Thumbnail

კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატია - 15 თებერვალს სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 15 თებერვალს სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებია
  • არჩევნების ბედს 30 დელეგატი განსაზღვრავს

15 თებერვალს ჩატარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა, რომელზეც ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ. ჯერჯერობით, კანდიდატი მხოლოდ ერთია: ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. კანდიდატად დარეგისტრირების ვადა 21 იანვარს იწურებს. ლევან კობიაშვილი დღეს, 18 იანვარს დარეგისტრირდა, შემდეგ კი მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა…

“დღეს არანაკლებ მოტივირებული ვარ, ვიდრე 2015 წლის არჩევნების წინ. ოფიციალურად დავრეგისტრირდი როგორც კანდიდატი და მივიღებ მონაწილეიბას საპრეზიდენტო არჩევნებში. აქვე აღვნიშნავ, რომ ყრილობაზე პრეზიდენტის გარდა, ავირჩევთ აღმასკომის წევრებს. ჩემთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არის უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და გამოწვევა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი კანდიდატურა წარადგინა და ამ ფორმით, მხარი დამიჭირა. მჯერა, რომ მათთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებაზე დადებითად აისახება”. - ეს იყო კობიაშვილის პირველი კომენტარი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ…

ლევან კობიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა

აქვე აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს 30 ხმის უფლების მქონე დელეგატი განსაზღვრავს და მათგან 27-მა უკვე წარადგინა კანდიდატად ლევან კობიაშვილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს დიდი მხარდაჭერა აქვს და 15 თებერვლის ყრილობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. დიდი ალბათობით, ლევან კობიაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება. ამ თემაზე კობიაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ამ დროისთვის, რა ინფორმაციასაც მე ვფლობ, 27-მა დელეგატმა წარმადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად. მათ ნდობა გამომიცხადეს, რაც მახარებს და ამავე დროს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამ დელეგატებს შორის არიან როგორც კლუბები, ისე რეგიონალური ფედერაციები. ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატი ვარ, თუმცა 21 იანვრამდე არის დრო და უნდა დაველოდოთ ამ დროის ამოწურვას”.

არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა: “28 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა განსაზღვრა 2019 წლის ყრილობის თარიღი, 15 თებერვალი. საარჩევნო წელია და ავირჩევთ როგორც ფედერაციის პრეზიდეტს, ისე აღმასკომის წევრებს. საპრეზიდენტო კანდიდატად ჯერჯერობით მხოლოდ ლევან კობიაშვილია დარეგისტრირებული, ვადის ამოწურვამდე კი სამი დღეა დარჩენილი. აქვე აღვნიშნავ, რომ 27-მა დელეგატმა წარადგინა ერთადერთი კანდიდატი და ისინი მხარს უჭერენ კობიაშვილს. საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 30 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას”.

კომენტარები

ბოლო ამბები