Thumbnail

გვილია პოლონურ გურნიკში გადავიდა - საქართველოს ნაკრებისთვის ასე უმჯობესია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკა მთავარია
  • ნახევარმცველი ზაბჟეს გურნიკში სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარით გაატარებს
  • ვაკო გვილია პოლონურ გუნდთან ერთად კვიპროსულ შეკრებაზე უკვე გაემგზავრა 

გადაწყდა, რომ შვეიცარული ლუცერნისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო (ვალერიან) გვილია კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელი სეზონის მეორე ნაწილს ზაბჟეს გურნიკში იჯარით გაატარებს, რომელსაც უკვე შეუერთდა. 

ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს, რომლის ცნობით, ვაკო შვეიცარიიდან პოლონეთში ჩავიდა, აეროპორტშივე გააფორმა ყველა საჭირო დოკუმენტი და გუნდთან ერთად კვიპროსში გაემგზავრა, სადაც გურნიკი შეკრებას გაივლის.

ზაბჟეს გურნიკი პოლონეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია - ჩემპიონობა 14-ჯერ აქვს მოპოვებული, 6-ჯერ კი პოლონეთის თასი. ამჟამად გუნდის მდგომარეობა პოლონურ ექსტრაკლასაში არცთუ სახარბიელოა - 16-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 20 ტურის შემდეგ, ბოლოსწინა ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

სწორედ ამ მიზნის შესრულებაში უნდა დაეხმაროს გვილია გურნიკს, რომელიც ჩემპიონატს 11 თებერვალს, ვისლასთან საშინაო შეხვედრით განაახლებს.

"ის ჟინიანი ფეხბურთელია, რეგულარულად თამაშობდა და ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კლუბებში, სადაც გამოდიოდა. ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა და ვინაიდან, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია, მისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო. მას ჩვენთან გადმოსვლის სურვილი გაუჩნდა, ჩვენ კი გვჯერა, რომ საგაზაფხულო ეტაპზე ის გუნდში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება”, - ამბობს არტურ პლატეკი, ვინც გურნიკში სატრანსფერო პოლიტიკას განაგებს.

ვაკო გვილიამ კაირერა უკრაინაში დაიწყო, შვეიცარიაში კი ბელარუსული ბატე-დან შარშან იანვარში გადაბარგდა და მალევე იქცა ლუცერნის ერთ-ერთ ლიდერად, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდის მწვრთნელად რენე ვაილერი დაინიშნა, ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა. ვაკომ შვეიცარიის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონის 11 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, პრესაში კი ადრევე დაიწერა, რომ ფეხბურთელი ლუცერნს ზამთარში დატოვებდა.

ვაკოს კარიერა შვეიცარიულ ლუცერნში კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა

ვაკო გვილია ლუცერნში, სადაც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი - ოთარ კაკაბაძე გამოდის, ზაფხულში დაბრუნდება. ვაკოს შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

ვაკო გვილიას ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლია. Transfermarkt.de 24 წლის ქართველ ფეხბურთელს 1,25 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები