Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივის მცველი სეზონის განახლებისთვის ყატარში ემზადება
  • 26 წლის ფეხბურთელმა გამოცემა championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა
  • რატომ არ ჩქარობს საბა, ანრეს ინიესტასა და ანდრეა პირლოსთვის მიბაძვას

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომიტივის მცველი საბა კვერკველია გუნდთან ერთად ყატარში შეკრებაზე იმყოფება. 26 წლის ფეხბურთელმა რუსულ გამოცემა championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სეზონის განახლებისთვის მზადებაზე, ლესტერში არშემდგარ ტრანსფერზე, ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლასა და ტრავმებზე ილაპარაკა.

საბა კვერკველია სეზონის განახლებისთვის ყატარში ემზადება

საბას თავდაპირველად გასულ ზაფხულს ლესტერში არშემდგარ ტრანსფერზე მოუხდა კომენტარის გაკეთება.

"რა თქმა უნდა, წავიკითხე ლესტერის ინტერესის შესახებ. მაგრამ ჯერჯერობით აქ ვარ და კონტრაქტი 2,5 წლით მაქვს გაფორმებული. რა თქმა უნდა, ინგლისის პრემიერლიგა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, რომელიც ჩემი აზრით, დღეს უძლიერესი ჩემპიონატია. თუმცა, ინგლისში საყვარელი კლუბი არ მყავს, დიდი ხანია, იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ქომაგი ვარ.

არ არის მართალი, თითქოს გუნდიდან წასვლაზე უარის თქმა ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა მთხოვა. ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ რომც ყოფილიყო, დავუჯერებდი, რადგან ვენდობი მის აზრს და დარწმუნებული ვარ, ცუდს არ მირჩევს".

კვერკველია ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად თავს არ ზოგავს

საბამ შვებულებასა და ყატარში მიმდინარე შეკრებაზე ილაპარაკა და იმაზეც, თუ როგორი რეაქცია აქვს მეჩეთებში მუსულმანთა ლოცვის ხმის გაგონებაზე:

"შვებულების დროს ოჯახთან ერთად საქართველოში მივემგზავრები ხოლმე, სადაც ყოველთვის ბევრი საქმეა, მაგრამ მაინც ნორმალურად დავისვენე. იქ ბევრი მეგობარი და ნათესავი მყავს. ისინი ჩვენთან იკრიბებიან, ჩვენც ბევრს დავდივართ სტუმრად. ყველაზე კარგი დასვენება ოჯახთან ერთად ყოფნაა.

შვებულებიდან ზედმეტი 2,5 კგ-ით დავბრუნდი. კილონახევარი უკვე დავიკელი, მინდა კიდევ ორი დავიკლო. ყატარში პირველად ვარ, მაგრამ აქ ყველაფერი მომწონს. კარგი შეკრებაა, ყველანაირი პირობებით. რაც შეეხება ადგილობრივების ლოცვას, ქრისტიანი ვარ, თუმცა პატივს ვცემ სხვა ადამიანების არჩევანსა და რწმენას. ამაზე რაიმეს თქმა, ჩემი აზრით, დიდი ცოდვაა".

აბა, მეგობრებს ღვინოს როგორ მივყიდი?

ქართველ მცველს რუსმა ჟურნალისტმა, ანდრეა პირლოსა და ანდრეს ინიესტას მსგავსად, ღვინის ბიზნესის დაწყება შესთავაზა:

"სახელობითი ღვინის ჩამოსხმას დამსახურება უნდა. მინიმუმ, ერთხელ მაინც უნდა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, როგორც ეს ინიესტამ და პირლომ მოახერხეს. მაშინ უკვე ცნობადი ვიქნები და ღვინოსაც კარგი რეკლამა გამოუვა. მაგრამ დღეს რომ ამ საქმეს ხელი მოვკიდო, მხოლოდ მეგობრებზე მომიწევს გასაღება. აბა, მეგობრებს ღვინოს როგორ მივყიდი? მათ ფულს ვერაფერში გამოვართმევ. ასე რომ, ჯერჯერობით ასეთ ბიზნესზე არ ვფიქრობ".

საბას იმედი აქვს, რომ ეროვნული ნაკრები წარმატებით გამოსვლას გააგრძელებს

საბამ სამშობლოში თავის პოპულარობასა და ფედერაციის ხელმძღვანელობაზეც ილაპარაკა:

"დღეს საქართველოში მცნობენ და საკმაოდ ხშირადაც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნაკრებს კარგი შედეგები აქვს. ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. იმედია, მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ფედერაციაში კარგი ხელმძღვანელობა გვყავს, გვეხმარებიან და ყველაფერს აკეთებენ ნაკრებისთვის. კლუბს, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების კარგი თაობა გვყავს".

ჩემპიონთა ლიგაში გრძნობ, რომ შენც ფეხბურთელი გქვია

რუსეთის ჩემპიონებმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გამოსვლა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს. ქართველმა მცველმა ევროპის უმთავრეს ტურნირზე და გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა:

"ჩემპიონთა ლიგა ზღაპარია. ნებისმიერ ფეხბურთელის ოცნებაა იქ თამაში. სულ სხვა დონეა. განსაკუთრებულია ჰიმნი. თამაშის წინ მას რომ ვუსმენდი, ტირილი მინდოდა. დასანანია, რომ ყველაფერი ისე მოხდა. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ისევ მოხვდეთ. საამისოდ ყველაფერი გვაქვს. გვინდოდა, მინუმუმ, ევროპალიგაზე გადავსულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც სხვა დონეა, რომელსაც სიტყვებით ვერ ავხსნი. იქ გრძნობ, რომ შენც ფეხბურთელი გქვია".

საბამ ტრავმის მიუხედავად, ის თამაში ჩაამთავრა 

საბამ თავის ტრავმებზე, ჩაფხუტით თამაშსა და შიშზე ისაუბრა:

"ჩაფხუტით თამაში ძალიან მოუხერხებელია. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ვერაფერს ხედავ. ჩაფხუტით ერთი მატჩი ჩავატარე, შემდეგ კი აღარ გამოვიყენე. თანაგუნდელები ხუმრობით ტანკისტს მეძახდნენ.

ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ჩაფხუტით თამაში მომიხდა. ორი წლის უკან საქართველოს ნაკრებშიც გავიტეხე თავი და მისი დაფარება დამჭირდა. თავზე ერთ მხარეს 13 ნაკერი მაქვს, მეორე მხარეს - 8.

არასდროს ვფიქრობ იმაზე, რა მოყვება ორთაბრძოლას. არაფერს ვერიდები. საერთოდ, ცხოვრებაშიც არაფრის მეშინია". 

კომენტარები

ბოლო ამბები