Thumbnail
  • დღეიდან ლაშა დვალი ფერენცვაროშის ფეხბურთელია
  • პოლონური მედიის თქმით, ეს ტრანფერი 500 ათასი ევრო დაჯდა

უნგრეთის 29-გზის ჩემპიონი და OTP ლიგის ამჟამინდელი ლიდერი ფერენცვაროში ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა - 23 წლის მცველი ლაშა დვალი უნგრული კლუბის წევრი ოფიციალურად გახდა. 

"ფერენცვაროში საქართველოს ნაკრების მცველით გაძლიერდა. 191 სმ. სიმაღლის ფეხბურთელს ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. ის პოლონეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე მყოფი კლუბის, პოგონის წევრი იყო", - წერს ოფიციალური საიტი. დვალი უკვე გუნდთან ერთად ბელეკში ვარჯიშობს.

დვალმა განაცხადა, რომ როცა ფერენცვაროშის წინადადება მიიღო ბევრი არც უფიქრია. დამატებითი სტიმული იყო ისიც, რომ გუნდის თავკაცი უკრაინელი სერგეი რებროვია. უნგრული კლუბი არ იტყობინება, რა დაუჯდა ქართველი ლეგიონერი, თუმცა პოლონური მედია ამტკიცებს, რომ 23 წლის ქართველი ფერენცვაროშს 500 ათასი ევრო დაუჯდა. 

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ჩემპიონატში თამაშობს გიორგი ბერიძე, რომელიც გენტის საკუთრებაა და უიპეშტში იჯარით ასპარეზობს. პუშკაშ აკადემიას წევრია ბაჩანა არაბული. ჰალადაშში თამაშობს ბუბა დაუშვილი. ახლახან კიდევ ერთ უნგრულ გრანდში, ჰონვედში გადავიდა ზაქარია ბეგლარიშვილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები