Thumbnail
  • 31 წლის რუსმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მესამე ჩოგანს სამ სეტში აჯობა
  • 1/8 ფინალში მარია შარაპოვას მეტოქე ავსტრალიელი ეშლი ბარტი იქნება 

მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობის ⅛-ფინალში გაივდა. ტურნირზე 30-ე ნომრად განთესილმა რუსმა ჩოგბურთელმა მესამე წრეში მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის მე-3 ნომერ კაროლინ ვოზნიაცკის სამ სეტში მოუგო - 6:4, 4:6, 6:3.

ეს რუსი და დანიელი ჩოგბურთელების მე-13 დაპირისპირება იყო კარიერაში და მარიამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გაზარდა - 8:5. რაც შეეხება ბოლო მატჩს, დაპირისპირებამ 2 საათსა და 24 წუთს გასტანა. 31 წლის შარაპოვამ 5-5 ბრეიკი და ეისი მიითვალა, 7-ჯერ კი მოწოდებაზე შეცდა. 28 წლის ვოზნიაცკის ანგარიშზე 3 ბრეიკი, 5 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა.

ავსტრალიის ღია პირველობის შარშანდელი ჩემპიონი მელბურნს მესამე წრეში დაემშვიდობა

დიდი სლემის წლის პირველ ტურნირზე შარაპოვას გამარჯვება 2008 წელს აქვს მოპოვებული, მსოფლიოს კლასიფიკაციის საუკეთესო სამეულის წარმომადგენელთან კი მარიას მანამდე წელიწადნახევრის წინ, 2017 წლის აგვისტოში ჰქონდა მოგებული - US Open-ის პირველ წრეში, სიმონა ჰალეპთან.  

შარაპოვა ვოზნიაცკისთან თამაშის დონით კმაყოფილი დარჩა

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში გამარჯვების შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა:

"მგონია, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ის მოქმედი ჩემპიონია და საიდუმლო არავისთვისაა, რომ აქ თამაში უყვარს. სწორედ ასეთი შეხვედრებისთვის ვემზადები და ძალიან კარგია, რომ ეს ბრძოლა მოვიგე. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ეშლი არაჩვეულებრივია. ამჟამად ის ძალიან სტაბილურად თამაშობს. მესმის, რომ გულშემატკივრები მას უქომაგებენ, მაგრამ აქ მეტოქეობისთვის ვარ ჩამოსული", - თქვა შარაპოვამ.

მელბურნში მარია შარაპოვას მომდევნო მეტოქე ავსტრალიელი ეშლი ბარტი (15) იქნება.

Australian Open-ზე ქალთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებული 26 იანვარს გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები