Thumbnail
  • უნიკახამ ევროთასის ტოპ 16-ის მესამე ტურში შინ ლიმოჟი დაამარცხა - 79:72
  • მალაგელთა ქართველმა ცენტრმა 13 ქულა ჩააგდო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო
  • გიორგი შერმადინის გუნდს ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს 

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური უნიკახას კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ევროთასზე მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი გამარჯვება იზეიმა. უნიკახამ ევროთასის ტოპ 16-ის G ჯგუფში, მესამე ტურის მატჩში შინ ლიმოჟი მიიღო და მეტოქე 7 ქულის სხვაობით დაამარცხა - 79:72.

უნიკახამ პირველ მეოთხედშივე შეძლო ანგარიშში დაინაურება (24:18) და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

გიორგი შერმადინი მალაგელთა სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 17:24 წუთში კი 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-იდან 5 ორქულიანი და სამივე საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 17 იყო. ქართველ ფორვარდზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მის პოლონელ თანაგუნდელს ადამ ვაზნიცკის ჰქონდა (16 ქულა, ინდექსი 18), რომელიც მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.

სამი ტურის შემდეგ უნიკახას ორი მოგება და ერთი მარცხი აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა, ვალენსიას შემდეგ. ამ უკანასკნელმა მესამე ტურის მატჩი ცრვენა ზვეზდასთან 16 იანვარს უნდა ჩაატაროს. ჯგუფიდან პლეი ოფში ორი საუკეთესო გადის.

ევროთასის მომდევნო ტურში გიორგი შერმადინის გუნდი 23 იანვარს, სტუმრად ლიმოჟს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები