Thumbnail

ოთხი ფუნქცია, რაც EA-მ FIFA 20-ში უნდა გაითვალისწინოს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • EA-ს მომდევნო საფეხბურთო სიმულატორის მიმართ 'გეიმერებს' დიდი მოლოდინი აქვთ
  • FIFA 19 კარგი თამაშია, მაგრამ მაინც ბევრი რამ აკლია

EA Sports-მა FIFA 19-ში ჩემპიონთა ლიგა დააბრუნა და შედეგად კონკურენტებთან დიდი უპირატესობა მოიპოვა. მაგრამ 2018 წელი დასრულდა და თამაშის მოყვარულები გაუმჯობესებულ კარიერის რეჟიმს და 'გეიმფლეის' ითხოვენ.

ვისაუბროთ ოთხ ფუნქციაზე, რომელიც სიმულატორის 2019 წლის ვერსიაში აუცილებლად უნდა იყოს.

დინამიური ამინდი

აღნიშნულზე პრაქტიკულად ყოველ წელს ვსაუბრობთ და იმედია, რომ FIFA 20-ს დინამიური ამინდის რეჟიმი დაემატება. Frostbite ძრავს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს და ამის დასტურად Battlefield V-იც გამოდგება. 

PES-ში ცვალებადი ამინდის ფუნქცია უკვე შესანიშნავადაა დანერგილი

EA DICE-ის წარმომადგენლემა პატრიკ ბახმა კარგად ახსნა, თუ რატომ არ არის ამინდის ცვალებადობა უბრალო ვიზუალური ეფექტი.

'ხშირად ვსაუბრობთ Battlefield V-ის სხვადასხვა განზომილებებზე, სადაც ამინდის შედეგად ხშირად იქმნება მოულოდნელი სიტუაციები. თამაშში ამინდის ცვლილება ხშირად იმაზეც ახდენს გავლენას, თუ რა ტაქტიკას გამოიყენებს 'გეიმერი'. თუ თქვენი მიზანი სნაიპერობაა და უცბად წვიმა წამოვა, სავარაუდოდ ტაქტიკის შეცვლა მოგიწევთ. როდესაც ნისლია, საბრძოლო თვითმფრინავებით გადაადგილება ნაკლებ ეფექტურია. ეს უბრალოდ ვიზუალური ეფექტი არაა, ამინდი მთლიანად თამაშის მიმდინარეობაზე აისახება.'

საინტერესოა, რომ KONAMI-ს Pro Evolution Soccer-ს  უკვე რამდენიმე წელია აღნიშნული ფუნქცია დაემატა და თუკი თამაშის მოყვარულთა რეაქციებს გავითვალისწინებთ, დინამიურმა ამინდმა გაამართლა. 

FIFA-ში ამინდის ეფექტები არის, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას არ იცვლება

წვიმისას ფეხბურთელებს ფეხი უსრიალებთ და მეტ შეცდომას უშვებენ. თუ მომავალში ამ ფუნქციას FIFA-შიც ვიხილავთ, ეს სათამაშო ტაქტიკის შერჩევას კიდევ ერთი დონით გაართულებს.

ვირტუალური რეალობა

ორიოდ წლის წინ FIFA-ს და 'ვირტუალურ რეალობას' ერთ წინადადებაში ვერ ვახსენებდით, მაგრამ ტექნოლოგია სწრაფი ტემპებით განვითარდა. Oculus Rift-ის თანადამფუძნებელი ნეით მიჩელი აცხადებს, რომ FIFA და VR იდეალური წყვილია -

'წარმოიდგინეთ, რომ ტრიბუნაზე მეგობრებთან ერთად სხედხართ და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს აკონტროლებთ - ეს გასაოცარი გამოცდილება იქნებოდა'.

VR-ის ფუნქცია თამაშში ჩართულობის ხარისხს გაზრდის

ვარაუდობენ, რომ 2020 წლის მიწურულს მსოფლიოს მასშტაბით 21 მილიონი VR headset გაიყიდება და მათი დიდი ნაწილი სწორედ PS4-ისთვის იქნება განკუთვნილი - ეს 'გეიმერებისთვის' შესანიშნავი სიახლეა. თუმცა, მათთვის ვინც თვლის, რომ VR 'ჯოისტიკს' შეცვლის, ცუდი ამბავი გვაქვს. კვლევები ადასტურებს, რომ საფეხბურთო სიმულატორების თამაშისას მომხმარებელთა უმეტესობა 'ჯოისტიკს' ირჩევს. რას მოგვცემს VR? მოთამაშე ტრიბუნებზე გულშემატკივრების შორის აღმოჩნდება და მატჩისას საუკეთესო გამოცდილებას მიიღებს. 

FIFA-ს ხშირად აკრიტიკებენ 'ლაგის' გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ ღილაკზე დაჭერას და მოქმედების ეკრანზე ასახვას შორის ხშირად დიდი პაუზაა. VR-ის დამატება ამ პაუზის ხანგრძლივობას გაზრდის და თამაში ნაკლებ სასიამოვნო იქნება. მიჩელმა ამ თემაზეც ისაუბრა - 'სავარაუდოდ 'ლაგი' თამაშში დარჩება და ეს განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან FIFA-ს თამაშისას 'გეიმერი' საკუთარ რეაქციის უნარზე უნდა იყოს დამოკიდებული. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტექნოლოგია ვითარდება და თეორიულად 'ლაგის' პრობლემა მალე უნდა აღმოიფხვრას.'

ვიხილავთ თუ არა VR-ს EA-ს უახლეს სიმულატორში არ ვიცით, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება.

კარიერის რეჟიმის გაუმჯობესება

FIFA 19-ის პრეზენტაციისას ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კარიერის რეჟიმი მკვეთრად იყო გაუმჯობესებული, მაგრამ ეს უბრალოდ ვიზუალური მხარის პროგრესი იყო და სხვა არაფერი. მომავალი წლის ვერსიისთვის EA-მ აუცილებლად უნდა გააკეთოს აქცენტი თამაშის ამ ასპექტზე.

მოთამაშეები ხელფასის გადახედვას ითხოვენ 

FIFA 12-ში და FIFA 13-ში მოთამაშეები ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ისინი სტაბილურად კარგად თამაშობდნენ. ამან სიმულატორს ახალი განზომილება შემატა - 'გეიმერს' საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება შეეძლო.

'გეიმერები' FIFA 13-ის ფუნქციის დაბრუნებას ითხოვენ

ბილეთების ფასის ცვლილება

თუკი მოთამაშეს თამაშისას ბილეთების ფასის შეცვლა შეეძლება, ეს FIFA-ს კიდევ ერთ საინტერესო ფუნქციას შემატებს. კლუბის წარმატებული გამოსვლა დასწრებადობაზე აისახება, რაც შემოსავლებზეც უნდა აისახოს და პირიქით - თუკი გუნდს წარუმატებელი პერიოდი აქვს ფასების კლებამ შესაძლოა დასწრებადობა ასწიოს. ამ ფუნქციის დამატების შემთხვევაში მოთამაშე საკუთარ ბიუჯეტს და ფინანსებს უკეთ და უფრო რეალისტურად განკარგავს.

მოთამაშის/მენეჯერის კარიერა

სავარაუდოდ არ გახსოვთ, მაგრამ FIFA 13-ში მომხმარებელს ერთდროულად შეეძლო ყოფილიყო მენეჯერიც (მწვრთნელი) და მოთამაშეც. უკვე საკმაოდ ძველის სიმულატორის თამაშისას 'გეიმერს' შეეძლო შეეძინა და გაეყიდა მოთამაშეები, დაეგეგმა ტაქტიკა და გუნდის შემადგენლობაში 'საკუთარი თავი' ჰყოლოდა.

კლუბის შექმნის ფუნქცია

გვიკვირს, რატომ არ აქვს FIFA-ს უახლეს ვერსიებს აღნიშნული რეჟიმი. ალბათ არ არსებობს 'გეიმერი', რომელიც საკუთარ კლუბს, ფორმას, სტადიონს და სხვა დეტალებს სიამოვნებით არ შექმნიდა. Futmentor-მა, რომელიც თამაშის ენთუზიასტია უკვე ისიც კი მოიფიქრა, როგორც შეიძლება გამოიყურებოდეს შესაბამისი 'მენიუ'.

Futmentor-მა 'მენიუ' შექმნა, ახლა EA-ს ჯერია

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ FIFA 20-ის შესახებ

FIFA 19 სავარაუდოდ თამაშის ბოლო ფიზიკური ვერსიაა, რადგან EA-მ უკვე მიგვანიშნა, რომ მომდევნო სიმულატორები  გამოწერით იქნება ხელმისაწვდომი. ამის მიზეზი მარტივია - ადამიანთა უმრავლესობა თამაშს 'ონლაინ' ყიდულობს და ე.წ. 'დისკი' აღარავის სჭირდება.

ბლუმბერგთან ინტერვიუში EA-ს დირექტორმა ენდრიუ ვილსონმა განაცხადა, რომ თამაში ყოველწლიურად აღარ გამოვა და ის უბრალოდ ხშირად განახლდება. 

'გასართობი ინდუსტრია სტრიმინგისკენ და გამოწერისკენ გადაიხარა. შეიცვალა ტელევიზორის ყურების, მუსიკის მოსმენის და წიგნების კითხვის წესი. უკვე იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც თამაშის ყოველწლიური გამოშვება საჭირო აღარაა და ვფიქრობ მომხმარებლებისთვის 365 დღიანი გამოწერის რეჟიმი უფრო კომფორტული იქნებოდა.' - თქვა უილსონმა.

EA მომავალში თამაშის მხოლოდ ციფრული ვერსიის გამოშვებას გეგმავს

უკვე არსებობს ისეთი სერვისები, როგორიც Project xCloud და GeForce Now, რომლებიც მომხმარებელს სასურველ თამაშებს სტრიმინგის საშუალებით სთავაზობს. Electronic Arts-ს ამ მხრივ კარგი გამოცდილებაც აქვს. EA Madden მობილურის თამაში სამი წლის წინ გამოვიდა, მაგრამ მუდმივად განახლებადია და დღემდე უამრავი მომხმარებელი ჰყავს.

სავარაუდოდ, FIFA-ც გამოწერის რეჟიმზე გადავა და ეს მაშინვე მოხდება, როგორც კი ინტერნეტის სისწრაფე მოიმატებს. ზოგ ქვეყანაში ინტერნეტი დღემდე ძალიან ნელია, შესაბამისად აღნიშნული ფუნქცია შესაძლოა უახლოეს მომავალში ვერ ვიხილოთ, მაგრამ როგორც ენდრიუ ვილსონმა განაცხადა - 'მომავალი სტრიმინგისაა'.

კომენტარები

ბოლო ამბები