Thumbnail

ჰაცუ ბაშოს წინ | შარშან იყო იმპერატორის თასი, რას მიაღწევს ტოჩინოშინი წელს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 13-27 იანვარს ჰაცუ ბაშო გაიმართება
  • ოძეკი ტოჩინოშინი ჰოკუტოფუჯისთან ბრძოლით იწყებს
  • გაგამარუ ელიტის მეორე დივიზიონს დაუბრუნდა
2018 წლის იანვარი. ტოჩინოშინი იმპერატორის თასით

2018 წლის პირველი დიდი წარმატება ქართულ სპორტში ლევან გორგაძის მოპოვებული იმპერატორის თასი იყო - წლის პირველ ბაშოზე მაშინ ჯერ კიდევ ელიტის რიგითი სუმოისტი ტოჩინოშინი მწვერვალს შეწვდა - ბაშოზე 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო (მარტო დიდ ჩემპიონ კაკურიუსთან დამარცხდა) და კარიერაში პირველად გახდა ბაშოს ჩემპიონი. 

ახლა, 13 იანვარს ტოკიოში სწორედ იანვრის (ჰაცუ) ბაშო იწყება. 31 წლის ლევან გორგაძე უკვე ჩემპიონის (ოძეკი) რანგში ხვდება ამ სუპერტურნირს. ქართველი წლის სუმოისტია (ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო) და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთი ბაშო მძიმე დაშავების გამო გამოტოვა, ბრძოლების თითქმის ნახევარში კი მცირე და არცთუ მცირე ტრავმებით იჭიდავა.

სამწუხაროდ, წლის პირველ ბაშოს ტოჩინოშინი კვლავ ტრავმირებული ხვდება - რამდენიმე დღის წინათ, მან ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი კინაღამ გაიწყვიტა, თუმცა გადაწყვიტა, რომ დაზიანებული ფეხითაც შეძლებს ჰაცუ ბაშოზე გამოსვლას

შეგახსენებთ, რომ თუ ტოჩინოშინი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, შემდეგ, მარტის ბაშოზე მას ოძეკის ტიტულის დაცვა მოუწევს. ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი იანვრის ბაშოს გამოტოვებდა. 

ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე

2018 - 14-1 (ჩემპიონი)
2017 - 0-6-9 (ტრავმა)
2016 - 6-9
2015 - 6-9
2014 - ----
2013 - 9-6
2012 - 10-5
2011 - 4-11
2010 - 5-10
2009 - 8-7
2008 - 12-3 (ჯურიოს ჩემპიონი)
2007 - 5-2 (მაკუშიტას დივიზიონი)

მეორე მაეგაშირებით იწყებს

ჩემპიონები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან

ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის (2:1 ურთიერთშეხვედრებში) შეხვდება. ხოლო მეორე დღეს მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ნიშიკიგი (3:1 ურთიერთშეხვედრებში) იქნება. 

დოჰიო მზადაა

ჯურიოს (მე-2) დივიზიონს დაუბრუნდა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), ვინც პირველ დღეს 22 წლის მონღოლი რიკიში კირიბაიამა იქნება, რომელიც მე-3 დივიზიონ მაკუშიტას პირველი ნომერია. გაგამარუ ჯურიოს დივიზიონის მე-14 ნომერია, ის უკანასკნელია ელიტის რეიტინგში და თუ ბაშოს დადებითი ბალანსით არ დაასრულებს, ელიტის სუმოისტის სტატუსს კვლავ დაკარგავს. 

ბაშოს დაწყებამდე 1 დღით ადრე ყველა სუმოისტი მწყობრშია და ტურნირის გამოტოვებას არავინ აპირებს. 

ბაშოს დაწყებამდე საათები რჩება

პირველი დღის მთავარი ბრძოლები

კისენოსატო V მიტაკეუმი

ჰაკუჰო V მიოგირიუ

კაკურიუ V ტოჩიოძანი

ტაკაიასუ V იჩინოჯო

გოეიდო V ნიშიკიგი

ტოჩინოშინი V ჰოკუტოფუჯი

ტაკაკეიშო V შოდაი

ტამავაში V შოჰოზანი

კომენტარები

ბოლო ამბები