხასიათზე საუბრობს.

სკოტ ფარდი: 'ცხადია, ყველაფერი ვნახეთ. ქალაქი ძალიან სწრაფად განადგურდა. ასეთივე რთული მდგომარეობა იყო გარშემო ქალაქებსა და სოფლებში. ადამიანები საკუთარი ოჯახების წევრებს ეძებდნენ და მათ გადარჩენას ცდილობდნენ. ჩვენს სტადიონს ვერტმფრენის დასაფრენ ადგილად იყენებდნენ, რის გამოც მოედანი უმძიმეს მდომარეობაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, სტადიონიც მთლიანად განადგურდა. ეს იყო ერთადერთი მინდორი, რომელსაც სპორტული კლუბები იყენებდნენ.'

სკოტ ფარდი კამაიშის მოსახლეობას ეხმარება.

ორივე ლეგიონერს საელჩომ სამშობლოში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ ორივემ უარი განაცხადა. მათ თქვეს, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში კამაიშის მოსახლეობას არ მიატოვებდნენ, რადგანაც ეს მათი მეორე სახლი და ოჯახი იყო.

ზელანდიელი პიტა ალატინი ქალაქს ასუფთავებს.

იაპონიის პატარა ქალაქის მცხოვრებლები ამ საქციელით ბედნიერნი იყვნენ. კლუბმა ვარჯიში გააგრძელა და პირველი მატჩი იაპონიის უმაღლესი ლიგის გუნდთან იამაჰასთან გამართა. შეხვედრა იამაჰას გუნდმა 73:5 მოიგო. მიუხედავად ასეთი მარცხისა, გულშემატკივარს შედეგისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

გულშემატკივრები პირველ მატჩზე ასე მივიდნენ

ტოშიო ჰამატო: ‘გულშემატკივრებს შედეგის გამო არ უდარდიათ. მათ მატჩის დაწყებისას და დასრულებისას დროშები გაშალეს და კამაიშის ყვიროდნენ. მათი უმეტესობა ამ დროს დროებით თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ. აქ კი ბოლომდე იხარჯებოდნენ. მორაგბეები თამაშით, ხოლო გულშემატკივრები რაგბის ხილვით ბედნიერნი იყვნენ და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ეს რაგბის ქალაქი იყო.'

პირველი მატჩი ცუნამის შემდეგ...

კამაიშის ყოფილი მორაგბე ჯირო იშიამა ქალაქში 2011 წელს მოსახლეობის დასახმარებლად ჩავიდა. მან ჰამატოსთან ერთად გადაწყვიტა, რომ ქალაქს მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადი გაეკეთებინა.

მოსახლეობას შეეშინდა, რადგანაც მათი აზრით, ეს ყველაფერი დიდ თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ჰამატომ ისევ ბოლომდე იბრძოლა და ყველაფერი გააკეთა მიზნის შესასრულებლად.

2014 წელს კამაიშიმ ოფიციალურად გააგზავნა თხოვნა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ფიჯელი მორაგბე სეტა ტავაკე, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, იხსენებს, რომ ეჭვი არ ეპარებოდა კამაიშის წარმატებაში. მას სჯეროდა, რომ კამაიში 12 მასპინძელ ქალაქს შორის აუცილებლად იქნებოდა.

სეტა ტავაკე: 'ეს პატარა ქალაქია და ამ ქალაქისთვის რაგბი გულისცემაა.'

ჯონა ლომუ V სეტა ტავაკე

კამაიშიში მატჩები 16-ათასკაციან სტადიონზე ჩატარდება. სტადიონი იმ ადგილზე აშენდა, სადაც ადრე ორი სკოლა მდებარეობდა.

სტადიონთან არის მემორიალი, რომელსაც აწერია: ‘გაიქეცი, გაიქეცი მაღლა... და მომავალ თაობას მოუყევი, რომ ცუნამიმ აქ მოაღწია.’ - ეს სიტყვები იმ მოქმედებას აღწერს, რომელიც კამაიშის სკოლის მოსწავლეებმა 2011 წელს გააკეთეს. ისინი სკოლიდან 2 კილომეტრის მოშორებით მთებში გაიხიზნენ.

სტიქიას სკოლის ყველა მოსწავლე გადაურჩა. 2018 წლის 19 აგვისტოს სტადიონის საზეიმო გახსნას რამდენიმე მათგანიც დაესწრო.

ერთ-ერთმა მოსწავლემ რუი ჰორაგუჩიმ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს ასე მიმართა: 'მჯერა, რომ მომავალ წელს, როდესაც მსოფლიოს თასს ღირსეულად ვუმასპინძლებთ. ჩვენი ოცნება მსოფლიო თასის მასპინძლობით არ სრულდება. ჩვენ გვსურს, რომ კამაიში ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი გახდეს. ჩვენ ერთად გავიღიმებთ და ამ ღიმილს მსოფლიოს გადავდებთ.'

კამაიშის მოსახლეობის ოცნება რეალობად 25 სექტემბერს იქცევა, როდესაც ამ ქალაქში ერთმანეთს ფიჯი და ურუგვაი შეხვდებიან.

კამაიშის ახალი სტადიონის გახსნა

კომენტარები

ბოლო ამბები