Thumbnail

სტუდენტები 'გეიმინგით' უნდა დაკავდნენ - კვლევა, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • ახალი კვლევების მიხედვით ვიდეო თამაშები ადამიანებს აუცილებელ უნარებს უვითარებს
  • უნივერსიტეტების ნაწილი 'გეიმინგის' შესახებ სასწავლო კურსებს ქმნის
  • კომპიუტერულ თამაშებს დისლექსიის სამკურნალოდაც იყენებენ

უნივერსიტეტის სტუდენტები ვიდეო თამაშებით უნდა დაკავდნენ. ამ წინადადებაზე შორს სიმართლისგან თითქოს არაფერი დგას, მაგრამ ახალი კვლევა სხვა რამეს გვეუბნება. 

'გეიმინგი' მშობლების და მასწავლებლების აზრით დროის კარგვაა, მაგრამ სინამდვილეში ეს საქმიანობა კოგნიტურ და სოციალურ უნარებს ავითარებს. ვიდეო თამაშები ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და ინკლუზიური აქტივობაა, რომლითაც ადამიანი შეიძლება დაკავდეს. ნეგატიური წინასწარგანწყობების მიუხედავად, ელექტრონული სპორტი დიდ ბიზნესად იქცა, ასე რომ სფეროში სამსახურის შოვნაც გაადვილებულია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - eSports ადამიანებს რეალურ სამყაროში ცხოვრებას ასწავლის. უნივერსიტეტებს კი ამ კუთხით შეუძლიათ, რომ სტუდენტებისთვის ვიდეო თამაშებთან დაკავშირებული აკადემიური პროგრამები შექმნან.

ვიდეო თამაშები რეალურ უნარებს ავითარებს

საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვიდეო თამაშებს არც თუ ისე კარგი რეპუტაცია ჰქონდა. სტერეოტიპული 'გეიმერი' ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ბნელ ოთახშია განმარტოებული და ფერად ეკრანს მისჩერებია. ბევრი კრიტიკოსი საუბრობს იმაზეც, რომ ვიდეო თამაშებს მცირე პრაქტიკული გამოყენება აქვს და ინტელექტუალურ ზრდას აჩერებს.

სტერეოტიუპული 'გეიმერის' სახე პოპკულტურაში ხშირად გვხვდება - South Park 

აღმოჩნდა, რომ ეს მოსაზრება არასწორია. თამაშების დიდი ნაწილი მეხსიერებას, კონცენტრაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარებს აუმჯობესებს. American Journal of Play-ს მიერ შესრულებული სრულყოფილი ანალიზი ცხადყოფს, რომ ვიდეო თამაშების შედეგად დისლექსიის მქონე ბავშვებმა კითხვის გამოცდებზე მაღალი ქულები აიღეს. ზოგ შემთხვევაში კი 'გეიმინგს' ძვირად ღირებულ მკურნალობაზე უკეთესი შედეგიც კი ჰქონდა.

ვიდეო თამაშები 'კომპიუტერულ აზროვნებასაც' ავითარებს, რომელიც პრობლემის გადაჭრის მიმართ თანამედროვე მიდგომას წარმოადგენს და დღევანდელ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 'კომპიუტერული აზროვნება' პრობლემის დაშლას, პატერნების აღმოჩენას და გამოსავლების ძიებას გულისხმობს. 2016 წლის კვლევამ, რომელიც კოლუმბიას უნივერსიტეტმა ჩაატარა, აჩვენა, რომ თამაშები, რომლებშიც ადამიანებს გარემოს გამოკვლევა, საკუთარი სამყაროს შენება და მიზნების დასახვა უწევთ, ამ უნარის გამოსამუშავებლად განსაკუთრებით სასარგებლოა.

კომპიუტერული თამაშები სოციალურ უნარებსაც აუმჯობესებს და ადამიანებს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სოციალური ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიული ეპიდემიოლოგიის სფეროში 2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 'ონლაინ' თამაშებში ჩამოყალიბებული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილი რეალურ სამყაროში ინაცვლებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღევანდელი 'გეიმერების' უმეტესობა იმ სტერეოტიპს აღარ შეესაბამება, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. მოთამაშეთა 70%-ზე მეტი 18 წელზე უფროსია და მათი 45% ქალია.

კარიერები eSports ინდუსტრიაში

'გეიმინგის' ინდუსტრია ადამიანებს უკვე მრავალი სახის პოტენციურ კარიერას სთავაზობს. ვიდეო თამაშების ლიგები, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს ტურნირებში უპირისპირდებიან, ძალიან დიდი შემოსავლის წყაროა. ვარაუდობენ, რომ 2021 წელს ელექტრონული სპორტის აუდიტორია 550 მილიონს გადააჭარბებს, რაც 2016 წლის მონაცემზე ორჯერ მეტია.

თითოეულ eSports ღონისძიებაზე ათობით წამყვანი მუშაობს

ასე რომ, სფეროში ადამიანური რესურსის დეფიციტი ძალიან მალე შეიქმნება და მარკეტერებზე, კონსულტანტებზე, კომუნიკაციის სპეციალისტებზე, წამყვანებზე და ვიდეო თამაშების შემქმნელებზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება.

უნივერსიტეტი და ელექტრონული სპორტი

ზოგი უნივერსიტეტი უკვე ჩაერთო სფეროში და ელექტრონული სპორტის გუნდები ჩამოაყალიბა. ილინოისში მდებარე რობერტ მორისის უნივერსიტეტი ერთ-ერთი მათგანია. 2014 წლიდან 100-ზე მეტი სკოლა კოლეჯის eSports-ის ნაციონალურ ასოციაციაში (NACE) ჩაერთო. მათ შორისაა ნიუ იორკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტიც.

ნიუ იორკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს წარმომადგენლები ბევრ სახეობაში ჰყავს

გარდა ამისა, უნივერსიტეტებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ კამპუსებზე ელექტრონული სპორტისთვის განკუთვნილი ბაზები შექმნან, სადაც eSports გუნდები უმაღლეს დონეზე მოემზადებიან. ტრადიციული სპორტული პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებსაც საოცარი ათლეტიზმი სჭირდება, ელექტრონულ სპორტში ნებისმიერ შეუძლია ჩაერთოს. eSports თამაშები განსაკუთრებულ ეკიპირებას არ მოითხოვენ და ისინი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვა აქტივობები.

არ გვავიწყდება, რომ პროფესიონალი კიბერ სპორტსმენი მხოლოდ ერთეულები გახდებიან, მაგრამ დანარჩენებს ელექტრონული სპორტის 'მეზობელ' სფეროებში შეუძლიათ კარიერის გაგრძელება.

მასაჩუსეტში მდებარე ბეკერის კოლეჯი, სტუდენტებს უკვე სთავაზობს eSports მენეჯმენტში ბაკალავრის ხარისხს. ემერსონის კოლეჯს რამდენიმე კურსი აქვს ახალი ინდუსტრიის შესახებ. აშშ-ში ვიდეო თამაშების დიზაინერის საშუალო ხელფასი 88,000 $-ია.

ნელ-ნელა ვიდეო თამაშების მიმართ დამოკიდებულება იცვლება და მეტი ადამიანი იგებს, რომ ის, რაც ადრე დროის კარგვა გვეგონა, სინამდვილეში საკმაოდ სასარგებლო საქმიანობაა. ახლა უკვე კოლეჯების და უნივერსიტეტების ჯერია, რომ სტუდენტები ამ სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიისთვის მოამზადონ.

კომენტარები

ბოლო ამბები