Thumbnail
  • 25 წლის ინგლისელის გადაბირება, სამეფო კლუბის გარდა, ბარსასაც სურს
  • ლონდონელები პრემიერლიგის ბომბარდირს 350 მილიონ ევროდ დათმობენ

ტოტენჰემ ჰოთსპური მზადაა, გუნდის ლიდერი ჰარი კეინი 350 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. ამის შესახებ ინფორმაციას AS ავრცელებს, რომლის ცნობით, სწორედ ეს ფასი დაადეს "დეზებმა" ინგლისის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლამდე აქვთ გაფორმებული.

ტოტენჰემის თავდამსხმელმა ყველა ტურნირის ბოლო 6 მატჩში ჯამში 8 გოლი შეაგდო. 

ჰარი კეინით, რომელმაც ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 14 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის შესრულება უკვე მოასწრო, მადრიდის რეალიცაა დაინტერესებული. როგორც ირკვევა, "სამეფო კლუბის" წარმომადგენელი ტოტენჰემის ხელმძღვანელობას ფეხბურთელის სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საშობაო არდადეგებამდე ელაპარაკა.

მედიის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, თუკი თავდამსხმელის სანაცვლოდ დასახელებულ თანხას გადაიხდიან. მანამდე იწერებოდა, რომ კეინით დაინტერესებულია ბარსელონაც, რომელიც ინგლისელში 224 მილიონ ევროს იხდის.

ინგლისელთა კაპიტანი 6 გოლით 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 

თუ კეინის ტრანსფერი განხორციელდა, ის ფასით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული იქნება. შეგახსენებთ, რომ ახლა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ნეიმარია, რომელიც 2017 წელს პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონადან 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

ჰარი კეინი ლონდონის ტოტენჰემის ფეხბურთელია 2011 წლიდან, თუმცა 2013/14 წლების სეზონამდე იჯარით სხვადასხვა კლუბებში, მათ შორის ლესტერსა და ნორვიჩში გამოდიოდა.  

ამჟამად კეინი 14 გატანილი გოლით, ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია პიერ-ემერიკ ობამეიანგთან (არსენალი) ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები