Thumbnail

ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
  • ჩემპიონი 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდა.
  • 11 იანვარს მედლები კიდევ 5 წონით კატეგორიაში გათამაშდება.

თბილისის ოლიმპიური პარკის ფრენბურთის დარბაზში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 10 იანვარს მედლები 5 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

55 კგ. 

ფინალურ შეხვედრაში ნუგზარ წურწუმია და ზურაბ მაჭარაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა წურწუმიამ გაამართლა ფავორიტის სტატუსი და დიდი უპირატესობით წარმართა შეხვედრა. ნუგზარს წუთზე ნაკლები დასჭირდა ოქროს მედლის მოსაპოვებლად. ზურაბ მაჭარაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

63 კგ.

საინტერესო ბრძოლა შედგა 63 კგ. წონით კატეგორიაში. ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე ჩემპიონმა ლევან ქავჟარაძემ დამაჯერებლად წარმართა შეხვედრა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჭაბუკებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ლევან ქავჟარაძემ ფინალში ლერი აბულაძე დაამარცხა

72 კგ.

დიდ ინტერესს იწვევდა ფინალი, რომელშიც რამაზ ზოიძე და იური ლომაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ზოიძე ტიტულოვანი ფალავანია, არაერთგზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებში, თუმცა ამჯერად დამარცხდა და ოქროს მედალი იური ლომაძეს დაუთმო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლომაძე, რომელიც პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.

რამაზ ზოიძის და იური ლომაძის ფინალი

82 კგ.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა 82 კგ. წონითი კატეგორიის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ტიტულოვანი ფალავნები დაუპირისპირდნენ. ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ორ-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, ლაშა გობაძე ევროპის ორ-გზის ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის. დაძაბულ ორთაბრძოლაში დათუნაშვილმა გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა, გობაძე კი ვერცხლს დასჯერდა.

ზურაბ დათუნაშვილი ლაშა გობაძის წინააღმდეგ

97 კგ.

რევაზ ნადარეიშვილმა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კუკური კირცხალია კი საქართველოს ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, კირცხალიამ ოქროს მედალი სწორედ ნადარეიშვილთან ორთაბრძოლაში მოიპოვა. ეს ორთაბრძოლა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, მძიმე ბრძოლაში გამარჯვება კირცხალიას დარჩა და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 

რევაზ ნადარეიშვილის და კუკური კირცხალიას ორთაბრძოლა

გუშინვე გაიმართა წინასწარი პაექრობები დარჩენილ ხუთ წონაში და გაირკვნენ ფინალური წყვილები. გთავაზობთ ფინალურ წყვილებს:

60 კგ: დავით ჩხარტიშვილი-რამაზ სურმანიძე
67 კგ: შმაგი ბოლქვაძე-თორნიკე ჯანგავაძე
77 კგ: თორნიკე ძამაშვილი-მინდია წულუკიძე
87 კგ: რობერტ კობლიაშვილი-ვარლამ კვარაცხელია
130 კგ: ბექა კანდელაკი-იაკობ ქაჯაია

კომენტარები

ბოლო ამბები