Thumbnail
  • სესკ ფაბრეგასმა ჩელსი დატოვა და მონაკოს შეუერთდა
  • ტრანსფერის ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს ესპანელი

გადაწყვეტილია: სესკ ფაბრეგასი ლონდონის ჩელსის ტოვებს და კარიერას მონაკოში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა და ესპანელ ვარსკვლავს “ტვიტერზე” გამოქვეყნებული ვიდეოთი მიესალმა.

31 წლის ნახევარმცველს მონაკომ სამწლინახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა - სესკმა ამ კლუბს თავისი ბედი 2022 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა. ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ მონაკო ჩელსის 10 მილიონ ევროს გადაუხდიდა, მაგრამ ახალი ინფორმაციით, ფაბრეგასის ფასი ფიქსირებული არ არის. რა დაუჯდება მონაკოს მისი ტრანსფერი? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს სესკი ახალ კლუბში.

ფაბრეგასი ჩელსის გულშემატკივრებს გასულ შაბათს, ასოციაციის თასზე ნოტინგემ ფორესტთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, “სტემფორდ ბრიჯზე” საპატიო წრით დაემშვიდობა. მას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა.

"ძველი" არსენალი: რობინ ვან პერსი, ალიაკსანდრ გლები, სესკ ფაბრეგასი და ტიერი ანრი

მონაკოში ფაბრეგასს ყოფილი თანაგუნდელი, ტიერი ანრი ელოდება, რომელიც ახლა მისი მწვრთნელი იქნება. სესკი და ანრი ერთად არსენალში თამაშობდნენ და ერთად იყვნენ ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის ფინალშიც, რომელიც ლონდონელებმა ბარსელონასთან 1:2 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მონაკომ შალკედან ბრაზილიელი მცველი ნალდოც გადაიბირა.

კომენტარები

ბოლო ამბები