Thumbnail

'დედაჩემი სამჯერ ახსენა' - მარკ ბარტრა ვინისიუს ჟუნიორთან კონფლიქტზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩში რეალის 19 წლის თავდამსხმელმა ბეტისის მცველს აგინა
  • თამაშის შემდეგ 27 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა მეტოქესთან ინციდენტზე ილაპარაკა 

ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრა, რომელშიც რეალმა სტუმრად სევილიაში ბეტისი გაჭირვებით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა, მასპინძელთა მცველის მარკ ბარტრას და მასზე 8 წლის უმცროსი, სტუმართა თავდამსხმელის ვინისიუს ჟუნიორის კონფლიქტითაც გამოირჩა.

მეტი ამ თემაზე: სებალიოსის გადამწყვეტი ჯარიმა! რეალმა ბეტისს ბოლო წუთზე მოუგო

ფეხბურთელებს თამაშის განმავლობაში ერთმანეთთან ორთაბრძოლა არაერთხელ მოუხდათ და შედეგად, გაწევ-გამოწევაც ჰქონდათ. თამაშის შემდეგ ბეტისის ფეხბურთელმა ბრაზილიელ ფორვარდთან დაპირისპირებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ვინისიუსმა მას შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენა:

"ვინისიუსმა მატჩის დიდი ნაწილი გაზონზე გორაობაში უფრო გაატარა, ვიდრე თამაშში. ვთხოვე, რომ მუდმივად ძირს დაცემისგან თავი შეეკავებინა, მან კი თავისი შვილი მიწოდა… ასე ვთქვათ, სამჯერ ახსენა დედაჩემი.

მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო და სასწავლი, მაგრამ ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვხედავ, რომ ის რეალში თამაშის ღირსი იყოს", - აქვეყნებს ბარტრას ნათქვამს AS.

27 წლის მარკ ბარტრამ პროფესიონალური კარიერა ბარსელონაში დაიწყო, ბეტისამდე კი დორტმუნდის ბორუსიაშიც გამოდიოდა. კატალონიელ მცველს ესპანეთის ნაკრებში 14 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.

19 წლის ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალში 2018 წლის ზაფხულში, ბრაზილიური ფლამენგოდან გადავიდა. რეალის მთავარი გუნდის მაისურით მის ანგარიშზე ლა ლიგის 8 მატჩში ერთი გოლია.

ბეტისთან გამარჯვების შემდეგ, სანტიაგო სოლარის გუნდს 33 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ლიდერ ბარსელონას კი 10 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები