Thumbnail
  • ქართველი მწვრთნელი ორდაბასის სავარაუდოდ იანვარშივე დაემშვიდობება
  • ყაზახურ კლუბში ამ ქვეყნის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის მიწვევა იგეგმება

კახა ცხადაძე შესაძლოა უმუშევარი დარჩეს. ამის შესახებ ყაზახური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 50 წლის ქართველი სპეციალისტის ადგილზე, რომელიც ჯერ კიდევ შიმკენტის ორდაბასის მთავარი მწვრთნელია, სტანიმირ სტოილოვის დანიშვნა იგეგმება. 

SPORTINFORM იუწყება, რომ ყაზახეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი თანამდებობის დატოვებას იანვრის ბოლომდე აპირებს, რათა საქმიანობა შიმკენტის კლუბში გააგრძელოს. ყაზახები წერენ, რომ 51 წლის სტოილოვის ორდაბასიში მიწვევის მთავარი ინიციატორი კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი სეიან ხამიტჯანოვია, რომელსაც ბულგარელ სპეციალისტთან ერთად თავის დროზე ასტანაში უმუშავია.

სავარაუდოდ, ორდაბასიდან ცხადაძის გაშვება და მის ნაცვლად სტანიმირ სტოილოვის დანიშვნა უკვე თვის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

ვლადიმირ ვაისმა სტანიმირ სტოილოვს ერთა ლიგაში ორივე მატჩი მოუგო

შეგახსენებთ, რომ სტანიმირ სტოილოვის გაწვრთნილი ყაზახეთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მას სტუმრადაც აჯობა და თბილისშიც (2:0, 2:1). ბულგარელმა ყაზახეთში სახელი 2014-18 წლებში, ასტანაში წარმატებული მუშაობით გაითქვა.

რაც შეეხება კახა ცხადაძეს, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ორდაბასი გასული წლის ივნისში ჩაიბარა, ფინანსური და სხვა პრობლემების მიუხედავად კი, გუნდმა ყახაზეთის 2018 წლის პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. წლის ბოლოს ყაზახური მედია იუწყებოდა, რომ ორდაბასი ცხადაძესთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებდა.

არადა, ცხადაძემ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო 

კახა ცხადაძე ყაზახეთში გადაბარგებამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, ამ ქვეყანაში მისი პირველი კლუბი კი ალმათის ქაირათი იყო. მანამდე სპეციალისტი წლების განმავლობაში აზერბაიჯანში მუშაობდა, სადაც სათავეში ბაქოს კლუბებს: სტანდარდსა და ინტერს ედგა. სამშობლოში მას თბილისის დინამოში, თბილისის ლოკომოტივსა და ბოლნისის სიონში უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები