Thumbnail
  • EuroLeague.net-ის ინტერვიუ გოგა ბითაძესთან
  • ბითაძე რეალთან მატჩს მოუთმენლად ელის

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა (EuroLeague.net) ბუდუჩნოსტის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. 

შესავალში საიტი ევროლიგის ახალწვეულს აქებს: "ძნელად თუ გაიხსენებთ ვინმეს, ვისაც ასეთი შთამბეჭდავი პირველი თვე ჰქონდა ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირში. პოდგორიცას ბუდუჩნოსტის 19 წლის ცენტრს 18 წამი ეყო ევროლიგაზე პირველი ქულების ასაღებად თან and one-ით! პირველი ოთხი მატჩის შემდეგ გოგა ბითაძეს საშუალოდ 14.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 3.3 დაფარება მოაქვს გუნდისთვის. მას რომ სათანადო რაოდენობის თამაშებში ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული, ეს მაჩვენებლები ქულებსა და მოხსნებში მეხუთე შედეგს აკმაყოფილებს, ხოლო დაფარებებით ის სულაც ლიდერი იქნებოდა"! 

ბითაძის სადებიუტო ჰაილაითები ევროლიგაზე

ევროლიგის ოთხთა ფინალი ჩემი ოცნებაა

EuroLeague.net: გასულ კვირაში თქვენ პირველ საშინაო მატჩში კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვეთ ევროლიგაზე. როგორ გრძნობთ თავს?

გოგა ბითაძე: საშინაო მატჩში გამოსვლა ევროლიგაზე დიდი გამოცდილების მიღება იყო ჩემთვის. ერთი სული მქონდა, როდის ვითამაშებდი ბუდუჩნოსტის ფანების თვალწლინ ევროლიგაზე. დარუშაფაკა, შესაძლოა, ბოლო ადგილზეა, მაგრამ მას ძალიან კარგი კალათბურთელები ჰყავს. ასეთ ატმოსფეროში თამაში ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. მოგება ხომ საერთოდ სასწაული იყო, ჩვენ ეს გვჭირდებოდა თვითრწმენისთვის.

EuroLeague.net: 19 წლის ახალბედა რას ელოდით ევროლიგაში და როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

გოგა ბითაძე: ბავშვობიდან ვუყურებ ევროლიგას და ვიცოდი, როგორი რთული ჩემპიონატია ის სათამაშოდ. მაგრამ უშუალოდ დებიუტის შემდეგ მივხვდი, რომ აქ კიდევ უფრო მეტი ათლეტიზმი და ფიზიკური მზადყოფნაა საჭირო, ვიდრე ადრიატიკის ლიგაში. აქ მეტი კონტაქტია და მეტი სისწრაფე, ეს კი მე ძალიან მომწონს. ასეთია ჩემი პირველი შთაბეჭდილებები. ვამაყობ, რომ ევროლიგაში ვთამაშობ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება, უშუალოდ მენახა ევროლიგის ოთხთა ფინალის მატჩები. ეს სრული სიგიჟეა, ერთხელ მაინც მინდა, რომ მეც ვითამაშო ამ მატჩებში, ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა.

გოგა მილანის წინააღმდეგ

თამაშის შემდეგ სარკეში პირნათელმა უნდა ჩავიხედო

EuroLeague.net: საოცარი სტარტი გაქვთ, ზოგს უკვირს, ზოგს კი ნაკლების მოლოდინი არც ჰქონდა. თქვენ რას იტყვით?

გოგა ბითაძე: არ ვიცი, რამდენად მოეწონათ ჩემი თამაში, მაგრამ მე არანაირი ზეწოლა არ მაქვს, უბრალოდ ვთამაშობ, როგორც სხვა ტურნირებზე. ყოველ მატჩში ვცდილობ ასი პროცენტით გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც თამაშში მომეცემა. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ყოველი მატჩის შემდეგ, როცა სარკეში ჩავიხედავ, შემეძლოს საკუთარი თავისთვის იმის თქმა, რომ ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. მაგრამ, სიმართლე ვთქვათ, ასეთ სტარტს არ ველოდი. არ ვამბობ, რომ საოცრად ვთამაშობ, მაგრამ ჩემი თავით კმაყოფილი ვარ.

EuroLeague.net: მიუნხენში პირველ თამაშში, 18 წამში შეძლეთ ჩაგდება. შეხვედრა კი 17 ქულით, 7 მოხსნითა და 4 დაფარებით დაასრულეთ. რისი წყალობით შეძელით ეს?

გოგა ბითაძე: უმთავრესი არის მოტივაცია, როცა 100%-ით იხარჯები. ვფიქრობ, ჩემი შრომა მიფასდება. მართლაც ბევრი ვიშრომე მეგა ბიმაქსში ყოფნისას, ზაფხულში კუნთოვანი მასაც მოვუმატე, უფრო სწრაფი თამაშიც შევძელი. რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების დახმარების გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი. 

EuroLeague.net: სეზონის შუაში გუნდის გამოცვლა ვეტერანებისთვისაც კი რთულია, ვინ დაგეხმარათ აკლიმატიზაციის მალე გავლაში?

გოგა ბითაძე: ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩემი ახალი გუნდელებია. ბუდუჩნოსტი კარგი გუნდია - ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი. რა თქმა უნდა, პირველ დღეებში გამიჭირდა. ახლაც არ არის იოლი, მაგრამ გუნდელები და მწვრთნელი მეხმარებიან. ჩემი საქმე მხოლოდ თამაშია.

EuroLeague.net: თქვენ და ნორის კოული ერთად მიხვედით გუნდში, რომელმაც მოაგებინა გუნდს ბოლო მატჩში, რას იტყვით მასზე?

გოგა ბითაძე: ნორისი NBA-ს ორგზის ჩემპიონია, მგონი ესეც საკმარისია სათქმელად. მას უდიდესი გამოცდილება აქვს, ბრწყინვალე ბიჭი და საუკეთესო გუნდელია. ჩემთვის ასეთ გამოცდილ მოთამაშესთან ერთად ყოფნა ბევრს ნიშნავს, ის უკვე მაძლევს საჭირო რჩევებს. ნორისი დიდებული გამთამაშებელია, ის ხმამაღალი შეძახილებით აიძულებს ყველას, აკეთოს თავისი საქმე. ვფიქრობ, მას კიდევ უკეთ შეუძლია თამაში. 

VS მაკაბი

მათ ქართული კალათბურთი მსოფლიოს გააცნეს

EuroLeague.net: ევროლიგაში ბევრ ქართველს უთქვამს თავისი სიტყვა - თორნიკე შენგელიას, ვლადიმერ ბოისას, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს... ახლა თქვენ ხართ მათ ნაკვალევზე...

გოგა ბითაძე: მათ თამაშებზე გავიზარდე, მსურდა მათსავით მეთამაშა ევროლიგაში. ახლა კი ჩვენ ერთად ვართ ეროვნულ ნაკრებში. სოციალურ ქსელში მათ უკვე გამოხატეს მხარდაჭერა ჩემს მიმართ. ისინი ყოველთვის მეხმარებიან. ამ ბიჭებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული კალათბურთისთვის. მათი დამსახურებაა, რომ მსოფლიომ გაიცნო ქართული კალათბურთი. თოკო ძალიან მაგარია, შერმადინს კი ევროლიგა მოგებული აქვს. ორივე საოცარი ადამიანია. მანუ ჩემი აზრით, ყველაზე საოცარი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხედრივარ. ბოისა ახლა ფედერაციაში მუშაობს და მასთან დარეკვა ნებისმიერ დროს შემიძლია - ყველას ოჯახის წევრებივით აღვიქვამ.

EuroLeague.net: თქვენ 16 წლის ასაკში დატოვეთ ქვეყანა და სერბეთში კალათბურთის სათამაშოდ გადახვედით...

გოგა ბითაძე: თავიდან რამდენიმე თვე გამიჭირდა. შორს ოჯახიდან და მეგობრებისგან, ცუდი სიტუაცია იყო ჩემთვის. მერე შევეგუე, რაღაც უნდა გაწირო იმისთვის, რომ მეტს მიაღწიო ცხოვრებაში. მეგა ბიმაქსმაც ჩემთან ძალიან კარგად იმუშავა. იქ ჩავედი ერთი ცოტა მსუქანი ბიჭი, რომელსაც ფარქვეშ თამაშის წარმოდგენა არ ჰქონდა და მხოლოდ შორიდან ისროდა. მივედი იქ ბავშვი და დავტოვე მეგა ბიმაქსი, როგორც კაცმა. ეს მათი დამსახურებაა.

ბითაძე ადრიატიკის ლიგაშიც აგრძელებს ასპარეზობას

ყველასთან თამაში შეგვიძლია

EuroLeague.net: შემდეგ მატჩში ბუდუჩნოსტი რეალს მასპინძლობს. რა განწყობით ელით ჩემპიონს პოდგორიცაში?

გოგა ბითაძე: გიჟური თამაში იქნება. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. რეალი მაგარი გუნდია, მაგრამ პოდგორიცაში თამაშებისას ისეთი ატმოსფეროა, რომ წინასწარ მოგებას ვერავინ დაგეგმავს. ჩემმა გუნდელებმა ეს ამ სეზონში ერთხელ უკვე დაამტკიცეს, როცა ცსკა, ბასკონია და ბარსელონა დაამარცხეს. შარშან ბელგრადში მაყურებლის სტატუსით ვუყურებდი მათ თამაშებს ფინალურ ოთხეულში და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ წელიწადში რეალის წინააღმდეგ თამაში მომიწევდა. შანსი მაქვს და უნდა გამოვიყენო, მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯები. 

EuroLeague.net: რას ველოდოთ ბუდუჩნოსტისგან ამ სეზონში?

გოგა ბითაძე: მიუხედავად ჩვენი სატურნირო მდგომარეობისა, უკვე ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი ვართ. ახლა ბევრი ახალი მოთამაშე და ახალი მწვრთნელი გვყავს და კიდევ გვაკლია შეთამაშება. ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში! ცოტა იღბალიც და ბაიერნთან და მაკაბისთან საგარეო მატჩებსაც მოვიგებდით. ბევრი თამაში დარჩა ჯერ კიდევ, ჩვენ არ ვნებდებით. რაც შეიძლება მეტი გუნდი უნდა დავამარცხოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები