Thumbnail
  • ლუკა დონჩიჩი კალათბურთის ფანებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს
  • NBA ALL STAR-ის გამოკითხვაში სლოვენიელს 3,3 მილიონზე მეტი ხმა აქვს
  • მოულოდნელად, ჯეიმს ჰარდენი საკმაოდ უკანაა

ეს ბიჭი უბრალოდ შეუჩერებელია!

რამდენიმე კვირაა, რაც NBA-ში რიგით 68-ე ოლ სტარის მონაწილეთა გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო და დალას მავერიკსის Rookie ლუკა დონჩიჩს გამოკითხვაში შესანიშნავი შედეგები აქვს. NBA-მ გამოკითხვის შუალედური შედეგები მესამედ და უკანასკნელად გამოაქვეყნა: 19 წლის სლოვენიელს 3,3 მილიონზე მეტი ხმა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

აქვე ვთქვათ, რომ ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემას აზრი არ ჰქონდა!

ლუკა დონჩიჩის წინ დასავლეთში მხოლოდ ლეიკერსის სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსია, რომელმაც ამ დროისთვის 3,77 მილიონი ხმა მოაგროვა. ასეთი შედეგით დონჩიჩმა კატეგორიაში Frontcourt ისეთი დიდ მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც პოლ ჯორჯი, კევინ დურანტი და ენტონი დეივისი არიან.

🏀 რაც ყველაზე საინტერესოა, თვით სტეფ კარისაც კი, რომელიც დასავლეთში Guards კატეგორიაში ლიდერობს, ლუკა დონჩიჩზე ნაკლები ხმა აქვს - 2,97 მილიონი.

აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო შედეგი მილოუკი ბაქსის მძიმე ფორვარდ იანის ანტეტოკუნმპოს აქვს - 3,6 მილიონი ხმა. ფანების დიდი მხარდაჭერა აქვთ კაირი ირვინგს (ბოსტონი, 3,18 მილიონი ხმა) და კავაი ლეონარდს (ტორონტო, 2,88 მილიონი ხმა).

საერთო ჯამში, ლუკა დონჩიჩზე მეტი ხმა მხოლოდ ლებრონ ჯეიმსს და Greek Freak-ს აქვთ!

საინტერესო ფაქტი: დასავლეთ კონფერენციაში დერიკ როუზმა (მინესოტა) დაახლოებით 400 000 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე ჰიუსტონ როკეტსის მეგავარსკვლავმა და წინა სეზონის MVP ჯეიმს ჰარდენმა, რომელიც ახლაც ზღაპრულ ფორმაშია და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.

ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ხმის მიცემა 7 თებერვლამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ის მოთამაშეები, რომლებსაც კონფერენციებში ყველაზე მეტი ხმა ექნებათ, კაპიტნების რანგში თავიანთ გუნდებს აირჩევენ. შარშან, გუნდების კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი იყვნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები