Thumbnail

სკანდალი ქართულ ჭიდაობაში - დათუნაშვილი ალაპარაკდა და პრეზიდენტს დაუპირისპირდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ძიუდოს შემდეგ, ვითარება ქართულ ჭიდაობაშიც დაიძაბა
  • ზურაბ დათუნაშვილის საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელში

ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. 87 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში რობერტ კობლიაშვილი ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა, ეს ორთაბრძოლა კი ხელჩართულ ჩხუბსა და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეხვედრის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც მსაჯმა კობლიაშვილს ქულა მიანიჭა, რასაც დათუნაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, რამაც დარბაზში და ტრიბუნებზე უკიდურესად გაამწვავა ვითარება. ამ თემას ზურაბ დათუნაშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა.

დათუნაშვილის თქმით, მას მეგობრული ურთიერთობა აქვს რობერტ კობლიაშვილთან და პირდადად მასთან, არავითარი კონფლიქტი არ მოსვლია. მეტიც, მათ გულშემატკივრებს შორისაც არ მომხდარა არავითარი გაუგებრობა. პრობლემის სათავეში არიან საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მესვეურები და პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. კონფლიქტის მიზეზი სწორედ მათი და ფედერაციასთან დაახლოებული ჯგუფის აგრესიული ქმედება იყო. დათუნაშვილი დასძენს, რომ ამ ჯგუფს არავითარი კავშირი არ აქვს ქართული ჭიდაობის ოჯახთან და ფედერაცია მათ იყენებს არასასურველ პირებთან ანგარიშსწორების მიზნით.

ვითარება ტრიბუნებზეც დაიძაბა და გულშემატკივართა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
ფოტოები: POPSPORT.COM

დათუნაშვილის თქმით, დაპირისპირებაში ჩართული იყო უშუალოდ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, რომელმაც მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. ზურაბი დასძენს, რომ მასსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა აქამდეც არსებობდა და ზაფხულში კონფლიქტსაც ჰქონდა ადგილი, რისი საფუძველიც სამწვრთნელო შტაბის უსამართლო გადაწყვეტილებები იყო. დათუნაშვილი კორუფციულ სქემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მოჭიდავეებს იძულებულს ხდიან, რომ პირადი მწვრთნელები შეიცვალონ და შემდეგ, ეს მწვრთნელები სპორტსმენებს პრემიალური თანხების წილში უჯდებიან. დათუნაშვილი დასძენს, რომ ის ყოველთვის ღიად აფიქსირებდა საკუთარ პროტესტს და პოზიციას.

ზურაბ დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ უკანონოდ მოქმედებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული. ვლადიმერ გეგეშიძე პირდაპირ ეუბნება მოჭიდავეებს, რომ თუ მათი თამაშის წესებს არ მიიღებენ, ისინი საქართველოს ჩემპიონატში ვერ მოიგებენ ვერც ერთ შეხვედრას და შესაბამისად, ვერ მოხვდებიან საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ზურაბ დათუნაშვილი დასძენს, რომ მის აზრს საქართველოს ნაკრების ბევრი მოჭიდავე იზიარებს და მოუწოდებს მათ, რომ აიმაღლონ ხმა ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რადგან დუმილი კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანს ქართულ ჭიდაობას, სადაც დღეს დიქტატორული მმართველობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები