Thumbnail

ბითაძემ რეალი დაამარცხა! გოგას პირველი ორმაგი დუბლი ევროლიგაზე 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-19 ტურის მატჩში მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა სენსაცია მოახდინა - მოქმედ ჩემპიონ რეალს 73:60 მოუგო.

ბუდუჩნოსტის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. 19 წლის ბითაძემ, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 27:33 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა - 13 ქულა და 10 მოხსნა. მის ანგარიშზეა 3 ბლოკი და 1 ჩაჭრაც. გოგამ ერთხელ სამქულიანიც ჩაუგდო "სამეფო კლუბს". ბითაძემ ყველა საჯარიმო (4-დან 4) ჩააგდო და ბურთი არ დაუკარგავს! მან მხოლოდ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მარგი ქმედების კოეფიციენტით (16) გოგა მხოლოდ თანაგუნდელ კოტი კლარკს (25) ჩამორჩა, რომელმაც 12-12 ქულა და მოხსნა მიითვალა. რეალის ცენტრებს, გუსტავო აიონსა და უოლტერ ტავარეშს ერთად უფრო ნაკლები (8) მოხსნა ჰქონდათ, ვიდრე გოგას! მოკლედ, რეალის თავკაცი პაბლო ლასო თამაშამდე ტყუილად კი არ უფრთხოდა გოგა ბითაძეს, რომელსაც უდიდესი ტალანტი უწოდა. 

გოგა ბითაძე ევროლიგაზე - 5 მატჩი 14.4 ქულა, 7.4 მოხსნა და 3.2 ბლოკი.

ბითაძის ერთ-ერთი ბლოკი

ბუდუჩნოსტს 19-დან 5 მოგება აქვს და კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო რეალი 4 მარცხით მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბუდუჩნოსტმა 5-დან 3 ესპანურ კლუბებს - ბარსელონას, ბასკონიასა და რეალს მოუგო (კიდევ ცსკა-ს და დარუშაფაკას). მომდევნო ტურში პოდგორიცას კლუბი კიდევ ერთ ესპანურ კლუბს, გრან კანარიას მასპინძლობს, ეს შეხვედრა 25 იანვარს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები