Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა, თუმცა შანსს ინარჩუნებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა
  • ჯორჯე რაშიჩის გუნდი ევრო 2022-ზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მალტაში იასპარეზა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა ხელბურთელებმა მალტის ნაკრები ადვილად დაამარცხეს 48:21, შედარებით რთული იყო აზერბაიჯანთან გამარჯვება 25:17, გადამწყვეტ პაექრობაში კი სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები კვიპროსთან დამარცხდა, 24:25 და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა. შესაბამისად, მთავარი შესარჩევი ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა მიზნის მიღწევა ჯერ კიდევ შეიძლება.

2019 წლის 10-16 ივნისს გაიმართება განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი, რომელშიც ის ექვსი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც პირველ შესარჩევ ციკლში ვერ მიაღწიეს დასახულ მიზანს. ეს გუნდებია: საქართველო, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, ირლანდია. 

ტურნირის ჩატარების ადგილი და ფორმატი მოგვიანებით გამოცხადდება, ერთი გუნდი კი გავა პლეი ოფში და შეუერთდება კვიპროსს და ლუქსემბურგს, რომლებმაც პირველ შესარჩევ ციკლში მიაღწიეს წარმატებას. შემდეგ იწყება პლეი ოფები და გრძელი გზა, რომლის ბოლოც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა. შესარჩევი ეტაპის სრული ფორმატი და ბადე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველო 24:25 კვიპროსი
ფოტოები: საქართველოს ხელბურთის ფედერაციის FB გვერდიდან

 

კომენტარები

ბოლო ამბები