Thumbnail

გიორგი ჭანტურიაც უკლუბოდ? ქართველთან კონტრაქტის გაწყვეტას ურალიც აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ეკატერნიბურგის ურალმა 25 წლის ქართველი ფეხბურთელი შეკრებაზე არ წაიყვანა
  • რუსეთში წერენ, რომ გიორგი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაწყვიტავს
  • ოქრიაშვილისა და ანანიძის შემდეგ, ახალი კლუბის მოძებნა ჭანტურიასაც მოუწევს  

ზამთრის ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მოთამაშე მესამე ქართველ ფეხბურთელს მოუწევს ახალი კლუბის მოძებნა. თორნიკე ოქრიაშვილისა და ჯანო ანანიძის შემდეგ, კლუბს გიორგი ჭანტურიაც შეიცვლის. ასეთ ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ.

ინფორმაციას დამაჯერებლობას ის ფაქტი სძენს, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ეკატერინბურგის ურალის ფეხბურთელია, გუნდს კვიპროსულ შეკრებაზე არ გაჰყვა. როგორც sports.ru იუწყება, გიორგი ურალთან კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმები საფუძველზე უახლოეს დღეებში გაწყვიტავს.

ტრავმებმა ჭანტურიას კარიერაც დააზარალა

გიორგი ჭანტურია ეკატერინბურგის ურალის ღირსებას 2016 წლიდან იცავს, მაგრამ ხშირი ტრავმების გამო, მეტწილად ვერ თამაშობდა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას.

ბოლოს ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა შარშან აპრილში მიიღო, როდესაც მუხლის ჯვარიდინი მყესები გაიწყვიტა. ჭანტურიამ მიუნხენში ოპერაცია გაიკეთა, 6-თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ კი მოედანს დაუბრუნდა და მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა - რამდენიმე წუთით რუსეთის თასის ⅛-ფინალში, ნიჟნი ნოვგოროდთან (2:0), სადაც საგოლე პასი მიითვალა.

მას შემდეგ გიორგი ურალის შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა.

გიორგი ჭანტურია საბურთალოს აღზრდილია. პერსპექტიული ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიაში მოხვდა, საიდანაც არნემის ვიტესში გადაბარგდა. გიორგიმ ჰოლანდიურ კლუბში დამკვიდრება ვერ შეძლო და იჯარით ვლადიკავკაზის ალანიასა და რუმინულ კლუჟში ითამაშა. ეკატერინბურგის ურალში გადასვლამდე კი მეორე ბუნდესლიგის დუისბურგში გამოდიოდა.

გიორგი ჭანტურიას საქართველოს ეროვნული ნაკრების 13 შეხვედრაში უთამაშია. მის ანგარიშზე ორი გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები