Thumbnail

PREVIEW | აუტსაიდერი ტურინში - იუვენტუსს პირველი ტური უნდა ახსოვდეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 21 იანვარი | ⌚ 23:30 | ⚽ იუვენტუსი V კიევო
  • მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი ტურინში მთავარ აუტსაიდერს მასპინძლობს
  • კიევო ერთ-ერთია იმ 4 გუნდიდან, რომელთანაც რონალდომ ვერაფერი გააწყო 

სერია A-ს წლის პირველი ტური, რომელიც მეოცეა, ორშაბათს გასამართი ორი შეხვედრით დასრულდება. ბოლო სატურნირო ცხრილის ლიდერი იუვენტუსი თამაშობს, რომელიც ტურინში აუტსაიდერ კიევოს უმასპინძლებს. 

ნაახალწლევს "ბებერმა ქალბატონმა" ორი მატჩი ჩაატარა და მორიგი ტიტულის მოგებაც მოასწრო. ჯერ იტალიის თასის ⅛-ფინალში ბოლონიას ბარიერი დაძლია მარტივად (2:0), საუდის არაბეთში გამართულ იტალიის სუპერთასზე კი მილანს კრიშტიანო რონალდოს გოლით აჯობა და ჯილდოს დაეუფლა. რაც შეეხება ჩემპიონატს, მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ერთი შეხედვით, აქაც ყველაფერი დიდებულად მიმდიმარეობს - პირველი ადგილი ცხრილში და 9-ქულიანი უპირატესობა მეორე ადგილოსან ნაპოლისთან (19 ტურის შედეგებით). 

პორტუგალიელმა იუვეში პირველი ჯილდო ახლახან მოიგო - იტალიის სუპერთასი 

მაგრამ თუ გავიხსენებთ წლის მიწურულს ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩს, დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ იუვე ძალებს ზოგავდა და ეს კინაღამ ძვირადაც დაუჯა. ჩემპიონებმა ჯერ ბერგამოში ატალანტასთან დაკარგეს ქულები (2:2), შემდეგ კი შინ სამპდორიასთან ლამის ხელიდან გაუშვეს მოგება (2:1). ასეც იქნებოდა, არბიტრს რიკარდო საპორანოს გოლი რომ არ გეუქმებინა.

და კიდევ, გასახსენებელია, რომ პირველ ტურში "მფრინავმა ვირებმა" ვერონაში მაგარი ბრძოლა გაუმართეს იუვენტუსს. მართალია, ის შეხვედრა საბოლოოდ ალეგრის გუნდის გამარჯვებით (3:2) დასრულდა, მაგრამ ფაქტია, რომ 75-ე წუთამდე კიევო 2:1-ს იგებდა, გამარჯვების გოლი კი ფედერიკო ბერნარდესკიმ მესამე კომპენსირებულ წუთზე შეაგდო.

იუვენტუსი ალბათ შეეცდება, თავიდან აიცილოს მსგავსი სცენარი და ფხიზლად ითამაშოს დაცვაში. სხვა საკითხია, რომ კიევო ამჟამად ნამდვილად არ არის იმ ფორმაში, რომ ტურინში ქულების მოპოვებაზე იფიქროს.

...მაგრამ მაინც ფიქრობს და ძველ მატჩებს იხსენებს

თუმცა გუნდმა, რომელსაც ნოემბრის ბოლოდან დომენიკო დი კარლო წვრთნის (იქამდე გუნდთან მუშაობა სეზონში ორმა სპეციალისტმა მოასწრო), ახალი თავკაცის ხელში აშკარად გამოასწორა თამაში - 7-იდან 5 მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა, ერთი სულაც მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო. ამის მიუხედავად, კიევო ჯერ ისევ ცხრილის ფსკერზე რჩება 8 ქულით.

ტურინელებს ტრავმების გამო კუადრადო, ბარძალი, მანჯუკიჩი და ბენატია აკლიათ, დისკვალიფიკაციის გამო კი პიანიჩი ვერ ითამაშებს. კიევოს რიგებში ტრავმები ობისა და ბარბას აქვთ.

ტურინელთა ვარჯიში სერია A-ში წლის პირველი მატჩისთვის

საინტერესო ფაქტები

⚽ 2000 წლიდან მოყოლებული, ტურინის იუვენტუსს კიევოსთან ჩემპიონატში 15 საშინაო მატჩი აქვს ჩატარებული და 11 მოგება და 4 ფრე აქვს.

⚽ ტურინის იუვენტუსმა კიევოს ბოლო 6-ივე დაპირისპირება მოუგო და თან ისე, რომ მატჩში მინუმუმ 2 გოლს უტანდა. ჯამში იუვემ მეტოქეს 16-ჯერ გაუტანა, მისგან კი 3 მიიღო. 

⚽ ვერონელებს ტურინის იუვენტუსთან 2010 წლის შემდეგ არ მოუგიათ, ქულა კი ბოლოს 2015 წლის მიწურულს მოიპოვეს.

⚽ კიევოს იტალიის ჩემპიონატში სტუმრად ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან გამარჯვება არცერთში მოუპოვებია.

⚽ ტურინის იუვენტუსმა ბოლო სამი საშინაო შეხვედრა იტალიის ჩემპიონატში ერთი ბურთის უპირატესობით მოიგო.

⚽ კიევოს ბოლო 7 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა. იგივე მოხდა ტურინის იუვენტუსის ბოლო ორ მატჩშიც (თასსა და სუპერთასზე).

⚽ კიევომ 2018 წელი ლიგაში თავისი პირველი გამარჯვებით დაასრულა და გადარჩენის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, თუმცა უსაფრთხო ზონას 8 ქულა აშორებს.

⚽ სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ (14 გოლი, 5 პასი) გოლი ან საგოლე პასი ჩემპიონატში მხოლოდ 4 გუნდთან ვერ მიითვალა და აქედან ერთ-ერთი კიევოა.

⚽ "ბებერი ქალბატონი" (17 მოგება, 2 ფრე) ჩემპიონატში მეორეა გატანილი გოლების რაოდენობით (38), ხოლო გაშვებული გოლების სიმცირით - საუკეთესო (11).

⚽ სერია A-ში საშინაო მატჩებს ყველაზე კარგად იუვე ატარებს (9 მოგება, 1 ფრე). ალეგრის გუნდმა ტურინში ზედიზედ ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო. ბურთები: 9-2.
 
⚽ კიევომ ჩემპიონატში სტუმრად ჩატარებული ბოლო ოთხი მატჩიდან სამში ქულა მოიპოვა და მხოლოდ ერთი დათმო.

კრიშტიანომ პირველი წრის მატჩში კიევოს გოლი ვერაფრით გაუტანა

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ჯანი, ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, რონალდო, ბერნარდესკი.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - დეპაოლი, როსეტინი, ბანი, ტომოვიჩი - კიინე, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ჯაკერინი - პელისიე, მეჯორინი.

კომენტარები

ბოლო ამბები