Thumbnail

ჰარი კეინის სამწუხარო დიაგნოზი - უგო ლორისს ეს არ აშინებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემის თავდამსხმელმა მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო
  • 25 წლის ინგლისელი დორტმუნდთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოტოვებას რისკავს
  • თანაგუნდელის ტრავმაზე კომენტარი ლონდონელთა მეკარე უგო ლორისმა გააკეთა

ტოტენჰემის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და სულ ცოტა, ერთი თვე ვერ ითამაშებს. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა კოჭი 13 იანვარს, ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში მანჩესტერ იუნაიტედთან (0:1) დაიზიანა.

ამრიგად, ჰარი კეინი ტოტენჰემს დიდი ალბათობით ვერ დაეხმარება ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ მატჩში დორტმუნდის ბორუსიასთან, რომელიც 13 თებერვალს, ლონდონში გაიმართება.

ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე და მკურნალობის ზუსტი ვადები მას შემდეგ გაირკვევა, რაც დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ. 

ლიდერის ტრავმას გუნდის მეკარე უგო ლორისი გამოეხმაურა. ფრანგის თქმით, "დეზები" პრემიერლიგაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას კეინის გარეშეც გააგრძელებენ:

"ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია კეინი ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ ტოტენჰემი მხოლოდ კეინი არაა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და თითოეული ფეხბურთელი გუნდისთვის იბრძვის. არიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, მაგრამ მთავარი მაინც გუნდია. ჩვენ ჯერ კიდევ ყველა ტურნირში ვაგრძელებთ გამოსვლას, მიზანი კი პრემიერლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა".

ლორისი მიიჩნევს, რომ ტოტენჰემი ამოცანებს თავს კეინის გარეშეც გაართმევს

მიმდინარე სეზონში კეინმა ყველა ტურნირის 31 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 20 გოლი და მიითვალა 6 საგოლე პასი.

ბოლო დროს იწერებოდა, რომ ინგლისელი თავდამსხმელის გადაბირებით მადრიდის რეალია დაინტერესებული, ტოტენჰემი კი მის სანაცვლოდ 350 მილიონ ევროს ითხოვს.

ტოტენჰემი ინგლისის ჩემპიონატში გასული 22 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მესამეა. მასზე წინ მანჩესტერ სიტი და ლივერპულია.

კომენტარები

ბოლო ამბები