Thumbnail
  • სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეშია
  • 37 წლის ამერიკელმა კანადელი ეჟენი ბუშარი ადვილად, 2 სეტში დაამარცხა
  • პირველ ჩოგან სიმონა ჰალეპს სოფია კენინთან გამარჯვება გაუჭირდა

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე მატჩიც ადვილად მოიგო. 37 წლის ამერიკელმა კანადელი ეჟენი ბუშარი ორ სეტში, 6:2, 6:2 დაამარცხა და მესამე წრეში სეტის წაუგებლად გავიდა. შეგახსენებთ, რომ სერენამ პირველ რაუნდში ტატიანა მარიას 6:0, 6:2 მოუგო.

ლეგენდარულ გერმანელ ჩოგბურთელ შტეფი გრაფს მიაჩნია, რომ ადრე, თუ გვიან, სერენა უილიამსი ავსტრალიელი მარგარეტ კორტის რეკორდს გაიმეორებს და დიდი სლემის 24-ე ტიტულს მოიპოვებს. “არ ვიცი, მოახერხებს თუ არა სერენა ამას ახლავე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეძლებს,” - უთხრა გრაფმა “სანს”. შაბათს სერენა უკრაინელ დაიანა იასტრემსკას შეხვდება.

სერენა, რომელიც წლების მანძილზე პირველი ჩოგანი იყო, ავსტრალიის ღია პირველობაზე წელს დაბრუნდა. 2017 წელს მან წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი მეშვიდედ მოიგო, შარშან კი ავსტრალიის ღია პირველობა ქალიშვილის დაბადების გამო გამოტოვა.

ტურნირის მესამე რაუნდშია შარშანდელი გამარჯვებული სიმონა ჰალეპიც - მსოფლიოს პირველ ჩოგან რუმინელს ამერიკელი სოფია კენინის დასამარცხებლად 2 საათი და 31 წუთი დასჭირდა - 6:3, 6:7 (5:7), 6:4. აღსანიშნავია, რომ მესამე სეტში ჰალეპი 2:4-ს აგებდა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი სიმონა ჰალეპი

27 წლის ჰალეპი შაბათს დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულ ვენუს უილიამსს შეხვდება. 38 წლის ამერიკელმა, რომელიც მელბურნში ფინალში 2003 და 2017 წლებში იყო, ფრანგი ალიზ კორნე 6:3, 4:6, 6:0 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები