Thumbnail

NBA | ჰარდენის სასწაული - 57 ქულა და კობი ბრაიანტის შედეგი გაუმჯობესებულია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯეიმს ჰარდენმა მემფისთან კიდევ ერთი გრანდიოზული მატჩი ჩაატარა
  • 112:94 მოგებულ შეხვედრაში ჰიუსტონის ლიდერმა 57 ქულა ჩააგდო
  • ამით მან ლეგენდარული კობი ბრაიანტის მიღწევა გააუმჯობესა

აი, რატომაა ჯეიმს ჰარდენი მოქმედი MVP! ჰიუსტონ როკეტსის სუპერვარსკვლავმა დაუჯერებელი სერია არც მემფისთან შეწყვიტა - უფრო მეტიც, მან 57 ქულა (!!!) ჩააგდო და ეს იმ დროს, როცა ჰიუსტონმა სულ 112 ქულა მოიპოვა.

ამრიგად, "The Beard" (“წვერი”) რეკორდს რეკორდზე ამყარებს. ჯერ ერთი, ჰარდენმა პირველივე ტაიმში შეძლო გრანდიოზული შედეგის დადება - მატჩის პირველ ნახევარში 36 ქულა აქამდე ჰიუსტონის ისტორიაში არცერთ სხვა კალათბურთელს არ გაუკეთებია.

მეორე: ჰარდენი უილტ ჩემბერლენის უძველეს, 1964 წელს დამყარებულ რეკორდს უმიზნებს - NBA-ს ლეგენდამ მაშინ ზედიზედ 20 მატჩში შეძლო 30-ზე მეტი ქულის დაგროვება. ჰარდენმა ეს ამ სეზონში უკვე ზედიზედ 17 შეხვედრაში გააკეთა, რითაც კობი ბრაიანტის (2003) და კარიმ აბდულ-ჯაბარის (1972) რეკორდები გააუმჯობესა. მათ მინიმუმ 30 ქულის ჩაგდება ზედიზედ 16 მატჩში ჰქონდათ მოხერხებული.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჰარდენისთვის ეს მესამე ისეთი თამაში იყო, რომელშიც 50-ზე მეტი ქულა დააგროვა, კარიერაში კი ასეთი რამ 12-ჯერ აქვს გაკეთებული. ამით ის ლებრონ ჯეიმსს დაეწია! 50-ზე მეტი ქულა უფრო ხშირად მხოლოდ უილტ ჩემბერლენს, მაიკლ ჯორდანს, კობი ბრაიანტს, ელჯინ ბეილორსა და რიკ ბერის აქვთ ჩაგდებული.

თამაშის ბოლოს ჰარდენი ძალიან ახლოს იყო პირადი, 60-ქულიანი რეკორდის გაუმჯობესებასთან. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში მემფისი ჰარდენისთვის განსაკუთრებით კომფორტული მეტოქეა, რადგან წინა ორ მატჩში სამმაგი დუბლი დუბლი შეუსრულა (30 და 40 ქულებით).

ჰარდენი ამ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 44,5 ქულას აკეთებს მაშინ, როცა კაპელა და პოლი არ თამაშობენ

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰიუსტონს ამ შეხვედრაში სამი სტარტერი, კლინტ კაპელა, კრის პოლი და ერიკ გორდონი აკლდა! და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ჯეიმს ჰარდენი ამ სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 44,5 ქულას აკეთებს მაშინ, როცა კაპელა და პოლი არ თამაშობენ.

ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მემფისმა კი ბოლო 9 მატჩიდან მე-8 წააგო და მხოლოდ ფინიქსს უსწრებს.

📺 ვიდეო: ჯეიმს ჰარდენის 57 ქულა მემფისთან

კომენტარები

ბოლო ამბები