Thumbnail

იტალია ეიფორიაშია - მიკ შუმახერი ფერარის აკადემიაში, მარანელოზე!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მიხაელ შუმახერის შვილი ფერარის აკადემიის წევრი გახდა
  • იტალიური მედია მიკ შუმახერის ტრანსფერით აღფრთოვანებულია

მიკ შუმახერის ფერარის საჯინიბოს ტალანტების აკადემიაში ჩარიცხვამ იტალიაში უდიდესი ეიფორია გამოიწვია. ლეგენდარული მიხაელ შუმახერის 19 წლის ვაჟი ბოლოს და ბოლოს მივიდა იქ, სადაც მისი ადგილიაო - წერენ იტალიურ მედიაში.

“როგორც იქნა, მარანელოზე ახალი შუმახერი გამოჩნდა!” - ვკითხულობთ “გაძეტა დელო სპორტში”, სადაც ასევე წერია, რომ ფორმულა 3-ში ევროპის ჩემპიონის Ferrari Driver Academy-ში გადასვლა იტალიური საჯინიბოს ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისია. რეკორდსმენი შუმის შვილის ჩარიცხვა სკუდერიამ ოფიციალურად დაადასტურა. 19 წლის უმცროსი შუმი წითლების ტალანტების სრულ პროგრამაში ჩაერთვება და ამავე სეზონში შეუძლია ფორმულა 1-ის ახალგაზრდა პილოტების ტესტებში მონაწილეობა.

მიკ შუმახერმა შარშან ფორმულა 3 მოიგო და მომავალ სეზონში ფორმულა 2-ში დებიუტი ექნება. გაზეთი “კორიერე დელა სერა” პატარა შუმის გადაბირებას ფერარისთვის უდიდეს ტრანსფერს უწოდებს - ტიფოზებს ოცნება აუსრულდათო, წერს ხსენებული გამოცემა.

მიკის მამამ, მიხაელ შუმახერმა თავისი 7 ტიტულიდან 5 სწორედ ფერარისთან ერთად მოიპოვა. ფერარის ბოლიდით ბოლო ერთადერთი ჩემპიონი შუმახერის ერის შემდეგ ფინელი კიმი რაიკონენია (2007).

კომენტარები

ბოლო ამბები