Thumbnail
  • ესპანურ სარაგოსაში სინჯებზე ორი ქართველი ფეხბურთელია
  • 20 წლის გიორგი ჩოჩიშვილის მიზნები და ესპანური შთაბეჭდილებები

როგორც ჩანს, გიორგი პაპუნაშვილის კარგმა თამაშმა ქართველი ფეხბურთელების მიმართ სარაგოსას ინტერესი გააღრმავა. ამ დროისთვის, სარაგოსაში სინჯებზე ორი ახალგაზრდზა ფეხბურთელია: 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი და 18 წლის ნახევარმცველი ლევან გრძელიძე. ორივეს კარგი შანსი აქვს, რომ ესპანურ კლუბთან ხელშეკრულება გააფორმოს. 

ამჯერად, ყურადღებას გიორგი ჩოჩიშვილზე შევაჩერებთ, რომელიც საბურთალოს სკოლის აღზრდილია, ესპანეთში წასვლამდე კი ბოლნისის სიონში ირიცხებოდა. popsport.com-ს გიორგიმ ესპანური შთაბეჭდილებები გაუზიარა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...

popsport: უკეთ გავაცნოთ თავი გულშემატკივარს. ესპანეთში წასვლამდე ბოლნისის სიონში თამაშობდი. გაიხსენე კარიერის პირველი ეტაპი...

ჩოჩიშვილი: სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან ბოლნისის სიონში გატარებული პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება. თავის გამოჩენის შანსი პრაქტიკულად არ მეძლეოდა და უსამართლოდ ვიჩაგრებოდი. ყველას არ ეხება, მაგრამ იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ჩემი წარმოჩენა არ სურდა. ასე რომ, ამ თემაზე საუბარი დიდად არ მსურს.

popsport: როდის დაგიკავშირდნენ ესპანელები და როგორ აღმოჩნდი სარაგოსაში?

ჩოჩიშვილი: საქართველოში ფუნქციონირებს ერთ-ერთ წარმატებული კომპანია, რომელიც ფეხბურთელთა სელექციით არის დაკავებული. სწორედ ამ კომპანიის და კერძოდ ლევან ზუხბაიას, მიშა ხუციშვილის და მამუკა ლომიძის დახმარებით აღმოვჩნდი სარაგოსაში. ჩამოვედი სინჯებზე და საწვრთნელ პროცესში ვარ ჩართული. 

გიორგი ჩოჩიშვილი
ფოტო: GFF.GE-დან

popsport: როგორ შეეგუე ახალ გარემოს და რა ეტაპზეა ტრანსფერის საკითხი?

ჩოჩიშვილი: კარგად შევეწყვე ახალ გარემოს. ესპანეთი საფეხბურთო სამყაროს ცენტრად მოიაზრება და მიხარია, რომ ასეთ გარემოში მოვხვდი. უკვე 6-7 ვარჯიში მქონდა, უახლოეს დღეებში ამხანაგურ შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას და შემდეგ ხელშეკრულების საკითხიც გადაწყდება. რაც შეეხება სარაგოსას, ამ გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თბილი გარემო დამხვდა, სადაც თავი კომფორტულად ვიგრძენი. გუნდს საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს მთელ ესპანეთში. მხოლოდ საქებარი სიტყვები შემიძლია ვთქვა გუნდის მწვრთნელებზეც.  

popsport: სარაგოსას მთავარ გუნდში მოიაზრები თუ ამ ეტაპზე, მეორე გუნდში?

ჩოჩიშვილი: სიმართლე ვითხრათ, არ ვიცი, ამ ეტაპზე მოვიაზრები თუ არა მთავარ გუნდში და დღეს, ეს არც არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ კლუბთან ხელშეკრულება გავაფორმო და აქ დავრჩე, შემდეგ კი მზად ვარ, შრომით და თავდადებით მწვრთნელების მოწონება დავიმსახურო და სარაგოსას მთავარ გუნდში დავწინაურდე.

popsport: სარაგოსას მთავარ მწვრთნელთან და კლუბის მესვეურებთან თუ გქონდა საუბარი?

ჩოჩიშვილი: სარაგოსას მთავარი გუნდის მწვრთნელთან არ მისაუბრია, თუმცა მუდმივი კომუნიკაცია მაქვს სარაგოსას ბ გუნდის თავკაცთან და ასევე, მეკარეების მწვრთნელთან, რომლებმაც ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. მეც ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მავალებენ.

popsport: გუნდში შენთან ერთადაა ლევან გრძელიძე. როგორ შეეწყო გარემოს და რჩება თუ არა სარაგოსაში?

ჩოჩიშვილი: ლევან გრძელიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ასაკში. კარგად შეეწყო გუნდს და უკვე წარმოაჩინა თავი. ხელშეკრულების საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ლევანი უნიჭიერესი მოთამაშეა და გუნდს აუცილებლად გამოადგება. 

popsport: სარაგოსაში გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს. ალბათ გეხმარებათ ადაპტაციის გავლაში...

ჩოჩიშვილი: ჩამოვედით თუ არა სარაგოსაში, გიორგი გვერდში დაგვიდგა და ძალიან ბევრ საკითხში დაგვეხმარა. ავტორიტეტი აქვს გუნდში და გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელია.  

გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ჩოჩიშვილი და ლევან გრძელიძე

popsport: რა გეგმები გაქვს ახლო და შედარებით შორეულ მომავალში?

ჩოჩიშვილი: რეალისტი ვარ და მხოლოდ უახლოეს გეგმებს ვისახავ. ამ ეტაპზე, ჩემი ერთადერთი მიზანი სარაგოსასთან კონტრაქტის გაფორმება და ესპანეთში დარჩენაა. ჯერჯერობით, მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული.

popsport: არის თუ არა შენი მიზანი და მთავარი მოტივაცია, რომ საქართველოს ნაკრების ნომერი პირველი მეკარე გახდე?

ჩოჩიშვილი: რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრებში მოვხვდე, დავიმკვიდრო ადგილი და ვითამაშო. ეროვნული გუნდი ჩემთვის განსაკუთრებული მოტივაციაა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე მხოლოდ სარაგოსაზე ვარ კონცენტრირებული.

popsport: და ბოლოს, ვინ არის შენი ფავორიტი მეკარე?

ჩოჩიშვილი: ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერია. ის ერთადერთი და განუმეორებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები