Thumbnail

საქართველოს ჩემპიონატი კლასიკურ ჭიდაობაში: ყველა ჩემპიონი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
  • დასკვნით დღეს მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. დასკვნით დღეს მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

60 კგ.
ჩემპიონი: დავით ჩხარტიშვილი

60 კგ. წონით კატეგორიის ფინალში დავით ჩხარტიშვილი და რამაზ სურმანიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონმა, ჩხარტიშვილმა უპირატესობით წარმართა შეხვედრა, 1.44 წუთში დაამარცხა მეტოქე და ოქროს მედალი მოიპოვა.

67 კგ.
ჩემპიონი: შმაგი ბოლქვაძე

რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე ფინალში თორნიკე ჯანგავაძეს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა ჯანგავაძის უპირატესობით დაიწყო, რაც ქულებშიც აისახა, თუმცა შემდეგ, ბოლქვაძემ შეუტია და მძიმე ბრძოლაში სძლია მეტოქეს. შმაგი ბოლქვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო თორნიკე ჯანგავაძეს ვერცხლი დარჩა.

შმაგი ბოლქვაძემ ფინალში თორნიკე ჯანგავაძე დაამარცხა

77 კგ.
ჩემპიონი: თორნიკე ძამაშვილი

77 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში თორნიკე ძამაშვილი და მინდია წულუკიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ძალიან დაძაბულ და ემოციურ ბრძოლაში მინიმალური უპირატესობით ძამაშვილმა გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა, წულუკიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელია. 

87 კგ.
ჩემპიონი: რობერტ კობლიაშვილი

87 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ფავორიტად რობერტ კობლიაშვილი იყო მიჩნეული, რომელიც პარიზის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი, ევროპის ვიცე-ჩემპიონიო და რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. ფავორიტმა გაამართლა სტატუსი და ვარლამ კვარაცხელიას დამაჯერებლად მოუგო. კობლიაშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

რობერტ კობლიაშვილი და ვარლამ კვარაცხელია

130 კგ.
ჩემპიონი: იაკობ ქაჯაია

ძალიან საინტერესო გამოვიდა მძიმეწონოსნების ფინალი. ბექა კანდელაკმა თავიდანვე შეუტია იაკობ ქაჯაიას და 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ შეცდომა დაუშვა, ქაჯაიამ გადამწყვეტი ილეთი შეასრულა და ოქროს მედალიც მოიპოვა. იაკობ ქაჯაია ახალგაზრდებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი და რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, თავისი კლასი კი საქართველოს ჩემპიონატშიც დაამტკიცა.

იაკობ ქაჯაიას და ბექა კანდელაკის ფინალი

 

კომენტარები

ბოლო ამბები