Thumbnail

ჩემპიონი მწვრთნელი დირექტორად - არგენტინის ნაკრებს მენოტიმ უნდა მიხედოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მწვრთნელი ‘ალბისელესტეს’ შეფად დანიშნეს
  • სესარ ლუის მენოტი არგენტინის ნაკრების გენერალური დირექტორი გახდა

ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა, არგენტინული ფეხბურთის ხელმძღვანელებმა ბოლოს ასეთი რამ მოიფიქრეს: არგენტინის კრიზისში მყოფ ნაკრებს ახალი შეფი ჰყავს - სესარ ლუის მენოტი “ალბისელესტეს” გენერალური დირექტორი გახდა. ვინც არ იცის: მენოტი ის კაცია, ვინც 1978 წელს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. 

1978 წელი: მენოტი მსოფლიოს თასით

მენოტი უკვე 80 წლისაა, მაგრამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში სჯერათ, რომ პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას 10-წლიან გეგმას შეასრულებს. გეგმა ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებს გულისხმობს. “კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში, სესარ!” - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ფედერაციამ ტვიტერზე.

ცოტა ხანში, მენოტი არგენტინის ნაკრების მწვრთნელ ლიონელ სკალონის შეხვდება და მას გუნდის მომავალზე გაესაუბრება. როგორც იცით, სკალონიმ “ალბისელესტე” მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ ჩაიბარა და კონტრაქტი ბრაზილიაში დაგეგმილ კოპა ამერიკამდე აქვს (14 ივნისიდან 7 ივლისამდე).

მენოტის უდიდეს სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა და ის ე.წ. “მემარცხენე ფეხბურთის” ფილოსოფიას ქადაგებდა, რაც არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ ლამაზი და ესთეტიკური ფეხბურთის თამაშს გულისხმობს. ამიტომ, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ფანი ჰყავს.

მენოტი არგენტინის ნაკრებს 1974-დან 1983 წლამდე წვრთნიდა, საკლუბო დონეზე კი სხვა გუნდებთან ერთად, ბარსელონას და მადრიდის ატლეტიკოს, ასევე არგენტინულ გრანდებს, ბოკა ხუნიორსსა და რივერ პლეიტს ედგა სათავეში. ბოლოს ის მექსიკური ტეკოსის დამრიგებელი გახლდათ (2008).

კომენტარები

ბოლო ამბები