Thumbnail

Brawlhalla - eSports სეზონი ნახევარმილიონიანი საპრიზო ფონდით დაბრუნდა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • 2019 წელს Brawlhalla-ს საპრიზო ფონდი 500,000 $-ს აჭარბებს
  • წინა სამ სეზონთან შედარებით მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი
  • უფასო თამაში Steam-ზე და PS4-ზე ძალიან პოპულარულია

Brawlhalla Blue Mammoth-ის მიერ შექმნილი  'ფაითინგ' თამაშია, რომელშიც ერთდროულად რვა ადამიანს შეუძლია ჩაერთოს. ყველაზე დიდი პლუსი კი ის აქვს, რომ სრულიად უფასოა და ამის გამო დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 'გეიმერებს' შეუძლიათ ეთამაშონ მეგობრებს, ან 'ონლაინ' მატჩებში უცხო ადამიანებს დაუპირისპირდნენ, მაღალი 'რანკი' მოიპოვონ და Brawlhalla-ს ელიტაში გაერიონ.

'ფაითინგ' თამაშები უცხო არავისთვისაა და ალბათ ვერ ვნახავთ ადამიანს, ვისაც Tekken, Street Fighter ან Mortal Kombat არ უთამაშია, მაგრამ Brawlhalla ყველა პოპულარული თამაშისგან განსხვავებულია. მთავარი ნიშანი, რომელიც მას გამოარჩევს ვიზუალია - თამაშის გრაფიკა კომპიუტერისგან განსაკუთრებულ მონაცემებს არ მოითხოვს და მულტიპლიკაციის სტილში შესრულებული მოდელები და ანიმაციები მოწონებას იმსახურებს. განსხვავებულია 'გეიმფლეიც' - თითოეული მატჩისას იარაღები ციდან ცვივა, თითოეულ პერსონაჟს ორი ტიპის იარაღი აქვს და შესაბამისად მოთამაშის მიერ შესრულებული 'კომბოებიც' იცვლება. ჟანრში არსებული თამაშებიდან Brawlhalla ყველაზე მეტად Super Smash Bros. ჰგავს. 

Brawlhalla-ს სხვა 'ფაითინგ' თამაშებისგან განსხვავებული ვიზუალური მხარე აქვს

უკვე მეოთხე წელია, რაც ორ განზომილებიან 'ფაითინგ' თამაშში eSports ღონისძიებები იმართება და წელს ორგანიზატორებმა Brawlhalla-სთვის უპრეცენდენტო - 500,000 $-იან საპრიზო ფონდი დააანონსეს. შედარებისთვის - შარშან წლიური საპრიზო ფონდი 300,000 $ იყო.

გარდა ამისა, მეოთხე წელს Fighting Game Community-სთვის (FGC) ბევრად მეტი 'ლან' და 'ონლაინ' ტურნირები გაიმართება. ტურნირების ჩატარების შესახებ დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება იმის შესახებ დაბრუნდება თუ არა Brawlhalla DreamHack 2019-ზე. DreamHack მსოფლიოს უდიდესი ციფრული ფესტივალია, რომელზეც 'ლან' ღონისძიებები, კონცერტები და ციფრული ხელოვნების გამოფენები იმართება.

Brawlhalla eSports-მა 2016 წელს აიღო სტარტი და პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრის საპრიზო ფონდი მხოლოდ 50,000 $ იყო და მას სულ რაღაც 400 ადამიანი დაესწრო. 2017-ში საპრიზო თანხა გაორმაგდა და მასთან ერთად მოთამაშეების, გულშემატკივრების და რაც მთავარია სპონსორების ოდენობამაც მოიმატა. ინტერესი უკვე ისეთმა დიდმა კომპანიებმა გამოიჩინეს, როგორიც Twitch.tv, Sceptre, Azio და 'გეიმინგ' ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Astro-ა. 2017 წლის ტურნირის დასკვნით ეტაპი ატლანტაში, DreamHack-ის ღონისძიებაზე შედგა.

Brawlhalla PS4-ზე გასული წლის იანვრიდანაა ხელმისაწვდომი და Fortnite-ის შემდეგ ყველაზე უფრო მოთხოვნადი უფასო თამაშია. 2018 წლის ივლისში Valve-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Blue Mammoth-ის მიერ შექმნილი 'ფაითინგ სიმულატორი' მათ პლატფორმაზე ჟანრში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რეგულარულად 8.65 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები