Thumbnail

AO | 5-სეტიანი დრამა - ბასილაშვილმა იტალიელი დაამარცხა და 1/16 ფინალშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა
  • საქართველოს პირველმა ჩოგანმა იტალიელ სტეფანო ტრავალიას მოუგო
  • ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება

ნიკოლოზ ბასილაშვილს იტალიელი სტეფანო ტრავალიას დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა, მაგრამ კარგია ყველაფერი, რაც კარგად მთავრდება!

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგში კარიერის საუკეთესო, მე-20 ადგილზეა, მსოფლიოს 137-ე ჩოგანი 5 სეტში დაამარცხა - 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩი, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა (2:57) ძალიან დაძაბული გამოვიდა. ნიკამ პირველი სეტში ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, თუმცა ერთი ბრეიკი აიღო. სამაგიეროდ, მეორე სეტში დაამტკიცა, რომ წყვილში ფავორიტი იყო, ტრავალიას მე-6 გეიმში მოუგო მისივე მოწოდება და ანგარიში გაათანაბრა. 

მესამე სეტი ქართველისთვის ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ პირველივე გეიმში აიღო ბრეიკი, მაშინვე დათმო მოპოვებული უპირატესობა და იტალიელს დაწინაურების საშუალება მისცა. მეოთხე და მეხუთე სეტებში კი ბასილაშვილმა მაქსიმალურად მოინდომა, იტალიელმაც უმატა შეცდომებს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნიკამ ბოლო ორ სეტშიც თითოჯერ წააგო საკუთარ მოწოდებაზე. თუმცა, როგორც დასაწყისშიც ვთქვით, კარგია, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ტრავალიასთან დრამატულ დუელში ნიკამ 9 ეისი შეასრულა და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

1/16 ფინალში ბასილაშვილს გაცილებით სერიოზული მეტოქე ელოდება - ეს არის ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რომელიც მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. მას ავსტრალიის მიმდინარე ღია პირველობაზე ორივე მატჩი 4 სეტში აქვს მოგებული - პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის (54) მოუგო, ახლა კი 32 წლის სერბი ვიკტორ ტროიცკი (200) დაამარცხა.

📺 მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები