Thumbnail
  • გოლდენ სტეიტმა დღის ტოპ-მატჩში დენვერი 142:111 დაამარცხა
  • სტეფ კარიმ და კომპანიამ პირველ მეოთხედში 51 ქულა ჩააგდეს
  • მოქმედი ჩემპიონის კალათბურთელების ანგარიშზე 21 სამქულიანია

საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, გოლდენ სტეიტი ყველას და ყველაფერს ანადგურებს! ვინც ფიქრობდა, რომ დენვერი უორიორსს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევდა, შეცდა - NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა და მთავარმა ფავორიტმა დღის ცენტრალურ შეხვედრაში ნაგეთსი 142:111 გაანადგურა.

ამ მატჩამდე დასავლეთ კონფერენციაში სწორედ დენვერი ლიდერობდა, რომელსაც გოლდენ სტეიტმა პირველივე მეოთხედში უჩვენა, ვინ არის საუკეთესო - უორიორსის კალათბურთელებმა პირველივე პერიოდში 51 ქულა ჩააგდეს, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია - პირველ 12 წუთში ამდენი ქულა რეკორდია! პირველი მეოთხედის შემდეგ ანგარიში უკვე 51:38 იყო. ამ შოკიდან დენვერის მოთამაშეები მთელი შეხვედრის განმავლობაში ვეღარ გამოვიდნენ. ახლა, დასავლეთში პირველ ადგილზე გოლდენ სტეიტია!

აღსანიშნავია, რომ სარეკორდო მეოთხედში გოლდენ სტეიტის კალათბურთელებმა 10 სამქულიანი ჩააგდეს (14 მცდელობიდან), რაც უორიორსის პირადი რეკორდია. ერთ მეოთხედში უორიორსის რეკორდი 57 ქულაა - სწორედ ამდენი ჩაუგდეს ოკლენდელებმა 1989 წელს საკრამენტოს მესამე მეოთხედში.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები სტეფ კარი და კლეი ტომპსონი გახდნენ (31-31 ქულით). აღსანიშნავია, რომ სტეფი საოცარ სამქულიანებს აგდებდა. კევინ დურანტმა 27 ქულა დააგროვა, დრეიმონდ გრინმა კი 13 პასი გააკეთა.

დენვერს, რომელმაც გოლდენ სტეიტს სეზონის პირველი მატჩი 100:98 მოუგო, ამ შეხვედრაში არაფერი გამოსდიოდა. ნაგეთსის მოთამაშეებს განსაკუთრებით დაცვაში გაუჭირდათ. არადა, დენვერი NBA-ში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას თამაშობს - ამ მხრივ გუნდი მეოთხე ადგილზეა (105,5 მიღებული ქულა თამაშში).

კომენტარები

ბოლო ამბები