Thumbnail
  • 📅 16 იანვარი | ⌚ 21:30 | ⚽ იუვენტუსი V მილანი
  • იტალიის სუპერთასის მატჩი პირველად საუდის არაბეთში ტარდება
  • იუვენტუსი და მილანი ჯილდოს მერვედ მოგებისთვის იბრძოლებენ

მრავალფუნქციური სტადიონი და სპორტული კომპლექსი "მეფე აბდულა სპორტს სითი", ასევე ცნობილია სახელწოდებით "ძვირფასი ქვა" და ის თავისი ბრწყინვალებით თვალს მართლაც ახარებს. საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდას ჩრდილეთით მდებარე ამ მდიდრულ არენაზე კი იტალიის 2018 წლის სუპერთასის მატჩი უნდა გაიმართოს, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ტურინის იუვენტუსი და მილანი წარსდგებიან.

იტალიის სუპერთასის მატჩის, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონი და თასის მფლობელი უპირისპირდებიან, შუაგულ სეზონში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარება ტრადიციად დიდი ხანია იქცა. როდესაც იტალიის ჩემპიონობას და იტალიის თასს ერთი გუნდი იგებს, სუპერთასისთვის ბრძოლის შანსი თასის ფინალისტს ეძლევა და ეს წესი მოქმედებს ამჯერადაც - მილანი იტალიის თასის ფინალისტია (ჩემპიონმა იუვემ 4:0 მოუგო). 

იტალიის სუპერთასის ისტორია 1988 წლიდან იწყება. 1988-1992, 1994-2001, 2004-2008 წლებში და 2010 წელს სუპერთასის მატჩს სერია A-ს ჩემპიონი მასპინძლობდა, 2013 წელს კი - იტალიის თასის გამარჯვებული. 1993 და 2003 წლებში მატჩი აშშ-ში ჩატარდა, 2002 წელს - ლიბიაში, 2009, 2011, 2012 და 2015 წლებში - ჩინეთში, 2014 და 2016 წლებში კი - ყატარში. 

იტალიის სუპერთასი 2018. იუვენტუსი V მილანი

მეფე აბდულა, რომელიც 62345 მაყურებელს იტევს, დიდებული სანახავია

იტალიის სუპერთასი 2018. იუვენტუსი V მილანი

ბრწყინვალება არც სტადიონის ინტერიერს დაეწუნება 

იტალიის სუპერთასი 2018. იუვენტუსი V მილანი

იტალიის სუპერთასს, რომელიც 31-ედ თამაშდება, საუდის არაბეთი პირველად მასპინძლობს

დასვენებული იუვე და დაქანცული მილანი

მომავალ დაპირისპირებაში ფავორიტები აშკარად ტურინელები არიან. "ბებერი ქალბატონი" სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს და მიმდინარე სეზონში შიდა ასპარეზზე დაუმარცხებელია. ყველაფერთან ერთად, მასიმილიანო ალეგრის გუნდს გასულ შაბათს არც იტალიის თასის ⅛-ფინალში დასჭირვებია ძალების დაძაბვა. ტურინელთა მწვრთნელმა რამდენიმე ლიდერი სულაც დაასვენა, მოედანზე გასულებმა კი იოლად აჯობეს სტუმრად ბოლონიას (2:0).

პაულო დიბალა და კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთში მშვენიერი განწყობით გაემგზავრნენ

მილანმა კი გენუაში სამპდორიასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა. მეტოქეებმა ძირითად დროში ანგარიში ვერაფრით გახსნეს და მხოლოდ ოვერტაიმში შეცვლაზე შესულმა კუტრონემ, ოთხ წუთში გაფორმებული დუბლთ მოაგებინა "როსონერის". მოგება კარგია, მაგრამ ჯენარო გატუზოს შეგირდებმა დიდი ენერგია დახარჯეს და იმ თამაშიდან სუპერთასამდე სულის მოსათქმელად სულ სამი დღე აქვთ. პლუს, მგზავრობა და აკლიმატიზაცია…

ბოლოს მილანმა იტალიის სუპერთასი 2016 წელს, სწორედ იუვენტუსთან გამარჯვებით მოიპოვა

ტურინის იუვენტუსში ტრავმები აქვთ მარიო მანჯუკიჩს, ანდრეა ბარძალის, დანიელე რუგანის, მედჰი ბენატიას, ჟოაო კანსელოსა და ხუან კუადრადოს.

მილანს ამავე მიზეზით მატია კალდარა, ლუკას ბილია და ჯაკომო ბონავენტურა აკლია. იუვენტუსთან ვერც სუსო ითამაშებს, რომელიც სერია A-ში სპალ-თან მატჩში გააძევეს და დისკვალიფიკაცია სუპერთასზეც ვრცელდება.  

📷 მილანი ჯიდაშია

საინტერესო ფაქტები

⚽ იტალიის სუპერთასი 1988 წლიდან თამაშდება. ტიტული ყველაზე მეტჯერ ტურინის იუვენტუსს და მილანს აქვთ მოგებული - 7-7-ჯერ.

⚽ იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი ბოლოს 2015 წელს მოიგო. მას შემდეგ ტურინელები ჯერ მილანთან დამარცხდნენ პენალტები სერიაში (1:1, 3:4), მომდევნო წელს კი - ლაციოსთან (2:3). 

⚽ იუვენტუსისა და მილანის ბოლო 60 დაპირისპირებიდან უპირატესობა ტურინელების მხარესაა - 30 მოგება, 14 ფრე, 16 მარცხი. ბურთების შეფარდება 87:59-თან.

⚽ ამ გუნდების ბოლო მატჩი სერია A-ში გაიმართა და იუვეს მოგებით დასრულდა (2:0), ყველა ტურნირში კი ტურინელებმა ზედიზედ 6 თამაშში აჯობეს მილანს - გაუტანეს 15 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 3.

⚽ მილანს სერია A-ში ბოლო 5 თამაშიდან 4-ში გოლი არ გაუტანია, იუვენტუსი კი ყველა ტურნირში ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ორ გოლს იტანს.

⚽ იტალიის 2016 წლის სუპერთასის მატჩში, მილანის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთვის პენალტის ნიშნულიდან გატანა მარიო მანჯუკიჩმა და პაულო დიბალამ ვერ მოახერხეს.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, რონალდო, დუგლას კოშტა.

მილანი (4-4-2): დონარუმა - კალაბრია, საპატა, რომანიოლი, როდრიგესი - ჩალჰანოღლუ, კესიე, ბაკაიოკო, პაკეტა - იგუაინი, კუტრონე.

კომენტარები

ბოლო ამბები