Thumbnail

შეშლილი ბერძენი, რომელიც NBA-ს დაიპყრობს - იანისი ლებრონის გზაზე

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

თუკი თქვენ NBA-ს ყურებას პლეი ოფიდან იწყებთ, მაშინ, შესაძლოა, იანის ანტეტოკუნმპოს სახელი ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ და ფიქრობთ, რომ იგი ერთ-ერთი რიგითი ამომავალი ვარსკვლავია - ისეთი, როგორც NBA-ს არცთუ იშვიათად ჰყავს ხოლმე. მაგრამ თუ წლევანდელ სეზონს სისტემატიურად ადევნებთ თვალს, შეამჩნევდით, რომ ლიგაში წელს ახალი ექსტრაორდინალური ფენომენი დაიბადა.

იანისი აქამდეც ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, თუმცა წელს MVP-ის, წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზის რეალური კანდიდატია და ლიგის სუპერვარსკვლავებს შორის ადგილი მყარად დაიმკვიდრა, მისი მილუოკი ბაქსი კი სეზონის მთავარი აღმოჩენაა.

Greek Freak

Freak - ადამიანი არანორმალური ფიზიკური შესაძლებლობებით ან გარეგნობით - გვეუბნება ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონი.

ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ შევხვდი ადამიანს, რომელმაც ამ სეზონში იანისი თავისი თვალით ნახა - რეაქცია ორივეჯერ ერთნაირი იყო - ორივე შოკირებული (მათ შორის ერთი კალათბურთის ყურების 30-წლიანი სტაჟით) მიმტკიცებდა, რომ იანისი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ადამიანური განზომილების მიღმაა და ორივე აღნიშნავდა, რომ ცოცხლად იანისი კიდევ უფრო ეფექტურია, ვიდრე ტელეეკრანზე.

იანისი კლასიკური Freak-ია, ის ჩვენს წარმოდგენას ცვლის ადამიანურ შესაძლებლობებზე. ბოლო 20 წელიწადში, რაც NBA-ს ვუყურებ, სულ ორი მოთამაშე მახსენდება, რომელსაც ბუნებამ იმდენად ბევრი რამ მისცა, რომ დანარჩენ საკალთბურთო სამყაროს მათ წინააღმდეგ პასუხი არ აქვს - შაქილ ონილი, ლეგენდარული დომინანტი ცენტრი და ლებრონ ჯეიმსი გამთამაშებლის ტექნიკით, სისწრაფით და მოედნის ხედვით მძიმე ფორვარდის სხეულში.

იანისის ფიზიკური მონაცემები თვით NBA-ს მასშტაბითაც კი უნიკალურია. იგი 211 სანტიმეტრის სიმაღლეა და 110 კილოგრამს იწონის. თანამედროვე NBA-სთვის ეს მძიმე ფორვარდის, რიგ შემთხვევებში კი ცენტრის სიმაღლე და წონაა. იანისი ლიგაში 6 წლის წინ მოვიდა და ამ ხნის განმავლობაში მან 30 კილოგრამამდე კუნთური მასა მოიმატა, თუმცა ამის მიუხედავად, არ დაუკარგავს სისწრაფე. მას NBA-ში ყველაზე გრძელი ნაბიჯი აქვს. დრიბლინგის დროს იანისის ნაბიჯი სამ მეტრზე გრძელია.

იანისი 2013 v იანისი 2019

ფიზიკური მონაცემებით მას ლიგაში ერთადერთი მოთამაშე შეგვიძლია შევადაროთ - ლებრონ ჯეიმსი. ლებრონსაც დაახლოებით იგივე სიმაღლე და წონა აქვს (208 სანტიმეტრი, 113 კილო). ორივე ამ მოთამაშის უნიკალურობას ის განაპირობებს, რომ თავისი წონის, სიმაღლის, ათლეტიზმის და ფიზიკური ძალის მიუხედავად, ისინი ძალიან სწრაფები არიან და კარგად ფლობენ ბურთს. გარკვეულწილად ეს ანომალიაა - დიდი მასა ჩვეულებრივ გამორიცხავს ხოლმე სისწრაფეს და ტექნიკას. ეს დააახლოებით ისეა, დიდი ჯიპი რომ წარმოიდგინოთ, რომელსაც შეუძლია ფერარის სისწრაფე განავითაროს და ფორმულა 1-ის ბოლიდის მანევრულობა ჰქონდეს.

წაიკითხეახალი თამაში - სტეფ კარის NBA

Wingspan - ანუ რატომ ვერ დაუსხლტებით იანისს?

Wingspan არის მოთამაშის ორი გაშლილი ხელის სიგრძე ანუ დისტანცია მის გაშლილ ხელებს შორის. რაც უფრო გრძელი ხელები გაქვთ, მით მეტია თქვენი Wingspan. NBA-ში ხელების სიგრძეს და მათ შორის Wingspan-ს ყოველთვის ზომავენ. რაც უფრო გრძელი ხელები აქვს მოთამაშეს, მით მეტ მანძილს აკონტროლებს, უფრო ეფექტურია დაცვისას და უფრო ნაკლები შანსია, რომ სროლის დროს დააფარონ.

იანისის Wingspan 221 სანტიმეტრია ანუ იგი თავისი გაშლილი ხელებით 10 სანტიმეტრით უფრო მეტ სივრცეს ფარავს, ვიდრე მისი სიმაღლეა. ეს გარკვეულწილად ასევე ანომალიაა, რომელიც მას თამაშის დროს ძალიან ეხმარება. საკალათბურთო კორტი არცთუ ისე დიდია - 29 მეტრი სიგრძის და 15 მეტრი სიგანის და წარმოიდგინეთ იანისი თავისი 221 სანტიმეტრიანი ხელების სიგრძით და 3 მეტრის სიგრძის ნაბიჯებით, რა მოცულობის სივრცეს აკონტროლებს. ნებისმიერ პასს იანისის სიახლოვეს ჩაჭრის საფრთხე ემუქრება.

იანისს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხელები აქვს. შედარებისთვის: ლებრონ ჯეიმსის Wingsspan 214 სანტიმეტრია და ლებრონს საკალათბურთო მასშტაბით ძალიან გრძელი ხელები აქვს. კავაი ლეონარდის Wingsspan, იანისის მსგავსად, 221 სანტიმეტრია და სწორედ ამიტომ მიიჩნევა კავაი ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად. მას შეუძლია თავისი გრძელი ხელებით მეტოქეს ბურთი მაშინაც კი წაართვას, როდესაც მისგან საკმაო დისტანციაზე დგას.

ლეონარდი თავისი გრძელი ხელებით ადვილად იპარავს ბურთს

თავისი Wingsspan-ით NBA-ს ვარსკვლავებს შორის აბსოლუტური ლიდერი კევინ დურანტია. მისი გაშლილი ხელების სიგრძე 225 სანტიმეტრია. სწორედ ამიტომ არის დურანტი ლიგის საუკეთესო მსროლელთა შორის - როდესაც ის ისვრის, მისი სიმაღლის და ხელების სიგრძიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია მას დაუფარონ. ბურთი ფრენას იმდენად მაღალი წერტილიდან იწყებს, რომ სხვა მოთამაშეებს უბრალოდ არ შეუძლიათ ამ წერტილს მიწვდნენ.

დურანტის სროლის დაფარება თითქმის შეუძლებელია

იანისიც თავისი ანომალიურად გრძელი ხელებით არანორმალური მოვლენაა. NBA-ს სკაუტები სწორედ მისმა ფიზიკურმა მონაცემებმა მოხიბლა. იანისს NBA-მდე საბერძნეთის მეორე ლიგის იქით კალათბურთი არასოდეს უთამაშია, ფილატლიტიკოსი - ასე ერქვა NBA-მდე მის წინა გუნდს, სკაუტები კი მაინც მიხვდნენ, რომ მოთამაშეს, რომელსაც ასეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, NBA-ში დიდი პერსპექტივა ექნებოდა და მილუოკიმ იგი დრაფტის პირველივე ეტაპზე 15 ნომრად აირჩია.

ამის მიუხედავად, ლიგაში იანისის გამოჩენას მსუბუქი იუმორით შეხვდნენ და მისი რეპლიკის შემდეგ, რომ მეჯიქ ჯონსონივით სურდა თამაში, პრესა მას დასცინოდა, რომ იგი იქნებოდა არა Magic (საოცარი) არამედ Tragic (ტრაგიკული), დღეს კი იგივე პრესა ერთხმად უწოდებს მას Greek Freak-ს, ბერძნულ საოცრებას.

ვარსკვლავი, რომელიც ვერ ისვრის - დინების წინააღმდეგ

თანამედროვე NBA სროლის, განსკუთრებით კი სამქულიანი სროლის ლიგაა. ლიგის ყველა მთავარი ვარსკვლავი: სტეფ კარი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, ძალიან კარგი მსროლებები არიან. გრძელი დისტანციიდან სტაბილურად ეფექტური სროლა დაიწყეს ლებრონ ჯეიმსმა, ენტონი დევისმა და კავაი ლეონარდმა - იმ მოთამაშეებმა, რომლებიც თავისი კარიერის დასაწყისში სამქულიანი სროლის სპეციალისტებად არ მიიჩნეოდნენ. დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ლიგის უპირველესი ვარსკვლავები ცენტრები ან მძიმე ფორვარდები იყვნენ და ჩემბერლენის, რასელის, ჯაბარის, თუნდაც მელოუნის ან დანკანის მსგავსად, ფარის სიახლოვიდან სროლით აგროვებდნენ თავის ქულებს.

დღევანდელ NBA-ში ყველა იმ მოთამაშეს შორის, რომელსაც პრეტენზია სუპერვარსკვლავობასა და სეზონის უძვირფასეს მოთამაშეობაზე აქვს, ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც შორიდან და მათ შორის სამქულიან სროლებს ვერ ისვრის, იანის ანტეტოკუნმპოა.

იანისი საერთოდ ვერ ისვრის სამქულიანებს

იანისი თანამედროვე NBA-ს მოთამაშისთვის ანომალიური - 16.7 პროცენტით ისვრის სამქულიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი 6-დან მხოლოდ ერთხელ აგდებს სამიანს და მან სამქულიანი სროლა არ იცის. არადა, ნომინალურად იგი მსუბუქი ფორვარდია და თამაშის მნიშვნელოვან ნაწილს იმ პოზიციაზე ატარებს, საიდანაც მან სამქულიანი უნდა ისროლოს. სუპერვარსკვლავი მსუბუქი ფორვარდი სამიანის გარეშე თანამედროვე ლიგაში ძალიან უცნაურად გამოიყურება.

შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმ ფაქტმა, რომ მაგალითად, ლეონარდი ან დურანტიც არ აგროვებენ ძალიან ბევრ ქულებს პერიმეტრიდან. ამ მოთამაშეებს სამიანიდან სროლა კარგი პროცენტით შეუძლიათ, უბრალოდ, ხშირად არ ისვრიან (რატომ უნდა ისროლოს დურანტმა ხშირად სამიანი, როცა გუნდში კარი და ტომპსონი ჰყავს), თუმცა მეტოქეს მათი დაცვა პერიმეტრზეც უწევს. იანისი კი მეტოქის დაცვას მარტივად შეუძლია პერიმეტრზე უმეთვალყურეოდ დატოვოს. იანისმა გასულ სეზონშიც კი, როდესაც ბევრად უკეთესად ისროდა სამიანებს, აბსოლუტურად ღია სამქულიანი სროლებიდან მხოლოდ 34.7 პროცენტი ჩააგდო. ანუ იანისი მარტოც რომ დატოვოთ პერიმეტრზე, სამიდან მხოლოდ ერთხელ ჩააგდებს.

იანისი არამხოლოდ სამიანებს ვერ ისვრის, ის საერთოდ არ არის არათუ კარგი, არამედ ნორმალური მსროლელიც კი. გასულ სეზონში მან მხოლოდ 27.8 გამოიყენა თავისი 137 jump-shot-ებიდან - იმ სროლებიდან, რომელთა დიდი ნაწილიც გრძელ და საშუალო ორიანებზე მოდის.

ის ფაქტი, რომ იანისმა სროლა არ იცის, აბსოლუტურად არ აისახება მის შედეგიანობაზე. იანისის ზუსტი სამქულიანი სროლების მაჩვენებელი იკლებს, იანისის დაგროვებული ქულების მაჩვენებელი კი მხოლოდ იმატებს, რადგან იანისი სულ უფრო და უფრო შედეგიანად უტევს ახლო მანძილიდან.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ იანისი სამიანების კარგი მსროლელი არასოდეს ყოფილა, თუმცა ამ სეზონში მისი მაჩვენებელი განსაკუთრებით გაუარესდა, სამაგიეროდ ყოველ წელს იმატებს მისი ზუსტი ორქულიანებისა და დაგროვებული ქულების მაჩვენებლი.

ამ სეზონში იანისი რეკორდული 64.7 პროცენტით უტევს ორქულიანი დისტანციიდან და ეს მაშინ, როცა უკვე აღვნიშნეთ, რომ იგი გრძელ ორიანებსაც ვერ ისვრის. საუკეთესო ცენტრებიც კი, რომელთაც სროლა ძალიან ახლო დისტანციიდან უწევთ, ვერ ისვრიან ამ პროცენტით. იანისი ორქულიანი დისტანციიდან ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე ყველა სხვა სუპერვარსკვლავი.

იანისი ძალიან ეფექტურად უტევს ორქულიანი დისტანციიდან

იანისს სუპერვარსკვლავობისთვის არ სჭირდება კარგი სროლა. ათლეტიზმიდან და ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მას შეუძლია იოლად შევიდეს სამწამიანში და ჩატენვით ან ლეი-აფით დაასრულოს შეტევა. თამაშში იგი საშუალოდ 20 ქულამდე აკეთებს სამწამიანში შესვლების შედეგად. თითოეულ თამაშში იანისი 9 ქულას აკეთებს ჩატენვით. ჩვეულებრივ, ჩატენვის შედეგად ქულებს დომინანტი ცენტრები აკეთებენ, რომლებიც თამაშის დიდ ნაწილს ფარის სიახლოვეს ატარებენ, იანისი კი მსუბუქი ფორვარდია და იმისთვის რომ ფართან ახლოს მოხვდეს, დრიბლინგის პერიმეტრიდან დაწყება და სამწამიანში შესვლა უწევს.

ამ ტემპით სეზონის ბოლოს მას რეკორდული 350 დანქი ექნება დაგროვებული. ბოლოს მსგავსი მაჩვენებელი ლეგენდარულ შაქილ ონილს, ნომინალურ ცენტრს, ჰქონდა.

იანისის სტატისტიკური მაჩვენებლების საიდუმლო მის ფიზიკურ მონაცემებშია. მას დაახლოებით 15 სანტიმეტრით უფრო დიდი ხელის დიამეტრი და გრძელი თითები აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. მის ხელში კალათბურთის ბურთი ისეა, როგორც ფორთოხალი ან ვაშლი ჩვეულებრივი ადამიანის ხელში. ეს სროლისთვის ძალიან ცუდია, რადგან იგი ნაკლებად ეხება თითებით ბურთს და ვერ აძლევს სიზუსტეს. სამაგიეროდ, როდესაც იანისი თავის შესვლას იწყებს, გარბის ან ჰაერშია, იმდენად მყარად უჭირავს ბურთი, რომ ვერც წაართმევთ და ვერც გააგდებინებთ.

ყველაზე ახლოს ლებრონ ჯეიმსთან

NBA-ში ყველაზე ხშირად ორი ტიპის დისკუსიაა - ვინ უფრო დიდია, კობი თუ ლებრონი, დანკანი თუ კობი და ა.შ. და ვინ იქნება შემდეგი კობი, მაიკლი ან ლებრონი. აბსოლუტურად გულწრფელად, ორივე ეს დისკუსია ჩემთვის ძალიან მოსაწყენია ხოლმე - ეს უფრო ნეიტრალურ გულშემატკივარზეა გათვლილი. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ შემდეგი კობი, მაიკლი ან ლებრონი აღარ იქნება. იქნება ვინმე სხვა არანაკლებ დიადი, თუმცა სხვანაირად მოთამაშე - სხვა სტილის და ხასიათის.

ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში მეც კი თავს ვიჭერ, რომ თავისი ფიზიკური და სათამაშო მახასიათებლებით იანისი ბევრ ასპექტში ძალიან ჰგავს ლებრონს. არა ამ ლებრონს, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არამედ ახალგაზრდა ლებრონს. ლებრონის კარიერა ორ ძირითად ნაწილად იყოფა: 2003-2012 წლები - კლივლენდის წლები და პირველი ორი სეზონი მაიამიში, როცა ლებრონი უფრო მეტად თავისი ფიზიკური ძალის და ათლეტიზმის ხარჯზე თამაშობს. ეს არის ლებრონი, რომელიც ხშირად ტენის, მუდამ ჰაილაითებშია და, პირველ რიგში, თავისი არანორმალური ფიზიკური მონაცემებით იქცევს ყურადღებას. 2012-2019 წლები - ბოლო ორი სეზონი მაიამიში, კლივლენდი და ლეიკერსი, როცა ლებრონი არ კარგავს თავის ათლეტიზმს, მაგრამ პირველ რიგში, უკვე თავისი სათამაშო ინტელექტით გამოირჩევა, ითავსებს გამთამაშებლის ფუნქციებს, უძღვება მთელი გუნდის თამაშს, ქმნის სამქულიან სროლებს გუნდელებისთვის და ა.შ.

ლებრონი, იანისის მსგავსად, ლიგაში მოსვლის მომენტში ყველაზე კარგი მსროლელი არ იყო, თავის პირველ სეზონში მან სამიანების მხოლოდ 29% ჩააგდო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეფე ჯეიმსი ყოველთვის იანისზე უკეთ ისროდა. ლებრონიც, იანისის მსგავსად, თავისი არანორმალური ფიზიკური მონაცემებით იქცევს ყურადღებას - ორივე მათგანი ძალიან მაღლა ხტება და, ფაქტობრივად, დაფრინავს.

კლივლენდიც და მაიამიც აგრესიულ დაცვას თამაშობდა, ცდილობდა მოეპარა ან ჩაეჭრა ბურთი, რადგან, როდესაც კონტრშეტევაზე ღია სივრცეში ლებრონი უტევს, მეტოქეს შანსი არ აქვს. იგივე ხდება იანისის შემთხვევაშიც. იანისი თავისი 221 სანტიმეტრიანი ხელებით მუდამ მზად არის, რომ აგრესიული დაცვა ითამაშოს, ბურთი მოიპაროს და ღია სივრცეში, სანამ მეტოქის დაცვა დალაგდება, კონტრშეტევა დაიწყოს.

იანისის ერთი ნაბიჯი სამ მეტრზე გრძელია. ბოსტონთან შეხვედრაში მას სულ 4 ნაბიჯი დასჭირდა 13-მეტრიანი დისტანციის დასაფარად.

ამ დროს მეტოქეს შანსი არ აქვს - იანისს არ სჭირდება სროლა, როგორც კი მეტოქე ბურთს კარგავს და იანისი ღია სივრცეს უტევს, მას ვერავინ დაეწევა - შეტევა დანქით ან მარტივი ლეი აფით სრულდება.

იანისი, ახალგაზრდა ლებრონის მსგავსად, როგორც კი მცველთან ერთი-ერთზე რჩება და მეტოქეს სამწამიანი მთელი გუნდით გამაგრებული არ აქვს, შეტევას მყისვე სამწამიანში შესვლით და ჩატენვით ასრულებს. თავისი ფიზიკური მონაცემების უნიკალურობით, სხვა არცერთი მოთამაშე ჰგავს ლებრონს.

კიდევ ერთი სტატისტიკური მსგავსება: ამ სეზონში იანისი ლიგაში ყველაზე ეფექტური შემტევი მოთამაშეა - ერთ შეტევაში საშუალოდ 1.13 ქულას აგროვებს. მეორე ადგილზე სწორედ ლებრონ ჯეიმსია ერთ შეტევაში დაგროვებული 1.12 ქულით, მესამე კი ჯეიმს ჰარდენია 1.11 ქულით.

თუკი წლებთან ერთად იანისიც ლებრონის მსგავსად ისწავლის, თუ როგორ გაუძღვეს გუნდის მთელ თამაშს და გაათამაშოს ბურთი, შემდეგი ათწლეულის მანძლზე მას ყველა შანსი აქვს, რომ ლიგის უპირველესი ვარსკვლავად იქცეს.

ბუდენჰოლცერის სისტემა

იანისის სათამაშო პროგრესი პირდაპირ არის დაკავშირებული მილუოკის ახალ მწვრთნელთან, მაიკ ბუდენჰოლცერთან. ბუდენჰოლცერი ის კაცია, რომელიც იანისისთვის სივრცეს ქმნის.

ბუდენჰოლცერი 19 წლის მანძილზე პოპოვიჩს ეხმარებოდა სან ანტონიოში და პოპოვიჩის სტილის, გუნდური, კომბინაციური თამაშის დიდი თაყვანისმცემელია. მის ხელში საშუალო მილუოკი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ბუდენჰოლცერის ანგარიშზეა გამარჯვება, მაგალითად, გოლდენ სტეიტთან გასვლით შეხვედრაში.

თამაშში საშუალოდ 117.6 ჩაგდებული ქულით მილუოკის ლიგაში საუკეთესო შეტევა ჰყავს, მისი დაცვა კი, ეფექტურობის მხრივ მეორე ადგილზეა NBA-ში (ეფექტურობა გულისხმობს იმას, თუ საშუალოდ რამდენ ქულას უყრიან გუნდს ერთი შეტევის დროს).

ბუდენჰოლცერმა პირველ რიგში, შეტევის სიჩქარეს მოუმატა. წლების მანძილზე იგი ატლანტა ჰოუქსში მუშაობდა და ატლანტა ლიგის ყველაზე სწრაფი გუნდების რიცხვში შედიოდა მაშინ, როცა მილუოკი ბუდენჰოლცერამდე ძალიან ნელა თამაშობდა. ბუდენჰოლცერის მილუოკი ლიგაში მეხუთე ადგილზეა სისწრაფის მიხედვით, მაშინ, როცა წინა სეზონში მე-20 იყო.

ნელი კალათბურთი იანისის ძლიერი მხარეების წარმოჩინებას ხელს არ უწყობს. გასულ სეზონში იანისს მოუწია, რომ თავისი სროლების 25 პროცენტზე მეტი გრძელი დისტანციიდან შეესრულებინა. იანისის სროლაზე უკვე ვისაუბრეთ. შედეგად, როდესაც მილუოკი ნელა უტევდა, მეტოქე ორგანიზებული დაცვის დაყენებას ასწრებდა და იანისისთვის სივრცის პოვნა რთული იყო. ახლა, როცა მილუოკი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია და თამაშს აჩქარებს, მეტოქე დაცვის ორგანიზებას და სივრცეების დაკეტვას ვეღარ ასწრებს. სწრაფი და ქაოტური თამაშის დროს სივრცეები რჩება, რომლებსაც იანისი ძალიან კარგად იყენებს.

იანისს არ ეხერხება ე.წ. "პიკ ენდ როლის" თამაში, ანუ იმ ტიპის თამაში, რომელსაც გოლდენ სტეიტი ქადაგებს. გასულ სეზონში იგი მხოლოდ 354 "პიკ ენდ როლში" იყო ჩაბმული. შედეგად, ბუდენჰოლცერი შეეცადა, რომ ანტეტოკუნმპოსგან ლებრონის ტიპის მოთამაშე შეექმნა. მის მილუოკიში იანისი და ოთხი სამქულიანის მსროლელი თამაშობს. იანისის გარდა სამიანს ყველა ისვრის - კრის მიდლტონიც, ერიკ ბლედსოუც, ერსან ილიასოვაც, თვით ბრუკ ლოპესიც კი. შედეგად, მილუოკი მეორე ადგილზეა მთელს ლიგაში ერთ თამაშში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობის მიხედვით.

საშუალოდ ერთ თამაშში ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობა

იანისი ვერ ისვრის, მაგრამ სწორედ ის ქმნის სამქულიან სროლებს გუნდელებისთვის. მეტოქე დილემის წინაშეა - მან ან იანისის წინააღმდეგ სამწამიანი უნდა გაამაგროს და შედეგად, პერიმეტრზე თავისუფალი მსროლელი დარჩება, ან პერიმეტრზე უნდა ავიდეს და შედეგად, იანისს სამწამიანში ღია სივრცე აქვს. შემთხვევითი არ არის, რომ ბრუკ ლოპესი, ნომინალური ცენტრი, თამაშის დიდ ნაწილს სამწამიანის მიღმა ატარებს, იანისისთვის კომფორტულია, რომ ცენტრმა მეტოქის მცველები სამწამიანს მოაცილოს. ეს იმ ტიპის მარტივი, მაგრამ ეფექტური კომბინაციაა, რომელსაც ლებრონ ჯეიმსის გუნდები თამაშობენ.

სამქულიანის მსროლელებთან ერთად, იანისს, ლებრონის მსგავსად, შედეგიანი გადაცემების ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს. ამ სეზონში მის ანგარიშზე თამაშში საშუალოდ 6 შედეგიანი პასია - მსუბუქი ფორვარდისთვის ძალიან კარგი შედეგი.

ბუდენჰოლცერის სისტემა ბურთის კარგ მოძრაობას გულისხმობს. მეტოქის დაცვას ბევრი სირბილი უწევს და იანისისთვის სივრცეებს ტოვებს.

იდეალური ვარსკვლავი

ლიგაში დიდი ხანია აღარ თამაშობენ ალან აივერსონის ან სტეფონ მარბერის ტიპის ვარსკვლავები, ანუ ადამიანები, რომლებმაც ტალანტი არაპროფესიონალიზმის, ცუდი ხასიათის და ქუჩის ბიჭური ქცევის გამო სრულად ვერ გამოიყენეს. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, სტეფ კარის და ჯეიმს ჰარდენის ტიპის თანამედროვე ვარსკვლავებს ის სათამაშო აგრესია აკლიათ, რაც ასე გამოარჩევდა ჯორდანს, კობის, ლარი ბერდს და სხვა წარსულის ვარსკვლავებს. უბრალოდ, სხვა დროა - სუპერვარსკვლავები ერთმანეთთან მეგობრობენ, ნორმალურ ოჯახებში იზრდებიან და აგრესიის ადგილი აღარ რჩება.

იანისი ნიგერიელი არალეგალი ემიგრანტების შვილია. წარმოუდგებელ სიღარიბეში გაზრდილს ბავშვობაში ქუჩაში გასვლისა და სხვა ბავშვებთან თამაშისაც კი ეშინოდა, რათა პოლიციას მისი და მისი ოჯახის, როგორც არალეგალური ემიგრანტების დეპორტაცია არ მოეხდინა. საბერძნეთის მოქალაქეობა მან 2013 წელს, NBA-ს დრაფტამდე სულ ცოტა ხნით ადრე მიიღო - იქამდე იგი არც ნიგერიის მოქალაქე იყო და არც საბერძნეთის.

იანისი, ფაქტობრივად, ათენის ქუჩებში გაიზარდა, სადაც იგი სუვენირებს, საათებს და სათვალეებს ყიდდა. მის ოჯახს ძალიან უჭირდა. იანისის თქმით, საკვებს ზოგჯერ 2-3 დღის განმავლობაში ვერ იღებდა. მისი წარსულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ იგი მოედანზე მუდამ მოტივირებულია და აქვს ის, რასაც სპორტულ აგრესიას უწოდებენ. იანისს სპორტული ოჯახი ჰყავს. მისი მამა ფეხბურთს თამაშობდა, დედა კი სიმაღლეზე მხტომელი იყო. კალათბურთს თამაშობს მისი სამი ძმა, ერთ-ერთი მათგანი - თანასისი, საბერძნეთის ნაკრებისა და პანათინაიკოსის მოთამაშეა.

ათენის ქუჩებმა მისცა მას კიდევ ერთი გამორჩეული თვისება - წლების მანძილზე მისი საყვარელი სპორტი ფეხბურთი იყო და მას ფეხების ძალიან კარგი მოძრაობა ე.წ. footwork აქვს. კიდევ ერთი ისტორიული პარალელი: NBA-ს ისტორიაში ფეხის მუშაობის უნარით ლეგენდარული ჰაკიმ ოლაჯუონი გამოირჩეოდა - კიდევ ერთი ნიგერიელი, რომელიც ქუჩაში გაიზარდა და სპორტული კარიერა ფეხბურთით დაიწყო. იანისს, ოლაჯუონის მსგავსად, კალათბურთელისთვის არასტანდარტული მოძრაობის ტექნიკა აქვს.

NBA-ში გადასვლა იანისისთვის დიდი კულტურული შოკი იყო. იგი ათენის ქუჩებიდან მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მოხვდა და მილიონერად იქცა. იანისის ოჯახის წევრები და თანაგუნდელები ყვებიან, რომ იგი თავის პირველ სეზონებში, იქამდე, სანამ ამერიკულ ყოფას და ვარსკვლავის სტატუსს მიეჩვია, მაინც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა, იმის მიუხედავად, რომ მისი წლიური ხელფასი 1.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. ვარსკვლავური ხელფასის მიუხედავად, იანისი თავისივე შედგენილ მკაცრ გეგმას მიჰყვებოდა და დღეში მხოლოდ 190 დოლარს ხარჯავდა. მისი უფროსი ძმა, თანასისი იხსენებდა, რომ ერთხელ მან 399 დოლარად "ფლეისთეიშენი" იყიდა, თუმცა დანახარჯმა ისე შეაწუხა, რომ "ფლეისთეიშენი" მალევე გაყიდა - რა თქმა უნდა, ზუსტად იმ ფასად, რა ფასადაც იყიდა.

პირველ სეზონებში იანისი თანაგუნდელების ხუმრობის ობიექტი ხშირად ხდებოდა:

ზაზა ფაჩულია: 'მახსოვს ხელფასის პირველი ჩეკი რომ მიიღო. როდესაც აღმოაჩინა, რომ ხელფასის ნახევარი გადასახადებში წავიდა, მაშინვე დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლება გადასახადები არ გადაეხადა.'

ბრენდონ ნაითი: 'მოთამაშეებს მოსასვენებელ ოთახში უფასო საჭმელი გვქონდა. იანისს ვარჯიშის შემდეგ შინ 6-7 ლანჩბოქსი მიჰქონდა, რათა სადილსა და ვახშამზე ფული არ დაეხარჯა.'

კერონ ბატლერი: 'ერთხელ იანისის თვალწინ რამდენიმე წყვილი ძველი ფეხსაცმელი გადავყარე. მას გაუკვირდა, ასეთ კარგ ფეხსაცმელს რატომ შეველია და ნაგვის ყუთიდან ამოიღო.'

იანისს შემდეგი კონტრაქტით 100 მილიონი დოლარი ეკუთვნის - მისი ცხოვრების ამბავი ნამდვილი კინოს ისტორიაა.

იანისი გამორჩეული სუპერვარსკვლავია. მას შანსი აქვს, რომ მომდევნო წლებში NBA-ს უპირველეს ვარსკვლავად იქცეს და გააკეთოს ეს ისე, რომ ითამაშოს თანამედროვე სტანდარტებისგან სრულიად განსხვავებული კალათბურთი.

კარგი სეზონის მიუხედავად, წელს მილუოკის NBA-ს მოგების მაღალი შანსი არ აქვს. თუმცა, შორს აღარ არის ის დრო, როდესაც იანისს ან მილუოკიში ეყოლება უკეთესი თანაგუნდელები, ან თვითონ წავა სხვა, უფრო ძლიერ გუნდში. თუ იანისი მოახერხებს, რომ თავისი კალათბურთით შედეგი აჩვენოს, მას აქვს ყველა შანსი, იქცეს ლიგაში ახალი ტენდენციების ფუძემდებლად.

კომენტარები

ბოლო ამბები