Thumbnail

მესის ჩემი დანახვა არ უნდოდა, გვამს ჰგავხარო - აბიდალმა ურთულესი დრო გაიხსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ერიკ აბიდალი ურთულეს პერიოდს იხსენებს.
  • როგორი რეაქცია ჰქონდათ მის ავადმყოფობაზე ბარსელონელ თანაგუნდელებს.
  • ოპერაციის შემდეგ აბიდალი ტიერი ანრიმ მოინახულა.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა ტელეკომპანია Canal Plus-სთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების ურთულესი პერიოდი გაიხსენა და გულახდილად ისაუბრა, თუ როგორი რეაქციები ჰქონდათ მის ბარსელონელ თანაგუნდელებს მის ავადმყოფობაზე. შეგახსენებთ, რომ აბიდალს 2011 წელს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მეუბნებოდნენ, გვამს ჰგავხარ და ეს ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებსო

ლიონელ მესი და ერიკ აბიდალი

“ძალიან გამხდარი ვიყავი. ერთ-ერთი მატჩის წინ ვიდეო-მიმართვა ჩავწერე და თანაგუნდელებს ვიდეო გავუზავნე. იცით, რა მითხრა მესიმ? ასეთი ვიდეოები აღარ გამოგვიგზავნო, რადგან ძალიან ცუდ ხასიათზე გვაყენებსო. მინდოდა, მისი სიტყვები პოზიტიურად მიმეღო, მაგრამ სხვებმაც მხარი აუბეს, მეუბნებოდნენ, გვამს ჰგავხარ და ეს ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებსო,” - იხსენებს აბიდალი.

სამაგიეროდ, ერიკ აბიდალი, რომელიც დღეს 38 წლისაა, უდიდესი სიხარულით იხსენებს იმ თანაგუნდელებს, რომლებმაც ცხოვრების ურთულეს პერიოდში მხარდაჭერა არ მოაკლეს.

“როცა ტიერი ანრიმ კლინიკაში მომინახულა, პატარა ბავშვივით ვტიროდი. არ მინდოდა, რომ ანრის ასეთ მდგომარეობაში ვენახე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან მიხაროდა, რომ ჩემ სანახავად მოვიდა,” - განაცხადა აბიდალმა.

აბიდალს კიბოს დიაგნოზი 2011 წელს დაუსვეს. ოპერაციის შემდეგ, ფრანგი მცველი მოედანზე რამდენიმე თვეში დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში (3:1 მანჩესტერ იუნაიტედთან) ითამაშა. 2013 წელს აბიდალი მონაკოში გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი კარიერა ოლიმპიაკოსში დაასრულა.

მოედანზე დაბრუნების შემდეგ ერიკ აბიდალმა ბარსასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო

 

კომენტარები

ბოლო ამბები