Thumbnail

არც ატლეტიკოს ფანატების ხვეწნამ გაჭრა - დიეგო გოდინმა ახალი კლუბი მოძებნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მადრიდის ატლეტიკოს ურუგვაელი მცველი კლუბს მომავალ ზაფხულს დატოვებს
  • ატლეტიკოს 32 წლის კაპიტანი ორწლიან კონტრაქტზე მილანის ინტერს შეუთანხმდა
  • დიეგოს ატლეტიკოში დარჩენა სურდა, მაგრამ კლუბმა გამონაკლისი არ დაუშვა  

როგორც ჩანს, დიეგო გოდინის ეპოქა მადრიდის ატლეტიკოში დასასრულს მიუახლოვდა. 32 წლის ურუგვაელი მცველი, რომელმაც გასულ უქმეებზე კლუბის მაისურით 371-ე მატჩი ჩაატარა, მომავალ ზაფხულში მილანის ინტერში გადასვლას დათანხმდა. 

ატლეტიკოს კაპიტნის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ესპანური და იტალიური მედია რადიო Cadena SER-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობით, შეთანხმება მილანურ კლუბსა და ურუგვაელ ფეხბურთელს შორის ორწლიანი იქნება და გოდინი "ნერაძურიში" სეზონში 5,5 მილიონ ევროს მიიღებს. 

ახლახან ატლეტიკოს ფანატები დიეგოს კლუბში დარჩენას აქციით ითხოვდნენ

ტრანსფერზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ დიეგო თავისი ამჟამინდელი კლუბის მიმართ პატივისცემის ნიშნად, რომელთანაც კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება, გადასვლაზე თანხმობას არ ამბობდა და არც წინასწარ შეთანხმებას აფორმებდა. ის მოელოდა, რომ მადრიდელები პრინციპებზე უარს იტყოდნენ და ერთ წელიწადზე უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებდნენ. მაგრამ ატლეტიკომ, მიუხედავად კაპიტნის სტატუსისა, მცველთან თანამშრომლობა მაინც მხოლოდ ერთი წლით მოინდომა, როგორც ამას 30 წელს გადაცილებულ ყველა სხვა ფეხბურთელთან მიმართებაში აკეთებს.

და მაშინ, როდესაც ატლეტიკოსგან საკადრისი წინადადების მიღების იმედი გადაეწურა, გოდინმა საბოლოოდ ინტერში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

ფეხბურთელს მშობლიურ სეროსა და ნასიონალში უთამაშა, ატლეტიკომდე კი, რომლის ღირსებას 2010 წლიდან იცავს, ვილიარეალში გამოდიოდა. 

მიმდინარე სეზონში დიეგომ ატლეტიკოს მაისურით 21 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.

დიეგო გოდინი იმ ფეხბუთელთა ათეულშია, რომლებსაც ატლეტიკოში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები