Thumbnail
  • დეტროიტ პისტონმა დაძაბულ ბრძოლაში მაიამი ჰიტი ანგარიშით 98:93 დაამარცხა
  • მასპინძლებმა მატჩის დასაწყისშივე მთავარი ცენტრი ანდრე დრამონდი დაკარგეს
  • ამის გამო ზაზა ფაჩულიას დეტროიტში რეკორდულად დიდი სათამაშო დრო ჰქონა
  • ვეტერანი ქართველის წვლილი მატჩის შემდეგ მწვრთნელმა დუეინ კეისიმაც დააფასა

ფაქტია, ტრავმით გამოწვეული ლამის სამკვირიანი უქმობის შემდეგ, ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა და დეტროიტ პისტონსმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. წინა სათამაშო დღეს დეტროიტელებმა მასთან ერთად ორლანდო მეჯიკს შინ ოვერტაიმში მოუგეს, ამჯერად კი საკუთარ დარბაზში მაიამი ჰიტი მიიღეს და მეტოქეს ანგარიშით 98:93 სძლიეს. ეს შეხვედრა გამორჩეული გამოდგა ზაზასთვის, რომელიც თამამად შეგვიძლია მატჩს ერთ-ერთ გმირად დავასახელოთ.

ზაზამ დეტროიტში რეკორდულად დიდი სათამაშო დრო მიიღო

ვეტერანი ქართველი ცენტრის წვლილზე დეტროიტის მთავარი მწვრთნელის დუეინ კეისის მიერ თამაშის დასრულების შემდეგ ნათქვამი სიტყვებიც მიუთითებს: 

"ის გამოცდილი პროფესიონალია და ჩვენი თამაში დაასტაბილურა. დიდწილად, სწორედ მისი დახმარების წყალობით მოვახერხეთ ამ თამაშში წარმატების მიღწევა. ეს დიდი, ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებაა და ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა".

შეხვედრა დრამატული გამოვიდა. მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, პირველი მეოთხედი 13-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, დიდ შესვენებაზე კი ანგარიში 53:39 იყო (+14), მაგრამ ამის შემდეგ დეტროიტი აირია - მესამე მეოთხედში მეტოქეს უპირატესობის აღმოფხვრისა და წინ გასვლის საშუალება მისცა. გადამწყვეტი კი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ფაჩულიამ და მისმა თანაგუნდელებმა უკეთესად ჩაატარეს და მატჩი საბოლოო გამარჯებამდე მიიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ დეტროიტს თამაშის დასაწყისშივე გამოაკლდა მთავარი ცენტრი ანდრე დრამონდი, რომელსაც მეტოქე ჯეიმს ჯექსონმა სათამაშო ეპიზოდში სახეში ჩაარტყა. მთავარი ცენტრის გამოკლების გამო, დეტროიტში რეკორდულად დიდი სათამაშო დრო მიიღო ფაჩულიამ. ზაზამ მოედანზე 28:14 წუთი დაჰყო და მიუხედავად იმისა, რომ სულ 2 ქულა მიითვალა, დაცვითი ფუნქციების მაღალ დონეზე შესრულებითა და თანაგუნდელებისთვის ხელშეწყობით, დიდწილად განაპირობა დეტროიტის გამარჯვება. ფაჩულიამ 2 ქულის გარდა, 9 მოხსნა (აქედან 4 შეტევაში), 2-2 პასი და ჩაჭრა მიითვალა.

ქართველ ვეტერანს ამ სეზონში 9-ზე მეტი მოხსნა ერთხელ ჰქონდა - ფინიქსთან (10) 

ფაჩულიამ სამიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამ ქულებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თამაშის დასრულებამდე 41,1 წამით ადრე მასპინძლებს ერთქულიანი უპირატესობა ჰქონდათ (92-91). სწორედ ამ დროს იყოჩაღა 34 წლის ქართველმა ცენტრმა და თანაგუნდელთა რამდენიმე უშედეგო შეტევის შემდეგ, ბურთი კალათში თავად მოათავსა და გუნდს 3-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

ზაზა ფაჩულიას გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული 44 მატჩის შემდეგ 20 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.

მომდევნო მატჩი დეტროიტ პისტონს თბილისის დროით 20 იანვარს, შუაღამისას, შინ საკრამენტო კინგსთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები