Thumbnail

NBA | 43-ქულიანი ტრიპლ-დაბლი - ჰარდენი NBA-ს ისტორიაში პირველია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა
  • ჯეიმს ჰარდენის სამმაგი დუბლით ჰიუსტონმა კლივენლენდს მოუგო - 141:113
  • 19 წლის ლუკა დონჩიჩმა მინესოტა-დალასის მატჩის ბედი გადაწყვიტა - 119:115

სათამაშო დღის მთავარი გმირი ჰიუსტონის გამთამაშებელი ჯეიმს ჰარდენია, რომელმაც კლივლენდ კავალიერსთან საშინაო მატჩში (141:113) სამმაგი დუბლი მიითვალა. ჰარდენმა 43 ქულა ჩააგდო, 12 პასი და 10 მოხსნა მიითვალა, რასაც 2-2 ჩაჭრა და დაფარება დაუმატა. როკეტსის მცველმა პერიმეტრიდან 16-ჯერ ისროლა და აქედან 8 ზუსტად. პლუს, 11-ივე საჯარიმო ჩააგდო.

რაც ყველაზე მთავარია, ჰარდენმა სამმაგი დუბლი უკვე მესამე მეოთხედში შეასრულა, პარკეტზე კი იმ დროისთვის 29:34 წუთი ჰქონდა გატარებული. 29 წლის სუპერვარსკლავი NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც 40-ქულიანი სამმაგი დუბლი 30 წუთზე ნაკლებ დროში შეასრულა.

ამასთან, ჰარდენი ბოლო 15 მატჩში საშუალოდ 40,5 ქულას აგროვებს, ასეთი შედეგი ლიგის ისტორიაში კი უწინ მხოლოდ კობი ბრაიანტს ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში ჯეიმსის საშუალო მაჩვენებელი 34,1 ქულა, 8,7 პასი,, 6,1 მოხსნა, 2,0 ჩაჭრა და 0,6 დაფარებაა 37,1 წუთში.

ჰიუსტონი, რომელმაც 41 მატჩიდან 24 მოიგო, დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეექვსეა.  კლივლენდი (9-34) კი აღმოსავლეთში ბოლო გუნდია. წინა სეზონის ფინალისტებმა ზედიზედ ექვსი თამაში წააგეს.

19 წლის სლოვენიელმა დალასს მინესოტაში მოაგებინა 

დღე გამორჩეული გამოვიდა ლუკა დონჩიჩისთვისაც. დალას მავერიკსის 19 წლის სლოვენიელმა მცველმა მინესოტა ტიმბერვულვზთან სტუმრად მოგებულ მატჩში (119:115) 29 ქულა, 12 პასი და 8 მოხსნა მიითვალა და 2004 წლიდან მოყოლებული, ლებრონ ჯეიმსის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვისაც 25-10 სტატისტიკა ჰქონია. 

დალასისა და მინესოტას დაპირისპირების ბედი ბოლო წუთნახევარში სწორედ დონჩინჩმა გადაწყვიტა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ ჩააგდო - ჯერ ორქულიანები, თამაშის დასრულებამდე 22,9 წამით ადრე კი სამქულიანი. 

დალასმა (20-22) ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, მინესოტა (20-22) კი ბოლო ოთხ მატჩში პირველად წააგო.

სათამაშო დღის ტოპ 10 მომენტი

კომენტარები

ბოლო ამბები